2013 წელს ქალთა ფონდმა საქართველოში “კატო მიქელაძის სახელობის პრემია” დააწესა. ყოველი წლის 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს, პრემია ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს გადაეცემა.
კატო მიქელაძის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანი ქალი უფლებადამცველების დაფასება და მათი მნიშვნელოვანი საქმიანობისა და საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
2019 წელს პრემიის მფლობელი გახდა ჟურნალისტი ხატია ღოღობერიძე, რომელიც მრავალი წელია თავისი საქმიანობით ქალებს თავიანთ პრობლემებზე ღიად საუბრისა და ფართო საზოგადოებისთვის ხმის მიწვდენის საშუალებას აძლევს.
რა გამოწვევების წინაშე არიან საქართველოში ქალები დღეს, ვის ეკისრება არსებული პრობლემების მოგვარება, რა როლი აკისრია მედიას ქალთა უფლებების დაცვის კუთხით – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ხატია ღოღობერიძე Forbes Woman Georgia-ს ესაუბრა.
უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ პრემიის მოპოვებას. ელოდით თუ არა გამარჯვებას და რას ნიშნავს ეს ჯილდო თქვენთვის?
გამარჯვებას, სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. ნომინანტთა შორის აღმოჩენაც კი მოულოდნელი იყო. ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობისას მე ყოველთვის მეორე მხარეს ვარ: ვაშუქებ ადამიანებს, რომლებიც ქალებისთვის იბრძვიან. იმდენად ვარ შეჩვეული იმ აზრს, რომ ადამიანის უფლებების კუთხით სწორი აქტივიზმი ჟურნალისტიკის განუყოფელი ნაწილია, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ამისთვის შეიძლებოდა, პრემია დამემსახურებინა.
რამდენიმე ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ ჩათვალა, რომ წელს ჯილდო მე მეკუთვნის. ეს ფაქტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, ეს არის უფრო მეტი პასუხისმგებლობა – ახლა უფრო მეტი თვალი მიყურებს. მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც ვგრძნობდი პასუხისმგებლობას მკითხველის წინაშე, ახლა ეს შეგრძნება კიდევ უფრო გაიზარდა.
ნომინანტთა შორის თქვენ ერთადერთი ჟურნალისტი ხართ. რატომ ჟურნალისტიკა და რატომ ქალთა უფლებები?
ჟურნალისტობა მას მერე მინდა, რაც სკოლაში მასწავლებლობანას თამაშს მოვრჩი. თავდაპირველად, როგორც უმრავლესობას, მეც მხიბლავდა ტელევიზია და ტელევიზორში გამოჩენის შესაძლებლობა. მაგრამ მაშინაც კი, როცა ჟურნალისტიკის არსი ბოლომდე არ მესმოდა, მიზიდავდა ის ამბავი, რომ ჩემ მიერ მომზადებული მასალით შემეძლო ადამიანების ცხოვრება თუნდაც მცირედით, მაგრამ უკეთესობისკენ შემეცვალა. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც ჟურნალისტობა გადამაწყვეტინა და ერთ-ერთი მთავარია ახლაც, როცა ამ სფეროში ვრჩები.
რაც შეეხება ქალთა უფლებებს, ვერ გეტყვით, რომ ამ მიმართულებით მუშაობაზე ბავშვობიდანვე ვფიქრობდი. ჩემი თაობა იზრდებოდა იმ გარემოში, სადაც ადამიანის უფლებებზე ფიქრის შესაძლებლობა ნაკლებად იყო, რადგან ძალიან ცოტა რამ ვიცოდით. თუმცა, ვიზრდებით, ვსწავლობთ და ვვითარდებით. ბევრი წლის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ქალთა მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება, სექსიზმი, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა ყველგან იყო, მათ შორის იმ გარემოშიც, სადაც მე ვიზრდებოდი. ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებისკენ, მათ შორის, პრობლემის მასშტაბურობამ მიბიძგა. გარდა ამისა, მომწონს ქალებისთვის ტრიბუნის დათმობა, როცა მათ ვაძლევ საშუალებას თავად ისაუბრონ იმაზე, რაც აწუხებთ. დღეს ქართველ ქალებს უამრავ სირთულესთან უხდებათ გამკლავება. საზოგადოებაში სტერეოტიპები მყარადაა გამჯდარი და ამ ქალებს ისეთ სოციუმში უწევთ ცხოვრება, სადაც ძალადობა, ჩაგვრა ნორმალიზებულია. სწორედ ამიტომ, ხშირად მათ უწევთ შეეგუონ არსებულ რეალობას. ვცდილობ, ქალებისთვის ტრიბუნის დათმობით ეს გარემოება მცირედით მაინც შევცვალო.
თქვენი სტატიები ორიენტირებულია ქალებსა და ქალთა უფლებებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე. რა იყო გარდამტეხი თქვენს პროფესიულ საქმიანობაში, რამაც გადაგაწყვეტინათ ამ მიმართულებით მუშაობა?
სიმართლე გითხრათ, გარდამტეხი მომენტი ასე კონკრეტულად არ მახსენდება, თუმცა კარგად მახსოვს ჩემი ერთ-ერთი სტატია, რომელზე მუშაობის პროცესშიც ქალთა უფლებებთან დაკავშირებულმა საკითხებმა კიდევ უფრო დამაინტერესა და მომინდა, ამ თემაზე მეტი დამეწერა. სტატია ეხებოდა ქირურგიულ კონტრაცეფციას, ე.წ. მილების გადაკეტვას, რომელიც რეპროდუქციული უნარის დათრგუნვას იწვევს. ქალს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს გაიკეთებს თუ არა ამ ოპერაციას, მაგრამ, როგორც სტატიაზე მუშაობისას აღმოვაჩინე, კლინიკათა უმრავლესობა ამისათვის ქმრის თანხმობას ითხოვს. დაწესებულებების ერთი ნაწილი მიმტკიცებდა, რომ ეს კანონიერია, მეორე ნაწილი კი პირდაპირ მიმხელდა, რომ ქმრებთან დაპირისპირებას ერიდებოდნენ.
ამ სტატიაზე მუშაობისას რესპონდენტები მიყვებოდნენ იმასაც, რომ ექიმები მომდევნო ორსულობის შემთხვევაში შესაძლო გართულებების შესახებ აფრთხილებდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, ქმრების მოთხოვნა არ შეცვლილა. კაცებს მორიგი შვილი სურდათ, თუნდაც ქალის სიცოცხლის ფასად.
არ იქნება სწორი, ამ სტატიას გარდამტეხი მომენტი ვუწოდო, თუმცა სურვილი, რომ უფრო მეტად ვიბრძოლო ქალების უფლებებისთვის, ნამდვილად გაამძაფრა.
სხვათაშორის, თუ არ ვცდები, არც მანამდე და არც შემდეგ, ეს საკითხი ტაბულას გარდა, არსად გაშუქებულა. ბევრი სტატია არ არის, რომლითაც ვამაყობ, თუმცა ეს ნამდვილად მათ რიცხვს მიეკუთვნება. ამ თემაზე ხმის ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანი მგონია.
სექსუალური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა, აბორტის უფლება, გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია – ასეთი ამბები დიდ გზას გადის, სანამ მკითხველამდე მიაღწევს; რა არის ამ პროცესში ყველაზე რთული?
ზოგადად, ვცდილობ ამ პრობლემების შესახებ მკითხველს კონკრეტული მაგალითებითა და ისტორიებით მოვუყვე, რადგან მხოლოდ კანონებითა და თეორიებით სიმძაფრე შეიძლება არ იგრძნობოდეს.
ცხადია, ამ პროცესში რესპოდენტების მოძიება მარტივი არ არის, თუმცა მეხმარება სოციალური ქსელებიც. რთულია ნდობის მოპოვებაც, რადგან არავინაა ვალდებული მენდოს სრულიად უცხო ადამიანს, მომიყვეს საკუთარი ისტორია. ეს ყველაფერი ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს თუმცა იმის გააზრება, რომ დღეს საქართველოში ქალები ამ პირობებში ცხოვრობენ, მაინც ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. ბრაზი მახრჩობს, როცა ვისმენ ისტორიებს ძალადობაზე, ჩაგვრაზე, შევიწროებაზე, ფაქტობრივ უუფლებობაზე.
ვის უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება: სახელმწიფოს თავისი საკანონმდებლო ინსტრუმენტებით თუ საზოგადოებას და რაში გამოიხატება ეს?
ცალსახად სახელმწიფოს. მარტივ მაგალითს მოვიყვან: როცა ვიცი ოჯახში ძალადობის შესახებ, პოლიციაში დარეკვა ჩემი მორალური და სამოქალაქო ვალდებულებაა. არ მემეტება დადებითი სიტყვები მათთვის, ვინც ამას არ აკეთებს და დუმს. თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია, მომწონს თუ არა მე ეს. განსხვავებულია სახელმწიფოს როლი – მას მოქალაქეები ფულს ვუხდით, რომ დაგვიცვას, ეს მისი პირდაპირი ვალდებულებაა. აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობის არსებობაც და რაც მთავარია, ამ კანონების აღსრულება, რაც დღეს ხშირად პრობლემაა.
თქვენი აზრით, რა როლი აკისრია მედიას ქალთა უფლებების დაცვის კუთხით და პასუხისმგებლობით ეკიდება თუ არა ქართული მედია დაკისრებულ ვალდებულებებს?
საზოგადოების ჩამოყალიბებასა და სწორი ღირებულებების შექმნაში მედიის როლი უმნიშვნელოვანესია. მე იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, ვინც მიიჩნევს, რომ მკითხველს თუ მაყურებელს უნდა შესთავაზო ხარისხიანი პროდუქტი და ასე გაზარდო ის და არა პირიქით – მიაწოდო მდარე ხარისხის პროდუქტი, რადგან ასე რეიტინგი უფრო მეტი იქნება.
მედიას შეუძლია გააძლიეროს სტერეოტიპები ან იყოს ქალების გაძლიერების ხელშემწყობი. როცა ფემიციდი შუქდება სათანადოდ და მკითხველამდე მიდის მესიჯი, რომ ეს დანაშაულია, ვერანაირი “ღალატი” ამის გამართლება ვერ იქნება და ქალის მკვლელობისთვის ისჯებიან, საზოგადოება თანდათან გაიზრდება; როცა სექსიზმი და ადამიანები, რომლებიც სექსისტურ განცხადებას აკეთებენ, უარყოფითად გაშუქდება, მკითხველი თუ მაყურებელი უკეთ გააცნობიერებს, რომ ეს ცუდია და ა.შ.
ხშირად მედიისგან სრულ სტერილურობას ელიან. მე ამას არ ვეთანხმები. არ მგონია, რომ ჟურნალისტი უნდა იყოს მხოლოდ კონკრეტული ინფორმაციის გამავრცელებელი. ყველა ინფორმაციას თავისი ღირებულება აქვს, მისი სხვადასხვა კუთხით გაშუქება შეიძლება და აქცენტის ისე დასმა, რომ შედეგი სასარგებლო იყოს. არ შეიძლება ადამიანის უფლებებს აშუქებდე და “მეორე მხარედ” გამოგყავდეს მოძალადე. ეს ის სფეროა, სადაც ორი მხარე არ არსებობს. როცა მოცემულობად მივიღებთ, რომ ქალი და კაცი თანასწორია, აღარ გაგვიჩნდება სურვილი მოვამზადოთ გადაცემები თუ სიუჟეტები იმის განსახილველად, უნდა იყოს თუ არა ქალი და კაცი თანასწორი.
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ზოგადად, სიტყვა “ვალდებულებას” ვერიდები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მედიას ბევრი გამოწვევა აქვს, საკმაოდ ხშირად არღვევს სტანდარტებს, მე სიტყვის თავისუფლებას ვემხრობი და მგონია, რომ სწორად გაშუქება არა ვალდებულება, არამედ, კეთილი ნებაა. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ბნელი მედია ან არაბნელი, მაგრამ არასწორი აქცენტებით მომუშავე მომწონს. ქართული მედია ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. სულ ახლახანს ვიხილეთ, ხაშურში მოკლული ქალის ოჯახში მივიდნენ ჟურნალისტები და პირდაპირ ეთერში უყვებოდნენ საზოგადოებას, რომ თურმე ეს ქალი ვიღაცას ემესიჯებოდა. ეს არის მოძალადის გამართლების მცდელობა, თითქოს, თუ ღალატობდა, მკვლელობა ნორმალურია.
სტერეოტიპებით სავსე საზოგადოებაში ამ ტიპის გაშუქება ძალიან უპასუხისმგებლოა. მედიას აქვს გამოწვევები მრავალი მიმართულებით, თუმცა შემიძლია ვთქვა ისიც, რომ ნელა, მაგრამ უკეთესობისკენ მივდივართ. მაგალითად, თუ ადრე “სუსტი სქესი” და “ოჯახის უფროსი” ტელეეკრანებიდან ყოველ დღე გვესმოდა, ახლა ჟურნალისტებმა უკვე ისწავლეს, რომ ეს არასწორია. და რაც მთავარია, ბევრ ყვითელ, არასანდო მედიასთან ერთად, ნელა, მაგრამ იზრდება იმ გამოცემების რაოდენობაც, რომელთათვის პრიორიტეტი ღირებულებები და ეთიკაა.
რას ნიშნავს იყო ქალი დღეს საქართველოში და რა არის საჭირო იმისთვის, რომ თითოეულმა ქალმა იპოვოს საკუთარი ხმა და ილაპარაკოს?
გაცილებით მეტ სირთულეს ყველგან და ყოველ ნაბიჯზე, განსაკუთრებით საჯარო სამსახურებში; სტატისტიკაც არსებობს სახელფასო სხვაობასთან დაკავშირებით.
იყო ქალი საქართველოში ნიშნავს იმას, რომ სახლზე, შვილზე პასუხისმგებელი შენ ხარ; შეიძლება იყო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ქმრისგან, ძმისგან, მამისგან; არ გეძლეოდეს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება საკუთარ სხეულთან, კარიერასთან, აწმყოსა და მომავალთან დაკავშირებით.
საბედნიეროდ, ეს არ არის ყველა ქალის მდგომარეობა და ვიღაცები ახერხებენ გაარღვიონ წრე, ისწავლონ, დასაქმდნენ და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ასეთი ქალების რაოდენობა სულ უფრო და უფრო გაიზრდება.
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, საჭიროა მეტი თანადგომა და სოლიდარობა, ნაკლები სტერეოტიპი. თუმცა, პირველ რიგში, აუცილებელია სახელმწიფოში იყოს შესაბამისი სერვისები და ნება, რომ ხმის ამაღლების შემთხვევაში ქალი დაცული იყოს. არის შემთხვევები, როცა ქალები ლაპარაკს მოძალადეების გავლენიანი მეგობრების გამო ვერ ბედავენ. პოლიციაში დარეკვა უნდა იყოს თავის დაცვა და არა საფრთხე, რომ მოძალადე ორ დღეში სახლში დაბრუნდება და უფრო მეტად იძალადებს, რადგან მსხვერპლმა ლაპარაკი გაბედა.
თქვენ თუ გამხდარხართ სტერეოტიპული დამოკიდებულების მსხვერპლი თქვენი საქმიანობის შესრულების პროცესში ან ზოგადად ცხოვრებაში?
შორს რომ არ წავიდე, ისევ ჟურნალისტიკის ამბავს გეტყვით. მე ტაბულას წარმოვადგენ, რომელიც ონლაინ მედიაა და ძირითადად, ლაივებს მობილურის საშუალებით ვაკეთებთ. ერთია, რომ ზოგადად, სატელევიზიო მედიის წარმომადგენლები მობილურით ან დიქტოფონით მომუშავე ჟურნალისტებს ნაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, მაგრამ მეორე – ოპერატორი კაცების დამოკიდებულება. სრულიად დარწმუნებულები არიან, რომ თავად უპირატესები არიან და მუდმივად ცდილობენ ერთგვარად დაგჩაგრონ, განსაკუთრებით, თუ ქალი ხარ. ძალიან უკვირთ ხოლმე, როცა ამის გამო ვჩხუბობ, ქალისგან არ ელოდებიან. გაოცებულები მიყურებენ, თითქოს რაღაც განსაკუთრებული ვაკადრე, რადგან თავი არ დავაჩაგვრინე.
თქვენი სტატიები და საქმიანობა, ინდივიდუალურად აძლიერებს ქალებს, თქვენ თუ გრძნობთ ყოველდღიურ ცხოვრებაში იგივე მხარდაჭერას სხვა ქალებისგან და რაში გამოიხატება ეს?
ძირითადი მხარდამჭერები მაინც უფრო ქალები არიან ხოლმე. შეიძლება ამის მიზეზი ისიცაა, რომ მათაც ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა და ყველაფერი უკეთ ესმით. სამწუხაროდ, ამ საკითხებით კაცები, შედარებით, ნაკლებად ინტერესდებიან. პირიქით, მათი ნაწილი ფიქრობს, რომ პრობლემები არ არსებობს. საბედნიეროდ, ეს ყველას არ ეხება.
ზოგადად, ნებისმიერი სახის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ამის გარეშე შეუძლებელია. მე ბევრ რამეში გამიმართლა და როცა მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია არ ვთქვა ჩემი მშობლების შესახებ, რომლებისთვისაც არასდროს ყოფილა პრიორიტეტი ბიჭი შვილის ხელშეწყობა, ხოლო გოგოების მეორეხარისხოვნად წარმოჩენა. გამიმართლა იმაშიც, რომ გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის, რათა მიზნებს მივაღწიო, განვითარდე.
რას ეტყოდით იმ ადამიანებს ვისაც სიტყვა “ფემინისტი” დღემდე აშინებს?
ჩვენ ხშირად ვერჩით სიტყვებს ისე, რომ მათ შინაარსს ვერ ვიაზრებთ. რა არის ფემინიზმი? თეორიულად შეიძლება მას სხვადასხვა განმარტება და მიმართულება ჰქონდეს, მაგრამ მთავარი ხომ საფუძველია – ქალების უფლებების აღიარება და თანასწორობა. საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა: გვინდა თუ არა ქალი და კაცის თანასწორობა? ვფიქრობ, ვისაც ეს სურს და ამისთვის რაღაცის გაკეთებას ცდილობს, უკვე ფემინისტია.
ხშირად ფემინიზმი კაცების წინააღმდეგ ბრძოლა ჰგონიათ. ასეთ ადამიანებს მინდა ვუთხრა, რომ ფემინიზმი არის ბრძოლა ვიღაცისთვის და არა ვიღაცის წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა ქალების უფლებებისთვის და არა კაცების წინააღმდეგ. თუ თქვენ ქალების უფლებები კაცების საწინააღმდეგო გგონიათ, პრობლემა თქვენშია და არა ფემინიზმში.
თქვენი ისტორიების უცნობი გმირების მიღმა კიდევ ათასობით ქალია, რომელთა ხმა საზოგადოებას ანონიმურადაც კი არ ესმის. რას ეტყოდით მათ?
