გოგონები თავდაცვაში

დიანა ცერცვაძე და სალომე ნიკიტინი

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დღეს ოთხასამდე იუნკერია – მხოლოდ 18 გოგო. აკადემიაში ჩაბარების მსურველი გოგოების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. თითოეული მათგანი საქმისადმი მაღალპროფესიონალური დამოკიდებულებით, საკუთარი პროფესიის სიყვარულითა და მაღალი აკადემიური მოსწრებით არის იმის დასტური, რომ რეალურად არ არსებობს ქალური და კაცური პროფესიები. დიანა ცერცვაძე და სალომე ნიკიტინი მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები არიან. მათი დღის წესრიგი მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო პირების  ჩვეულებრივი დღისგან.  გოგოები საკუთარი ბრძოლისუნარიანობით, გამძლეობითა და მიზანდასახულობით მუდმივად ამტკიცებენ, რომ ჯარშიც არის ქალების ადგილი. ისინი გვესაუბრნენ რას ნიშნავს იყო ჯარისქალი, რომელი სტრეოტიპი სწყინთ ყველაზე მეტად, რაზე ოცნებობენ და რა მიზნები აქვთ.

რა იყო აკადემიამდე?

დიანა: აკადემიამდე ვცხოვრობდი ისე, როგორც ახლა სხვა დანარჩენი სამოქალაქო პირები – ჩემი მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები. დავამთავრე გორის მე-9 საჯარო სკოლა, ასევე მუსიკალური შვიდწლედი. დავდიოდი სიმღერაზე, ცეკვაზე, მაგრამ ყველაზე მეტად მიხაროდა სიარული კარატეზე , რასაც შვიდი წელიწადი დავუთმე. ვფიქრობ, კარატემ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს როგორც ფიზიკურ, ისე პიროვნულ განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ კარატეში წარმატებული ვიყავი და გარკვეული მიღწევებიც მქონდა, მეთორმეტე კლასიდან თავი დავანებე და აკადემიისთვის დავიწყე მომზადება, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად.  ბავშვობიდანვე მომწონდა ქალი ჯარისკაცები, სამხედრო ფორმა და როცა მომავალი პროფესია უნდა ამერჩია, მშობლებმა თავად მითხრეს აკადემიის შესახებ.

სალომე:  2015 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ საერთოდ სხვა მიმართულებით ვაგრძელებდი სწავლას – სამედიცინოზე ვაბარებდი. განათლების ერთ-ერთ გამოფენაზე შევეჩეხე თავდაცვის აკადემიის სტენდს. იმ წუთებში მივიღე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ან იქნებოდა აკადემია ან არაფერი სხვა.

ოცნება იყო თუ გამოწვევა?

სალომე: დასაწყისში უფრო ოცნება იყო, რადგან ჯარისკაცი, სამხედრო ფორმა  სიწმინდესთან ასოცირდებოდა. შემდეგ, ნელ-ნელა იქცა გამოწვევად. პროცესი, რასაც გავდივართ, მუდმივად საკუთარი თავის ძიებაა, საკუთარი თავისთვის იმის მტკიცება, რომ შემიძლია. ბავშვობაში არ გამოვირჩეოდი არანაირი ფიზიკური ძალითა თუ მონაცემით, არც სპორტული ბავშვი ვყოფილვარ არასდროს. ჩემმა ძმამ, როდესაც ჩემი გადაწვეტილების შესახებ გაიგო, მითხრა, რომ ერთ კვირასაც ვერ გავძლებდი და გამოვიქცეოდი. თუმცა, ყველას ვაჩვენე რამხელა ძალაც მქონდა. არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ კაცი, რაც ძალიან გინდა ის აუცილებლად გამოგივა, როგორ წარმოუდგენლადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს თავიდან.

დიანა: ჩემთვისაც ოცნება იყო აკადემია და ფორმის ჩაცმა. ყველაფერს ვაკეთებდი აქ მოსახვედრად. ძალიან რთული გზის გავლა მომიწია ჩემი ოცნების ასასრულებლად, მაგრამ ყველაფერი ღირდა ამად. ხშირად ვგრძნობ იმ დამოკიდებულებას, რომ ქალი ვერ შეძლებს იყოს სამხედრო პირი, მაგრამ ძალიან ბევრს ვუმტკიცებ და დავუმტკიცებ მომავალშიც, რომ ქალების ადგილი არის ჯარში.

როგორ უნდა მიხვდეს თინეიჯერი გოგო რომ თავდაცვის სფეროშია მისი ადგილი?

დიანა:  ვფიქრობ, სიტყვა მინდა ან მომწონს საკმარისი არ უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანია უყვარდეს და ჰქონდეს პასუხისმგებლობის განცდა. წინასწარ უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ამ საქმისთვის ძალიან ბევრი რამის დათმობა მოუწევს.

სალომე: მნიშვნელოვანია, რომ ძალიან აინტერესებდეს, მეტს კითხულობდეს, მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, თუ  რას მოიცავს  საქმე, რომელსაც ირჩევ და რა უნდა აკეთო, რომ შედგე ნამდვილ პროფესიონალად. რაც შეეხება ფიზიკურ მზაობას, საკუთარი მაგალითი მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ დიდი ფიზიკური მზაობა არაა საჭირო. ახლა რომ ვადარებ საიდან დავიწყე და სად ვარ, რადიკალური განსხვავებაა. ახლა ფიზიკური ძალისა და მზაობის მხრივ საკმაოდ მაღალ საფეხურზე ვიმყოფები.

მხარდაჭერა თუ ეჭვი?

დიანა: ჩემ შემთხვევაში უფრო მხარდაჭერა იყო, რადგან სკოლის ასაკიდანვე გადაწყვეტილი მქონდა აქ ჩაბარება და ყველამ იცოდა. განსაკუთრებით მამაჩემი მიჭერდა მხარს.

სალომე: ჩემთან თავიდან ყველა გაკვირვებული იყო, რადგან სხვა პროფესია მქონდა არჩეული და შესაბამისად საწყის ეტაპზე ეჭვის თვალით უყურებდნენ ჩემს გადაწყვეტილებას სხვები. თუმცა,  მალევე შეიცვალა დამოკიდებულება და ჩემი გარემოცვის მხარდაჭერას ვგრძნობდი, განსაკუთრებით დედა მედგა გვერდში და ვგრძნობდი იმასაც, რომ ჩემით ამაყობდნენ.

რა იქნება აკადემიის შემდეგ?

სალომე:  პირველ კურსზე, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულებისას ვდებთ ათწლიან კონტრაქტს თავდაცვის ძალებთან. აქედან ოთხი წელი ვსწავლობთ, შემდეგ  ექვსი წელი გვაქვს სამუშაო პერიოდი. აკადემიის დამთავრების შემდეგ აუცილებელია სპეციალიზაციის კურსის გავლა. ნაწილი სატანკო საქმეს ირჩევს, მეორე ნაწილი ქვეითს, სხვები არტილერიას, ყველა იუნკერი ფიცის დადების შემდეგ ნაწილდება თავისი სურვილის შესაბამისად სხვადასხვა ბატალიონში, დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობაში. პირადად მე, ქვეითის საქმე მომწონს, და ამასვე ავირჩევ. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მინდა ავღანეთში წავიდე და აქტიურ საბრძოლო ვითარებაში გამოვცადო ჩემი თავი.

დიანა: ჯერ კიდევ  ორი წელი მაქვს წინ. გადაწყვეტილი არ მაქვს, ალბათ ქვეითი გავხდები და შემდეგ დაზვერვის კურსს გავივლი. დაზვერვას ისეთი სპეციფიკა აქვს რომ სულ გარეთ ხარ, სულ ტონუსში, სულ მზაობაში. შესაბამისად, ყველაზე მეტად მაინც ეს მიმართულება მიზიდავს. რაც შეეხება ავღანეთს, ვფიქრობ, აუცილებლად წავალ და ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნის სახელით.

რა არის ყველაზე რთული თქვენს პროფესიაში?

დიანა: ჩემთვის ყველაზე რთული პასუხისმგებლობა და მასთან გამკლავებაა. რაც უფრო დიდხანს მსახურობ და გემატება წლები, მით უფრო იზრდება ეს პასუხისმგებლობის განცდა და ეჩვევი, რომ შენს თავზე აიღო ყველაფერი. ამიტომ, შენი ერთი არასწორი ქმედებაც კი შენს ქვეყანაზე და შენს ხალხზე აისახება.

სალომე: ჩვენთან ჯარისკაცები განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არიან. თუკი ქალი სამხედრო ხარ ყურადღება ასმაგდება, მეტად გადიდებული შუშით გაკვირდებიან. ვფიქრობ,  წარმატების მისაღწევად ქალებს ორმაგი შრომა უწევთ, რათა დაამტკიცონ რომ ისინი ნამდვილად იმსახურებენ ამ ფორმის ტარებას.

გიგრძვნიათ თუ არა განსხვავებული დამოკიდებულება გენდერული ნიშნით?

დიანა: არც საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (კარანტინში) და არც სწავლების დროს კურატორებისგან არ მიგრძვნია. როგორც ბიჭებს ექცეოდნენ, რასაც სთხოვდნენ, ანალოგიურად, ჩვენც იმავე სტანდარტების დაცვით გვთხოვდნენ. წარმოიდგინეთ, 46 კილოგრამი ვიყავი, სიმძიმეების ზიდვას არ ვიყავი მიჩვეული და 24 კილომეტრის გავლა მომიწია ისე, რომ 15 კილოგრამი ზურგზე მქონდა მოკიდებული. ეს სიმწარე არასდროს დამავიწყდება. სამაგიეროდ, ამ გამოცდილებამ დამარწმუნა ყველაზე მეტად საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში. რაც შეეხება თანაკურსელ ბიჭებს, ხუმრობის დონეზე, მაგრამ მაინც მიგრძვნია მათგან განსხვავებული დამოკიდებულება, უთქვამთ ხუმრობით – წადით, რა გინდათ აქ. თუმცა სერიოზულად არასდროს მიმიღია მათი ნათქვამი და არც  გავბრაზებულვარ.

სალომე: შეიძლება ის მომენტიც არის, რომ თვითონ გოგოებს ჰგონიათ, რომ გოგო ვარ და მეტად მაკვირდებიან, მეტად მიმსუბუქებენ რამეს. სინამდვილეში სულაც არ იყოს ასე. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი თავიც დამიჭერია ამ ფიქრებში. მეოთხე წელია აქ ვარ და ყველანაირი დამოკიდებულება გამოვცადეთ, ამიტომ, ცალსახად ვერ ვიტყვით განსხვავდება თუ არა დამოკიდებულება.

სალომე ნიკიტინი

თქვენი აზრით, არსებობს რეალური განსხვავება იუნკერ გოგოსა და იუნკერ ბიჭს შორის?

სალომე: შეიძლება ქალი თავისთვის ფიქრობდეს, რომ მე ქალი ვარ და ჩემი ადგილი აქაა,  კაცი ფიქრობდეს, წადი რა, გათხოვდი, არაა შენი ადგილი ჯარში, მაგრამ ეს ფიქრები მხოლოდ ფიქრებად რჩება. რეალური განსხვავება არ არსებობს: ვჭამთ ერთსა და იმავეს, გვაცვია იდენტურად, ვშრომობთ და ვსწავლობთ ერთნაირად.  ბრძოლის ველზეც არ არსებობს ქალი და კაცი, არსებობს ჯარისკაცი.

დიანა ცერცვაძე

გქონიათ თუ არა მომენტი, როცა გითქვამთ – მივდივარ, დავიღალე?

დიანა: ერთადერთხელ, კარანტინში ყოფნისას ვიფიქრე. მახსოვს,  მეოთხე დღე იყო და ჩემი მეწყვილე გოგო წავიდა. ამ გამოცდილებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, შემეშინდა ყველაზე მეტად, რომ  ვერ გავძლებდი. თუმცა, მოვიკრიბე ძალები და გადავწყვიტე, რომ ბოლომდე მიმეყვანა ჩემი დაწყებული საქმე, უკან არ დამეხია არცერთი წამით და საკუთარი თავისთვის მეჯობნა.

როგორ ფიქრობთ, რთულ სიტუაციაში გოგოები უფრო ნებდებიან ხოლმე თუ ბიჭები?

სალომე: გოგოები თითქმის არასდროს ნებდებიან. ფსიქოლოგიურად უფრო მტკიცეები არიან, როგორც წესი. აკადემიის ისტორიაშიც ერთადერთი გოგო იყო, რომელიც წავიდა, დანარჩენი არავინ დანებებულა.

როგორ ფიქრობთ, რა არის ქალების ყველაზე ძლიერი მხარე?

დიანა: რასაც ვაკვირდები, ქალები უფრო ბრძოლისუნარიანები ვართ.

