ხატია ღოღობერიძე – კატო მიქელაძის პრემიის ნომინანტი

ხატია ღოღობერიძე კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტია. ხატია ონლაინ-გამოცემის „ტაბულა“ ჟურნალისტია. მის მიერ მომზადებული მასალები ძირითადად ქალთა უფლებებს ეხება, მათ შორის ყველაზე უფრო კონტროვერსიულ საკითხებს.

ხატიას მიერ გაწეული შრომა პოზიტიურად აისახება ქალთა მოძრაობაზე, ახდენს მნიშვნელოვანი საკითხების აქტუალიზებას და, ამავდროულად, ინდივიდუალურად აძლიერებს ქალებს. ის გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და ყოველთვის ეთიკური ნორმების დაცვით მუშაობს სენსიტიურ თემებზე.

2018 წელს ხატია სექსუალური შევიწროვების ფაქტებს აშუქებდა. ამ მიმართულებით მისმა და სხვა ქალი უფლებადამცველების აქტიურობამ ქალთა მოძრაობის წარმატებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

მისი სტატიები ყოველთვის სავსეა ადამიანური ისტორიებით და ქალების პერსპექტივით. ხატიას ბოლოდროინდელი სტატიები შეეხებოდა აბორტის სტიგმის შემცირებას და სექსუალურ ძალადობას, მათ შორის არასრულწლოვანებზე.

შეგახსენებთ, რომ პრემიაზე წარდგენილია 16 ქალი უფლებადამცველი, რომლებიც მომიჯნავე სფეროში მოღვაწეობენ, თუმცა მათი საქმიანობა მიმართულია ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

Forbes Woman Georgia კატო მიქელაძის პრემიის მედია-პარტნიორია. მომდევნო დღეებში მკითხველს საშუალება ექნება ჩვენს ვებ-გვერდზე გაიცნოს პრემიის სხვა ნომინანტებიც. რიგით მეშვიდე პრემიის მფლობელი 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გამოვლინდება.

მასალა მომზადებულია ნომინაციაზე ხატია ღოღობერიძის წარმდგენის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.