შეიძლება ისინი გაიზარდნენ გარემოში, სადაც ჩაგვრა და ძალადობა ნორმად მიიჩნევა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნორმაა. საკუთარ თავს დაუსვან კითხვა – მოსწონთ ის მდგომარეობა, რომელშიც არიან? თუ პასუხი უარყოფითია, სცადონ საუბარი, წინააღმდეგობა. ყოველთვის შეიძლება ვიღაცას ხმა მიაწვდინო და ამის იმედი არასდროს უნდა დაკარგო. მთავარია, პრობლემები არ დამალონ და ილაპარაკონ, ილაპარაკონ და ილაპარაკონ.
უამრავი დამწყები ჟურნალისტისთვის მისაბაძი პროფესიონალი ხართ. რას ურჩევდით კონკრეტულად მათ, ვისაც სურს მსგავს სენსიტიურ თემებზე მუშაობა?
მისაბაძი რამდენად ვარ, არ ვიცი, მაგრამ, ვურჩევდი, სენსიტიურ თემებზე მუშაობისას წარმოიდგინონ, რომ ძალიან ახლობელი ადამიანის ამბავს აშუქებენ. მათი მეგობარი რომ მოეკლა ქმარს, მივიდოდნენ ქალის ოჯახში კითხვით: “ემესიჯებოდა თუ არა ის ვინმეს?”. თუ რაღაც საკითხის ცოდნა არ გვყოფნის, გონება, გრძნობები ჩავრთოთ და მხოლოდ რეიტინზე არ ვიფიქროთ.
კარგი იქნება თუ გადაიკითხავენ მედია ეთიკის სახელმძღვანელოებს. გარდა ზოგადი წესებისა, არსებობს კონკრეტული საკითხების გაშუქების შესახებ რჩევებიც, იქნება ეს ფემიციდი, გაუპატიურება, ოჯახში ძალადობა თუ სექსუალური შევიწროება. მათი დამახსოვრება არც ისე რთულია, მთავარია მიზანი იყოს სწორად გაშუქება, აქცენტი პრობლემაზე და არა რეიტინგზე.
გარდა ამისა, დამწყებმა ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ, რომ მართალია, კარგია, თუ შეცდომას არ დავუშვებთ, მაგრამ შეცდომები შეიძლება ყველას მოუვიდეს და არც თვითონ არიან გამონაკლისები. მთავარია, ამ შეცდომის გააზრება, გამოსწორების მცდელობა და სწავლა ამ შეცდომებზე.
ახლა, როცა გაიმარჯვეთ, რა სამომავლო გეგმები გაქვთ, როგორც ჟურნალისტსა და უფლებადამცველს?
პირველ რიგში, ველოდები მარტს, რადგან როგორც პრემიის მფლობელი, მივდივარ ნიუ-იორკში და ეს იქნება ძალიან საინტერესო გამოცდილება. იმედი მაქვს, იქ შევხვდები ძალიან ბევრ საინტერესო ქალს, რომლებიც აქამდე მხოლოდ ეკრანზე მინახავს. არ შემიძლია ამ შესაძლებლობისთვის დიდი მადლობა არ ვუთხრა “ქალთა ფონდს” და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP).
სხვა მხრივ, სამომავლო გეგმებში განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა, ვაპირებ, ჩემი საქმიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელო. ყველა ქალს, ვისაც რაიმე პრობლემა აქვს, შეუძლია, ნებისმიერ დროს მომწეროს. აუცილებელი არ არის, რომ ამბავი სტატიად იქცეს. შესაძლოა, საკმარისი იყოს მათი ისეთ ორგანიზაციებთან დაკავშირება, რომლებსაც დახმარება შეუძლიათ.
ამის პარალელურად, კვლავ ვაგრძელებ ახალი ამბების გაშუქებას ტაბულაში. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებს წინ რთული დღეების გავლა მოგვიწევს, დიდი ინტერესით ველოდები მომავალ საპარლამენტო არჩევნებს.