სალომე: ცხოვრების  ჟინი გამოგვარჩევს ქალებს. დაწყებული აუცილებლად მიგვყავს ბოლომდე, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს.  ასევე, ვფიქრობ უკეთ შეგვიძლია ტკივილის ატანა.

რომელ გენდერულ სტერეოტიპს გაუბრაზებიხართ ყველაზე მეტად?

სალომე: „ქალის ადგილი სამზარეულოშია“ – ასეთი სტერეოტიპები ადრე ძალიან მაბრაზებდა. ახლა, რაც დრო გადის, მეტად მემატება საკუთარი თავის რწმენა. აღარ ვბრაზდები ასეთ რამეებზე. მე ხომ ზუსტად ვიცი ჩემსავე მაგალითზე, რომ ქალს ყველაფერი შეუძლია.

რა არის ბოლოს საფეხური თქვენს პროფესიაში, რაზე ოცნებობთ?

დიანა: მთელი  ცხოვრების გატარებას სამხედრო სფეროში ვაპირებ. მინდა ყველა საფეხურზე ღირსეულად ავიდე და ვემსახურო ჩემს ქვეყანას. აქ იმისთვის ვართ და იმისთვის ვსწავლობთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლაში.

სალომე: ზოგადად ხომ ამბობენ, რომ ყველა ჯარისკაცი გენერლობაზე ოცნებობს. მეც ჩემს თავს საბოლოო საფეხურზე ასე ვხედავ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან  მინდა რომ ასე იყოს. ძალიან დიდი შრომა და ბევრი საფეხურის გავლა სჭირდება ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ გამომივა კიდეც. ასევე, ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ  ჯარში მსახურობით ვებრძოლო იმ მახინჯ სტერეოტიპებს, რაც ქალი ჯარისკაცების მიმართ არსებობს.

რას ფიქრობთ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე?

სალომე: ჩემი აზრით, არ ვართ ჩვენ ისეთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ფუფუნება მის მოქალაქეებს ელემენტარული სამხედრო უნარები არ ჰქონდეს. ვთვლი, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მთავარი პრობლემა ხარისხია. თუკი ჩვენ უკეთესად გავწვრთნით ადამიანებს, ვასწავლით იარაღის სწორად  გამოყენებას და გამოსადეგ უნარ-ჩვევებს შევძენთ, მაშინ არ ვიქნები სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგი.

დიანა: მე არ მომწონს არსებული სავალდებულო ჯარი. არ ვემხრობი ადამიანების იძულებით წაყვანას სამხედრო სამსახურში. ჩემი აზრით გვჭირდება რეფორმა და მოდერნიზება. ადამიანები გააზრებულად უნდა იღებდნენ ამ გადაწყვეტილებას, უნდა ჰქონდეთ მოტივაცია.

თქვენი აზრით, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ უფრო მეტი ქალი მოვიდეს ჯარში?

დიანა: მაგალითი უნდა მივცეთ . ჩვენი თითოეული წარმატება ქალებისთვის იქნება სიგნალი, რომ ამ სფეროში შეგიძლია განვითარდე და ქვეყანას ემსახურო. ძირითადად უფროსი ასაკის ქალებისგან მოდის ხოლმე დამოკიდებულება –  რატომ შვილო, გოგო ხარ, გათხოვდი  და შვილები გაუჩინე საქართველოს. მე სხვა გზა ავირჩიე, სხვანაირად მინდა ვემსახურო ჩემს ქვეყანას. ჩემი სწავლით და კარიერით მინდა მოტივაცია მივცე გოგოებს და დავარწმუნო, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია.

სალომე: ხშირად ვფიქრობ ამ საკითხზე, როგორ უნდა დავაინტერესოთ ქალები და ჩემი პასუხი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, რომ  ეს არის ჩვენი გამოწვევა, იმ ქალების გამოწვევა, რომლებიც უკვე ჯარში ვართ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ სხვა ქალებისთვის სტიმული ვიყოთ. ჩვენ უნდა მივაღწიოთ წარმატებას, გავხდეთ ყველასთვის, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირებისთვისაც შრომისა და თავდადების  მაგალითი. მე ქალი ვარ და ვირჩევ ჯარს – ეს სიტყვები და სამხედრო ფორმაში ქალის ნახვა საოცრების ტოლფასი აღარ უნდა იყოს. ქალი ჯარისკაცი უნდა ასოცირდებოდეს ძალასთან, მედეგობასთან და ჭკუასთან.

 

ავტორი: რუსუდან ბრაგვაძე