ახალგაზრდა ქართველი მეწარმე ტუსია ღარიბაშვილი საზოგადოებამ Urban Greens-ით – მიკრომწვანილების წარმოებით – გაიცნო. მოგვიანებით აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით ახალი პროექტი წამოიწყო. Space Farms ურბანული მეურნეობის პოპულარიზაციასა და სფეროში ახალგაზრდების მაქსიმალურად ჩართვაზეა ორიენტირებული. ტუსიამ იდეა Stamba Hotel-ში განახორციელა, მომავლის ფერმაში, სადაც სხვადასხვა ბოსტნეული და ბაღჩეული იზრდება, შემდეგ კი კორპორატიული და საცალო მომხმარებლების სამზარეულოებში ხვდება.
ტუსია ღარიბაშვილი პროფესიით ფსიქოლოგია. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საბანკო სფეროებში მუშაობდა. მეურნეობის მიმართ ინტერესი მოგვიანებით გაუჩნდა. ექსპერიმენტის პირველი შედეგი – Urban Greens – მიკრომწვანილების ორგანული სასათბურე მეურნეობა ოყო. ტუსია წარმოების თანადამფუძნებელია. გვიყვება, რომ პროექტის ავტორების მიზანი იყო მეურნეობის ისეთი ტიპი შეექმნათ, რომელიც სხვადასხვა სახეობის მიკრომწვანილის ქალაქში დათესვისა და გაზრდის საშუალებას მისცემდათ.
მუშაობის პროცესმა უფრო მეტი მასალის მოძიებისა და ახალი ტექნოლოგიების შესწავლისკენ უბიძგა. ამბობს, რომ შთაგონებად მსოფლიოში აქტუალური ეკოლოგიური პრობლემები იქცა – გლობალური დათბობა, საკვები პროდუქტის წარმოებისა და აგრონომიული საქმიანობისთვის არასაკმარისი ნიადაგი. გადაწყვიტა ისეთი მეურნეობის შექმნა ეცადა, რომელიც საშუალებას მისცემდა მიწისა და წყლის რესურსი მაქსიმალურად დაეზოგა.
შედეგად შეიქმნა Space Farms, რომელიც ტუსიას ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ გზად მიაჩნია. ბოსტნეული ეკოლოგიურ, უნარჩენო გარემოში იზრდება, ქიმიკატებისა და პესტიციდების გარეშე. ვერტიკალური მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიის მეშვეობით კონტროლდება, რომელშიც ხელოვნური ინტელექტია ინტეგრირებული. ამ ტექნოლოგიით სასურველი პროდუქტის მოყვანა ნებისმიერ სეზონზე, სტანდარტულთან შედარებით გაცილებით მოკლე დროშია შესაძლებელი.
რა იყო თქვენს პროფესიულ ბიოგრაფიაში ისეთი, რამაც ბევრი აალაპარაკა, რის შემდეგაც გაგიცნეს?
ის, რომ საქართველოში აგროკულტურის სრულიად განსხვავებული ხედვა დავნერგე. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ურბანულ არეალში, დახურულ სივრცეებში გავზარდოთ ბოსტნეულის სხვადასხვა კულტურა. თავიდან ბოლომდე ვერც ვაცნობიერებდი ამის მნიშვნელობას. ვაკეთებდი იმას, რაც ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა. დღეს, ამ გადასახედიდან, წარსულს რომ ვუკვირდები და იმას, თუ როგორ დავიწყე ეს ყველაფერი, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი რამ გავაკეთე.
რა იყო ამ პროფესიაში მთავარი გამოწვევა თქვენთვის?
ის, რომ მომეცა საშუალება ქართველი ხალხისთვის მეურნეობის სრულიად უცნობი სფერო დამენახებინა. ესაა მეურნეობა დახურულ სივრცეში, სადაც ტექნოლოგიები განაგებს ყველა პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს მარტივად ვმართოთ ისეთი ძირითადი პროცესები, როგორიცაა, მაგალითად, კვების გაწერა, ტემპერატურა, ტენიანობა თუ სხვა ყველაფერი, რაც სათბურში გვესაჭიროება, ამ სფეროს დამატებით სჭირდება მომავლის პროფესიის ადამიანები. ვგულისხმობ აგროინჟინრებს, აგროქიმიკოსებს.
ამიტომ ვცდილობ, ამ მიმართულებით ახალი თაობის რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი აღვზარდო, მაქსიმალური ცოდნა შევძინო მათ, რომ სამომავლოდ ამ სფეროს განვითარება გაგვიიოლდეს. გამოცდილებაზე დაფუძნებულმა ცოდნამ მიბიძგა ასევე საკონსულტაციო საქმიანობისკენ, კერძოდ, თუ როგორ უნდა გაშენდეს სასათბურე მეურნეობა, რომელშიც სწორედ იქნება დაგეგმილი ყველა პროცესი, რაც გაამარტივებს საოპერაციო მიმართულებას და სტაბილურ მოსავლიანობას მისცემს დამკვეთს წელიწადის ყველა სეზონზე. კორონავირუსის პანდემია და თანმხლები პროცესები ერთგვარი დასტური აღმოჩნდა იმისა, რომ სწორ გზას ვადგავარ. მთელი ამ დროის განმავლობაში ურბანული მეურნეობა არ გაჩერებულა. პირიქით – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მომეცა იმისთვის, რომ პროექტი მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო ადრესატთან. შევძელი, რომ ის არა მარტო კორპორატიული მომხმარებლისთვის იყოს ხელმისაწვდომი, არამედ საცალო მომხმარებლის მოთხოვნაც დააკმაყოფილოს. კარანტინის პერიოდში, ფაქტობრივად, ყველას შეეძლო სახლში გამოეძახებინა ჩვენი პროდუქტი და შეკვეთიდან 15 წუთში ახალდაკრეფილი ბოსტნეული მიეღო სახლში. პარალელურად, გადავწყვიტეთ ჩითილების წარმოებაც დაგვეწყო და ჩვენი მომხმარებლისთვის სუფთა, ეკოლოგიურად გაზრდილი ჩითილებიც შეგვეთავაზებინა.
ამ ყველაფერმა ურბანული მეურნეობის იმდენად თვალსაჩინო პოპულარიზაცია მოახდინა, რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი კითხულობდა და კონსულტაციას ითხოვდა, თუ როგორ შეიძლება ბოსტნეული სახლის პირობებში მოვიყვანოთ და ჯანმრთელი პროდუქტი ჩვენთან ახლოს ვაწარმოოთ.
რა ხდება მაშინ, როცა კომფორტის ზონას ვტოვებთ და საკუთარ თავს ახალი გამოწვევის წინაშე ვაყენებთ?
კომფორტის ზონიდან, მინდა ვთქვა, რომ უკვე დიდი ხანია გამოსული ვარ. რთულ, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესო საქმეს შევეჭიდე. დღეს ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ: ჩვენ გვაქვს რესურსებისა და მოსავლიანობის არასტაბილურობა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ეკოლოგიაზე, უფრო გამჭვირვალე უნდა გავხადოთ პროდუქტის წარმოება. მაგრამ იმის წარმოდგენა, რა შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს, მიზანი, რომლისკენაც მივისწრაფვი, მმუხტავს იმისთვის, რომ საქართველოში მომავლის მეურნეობის დასანერგად ძალ-ღონე არ დავიშურო. მინდა მეურნეობის ეს ტიპი და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სექტორი განუყოფელი იყოს ერთმანეთისგან.
რა იქნება შემდეგ?
რა იქნება შემდეგ? შემდეგ, ვფიქრობ, რომ Space Farms უფრო მასშტაბური გახდება და თვალსაჩინო ბრენდად იქცევა არა მარტო ადგილობრივ, არამედ მსოფლიო ბაზარზეც. ურბანულ მეურნეობას, ვფიქრობ, საქართველოში წარმატებული მომავალი ექნება და ეს პროექტი მისაბაძი გახდება. სფერო ნელ-ნელა ვითარდება, პარალელურად კი უამრავი ახალგაზრდა დიდ ცოდნასა და გამოცდილებას იღებს თანამედროვე აგროტექნოლოგიებში. მინდა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთო ურბანულ მეურნეობაში. Space Farms ერთ-ერთი ნაბიჯია იმ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, რომ საქართველოში მომავლის მეტი ფერმერი გაჩნდეს. ურბანიზაციის ზრდასთან ერთად, ვფიქრობ, ამ ტიპის მეურნეობის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა აუცილებლად მოიმატებს და საბოლოოდ ის თანამედროვე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა.