საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში აზერბაიჯანის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა და საკმაოდ ძლიერი მეტოქე 3:2 დაამარცხა. ქართველთა მხრიდან გოლის ავტორები თეონა ბაქრაძე და ანასტასია ბოლქვაძე არიან. მესამე გოლი კი აზერბაიჯანელთა გუნდის წევრმა, ნიგარ მირზალიევამ საკუთარ კარში გაიტანა. მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შედგა, რომელსაც ახალგაზრდა ევროფინალის მსაჯი – გიორგი ყრუაშვილი უძღვებოდა.
თავდაპირველად, ანგარიში 27-ე წუთზე თეონა ბაქრაძემ გახსნა. 45-ე წუთზე თეონა თოდაძის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს აზერბაიჯანელების მცველის მიერ ბურთის საკუთარ კარში ჩაჭრა მოყვა. 65-ე წუთზე საჯარიმოში აზერბაიჯანელი ფეხბურთელის, ალინა დოროფეევას წაქცევით მეტოქეებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც გოლად აისუნ ალიევამ გარდასახა. 82-ე წუთზე კი ანასტასია ბოლქვაძემ ნაკრები საკუთარი გოლით კიდევ უფრო დააწინაურა და ანგარიში 3:1 გახადა. ბოლო გოლი, რომელიც მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე გავიდა, აზერბაიჯანელმა ფეხბურთელმა აიშან აჰმადოვამ გაიტანა. საკმაოდ დაძაბული და რთული თამაშის მიუხედავად, შეხვედრა საქართველოს ქალთა ნაკრების სასარგებლოდ 3:2 დასრულდა.
აშკარაა, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე ცვლილებებმა ქალთა ეროვნულ ნაკრებზე დადებითი გავლენა იქონია – გიორგი ჩხაიძის საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელად დანიშვნასთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ქალთა და გოგონათა ფეხბურთის ოთხწლიანი სტრატეგიის შემუშავებაც ამის ნათელი მაგალითია. დოკუმენტში ქალთა ფეხბურთთან დაკავშირებული პრობლემების და ხედვების გარდა, ქსკ „ლანჩხუთის“ ეუფას ქალთა ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობა საქართველოში ქალთა ფეხბურთის ცნობიერების და მხარდაჭერის გაზრდის ხელშეწყობის მხრივ, დადებითადაა შეფასებული. შესაბამისად, ოთხწლიანი სტრატეგიის შემუშავებასთან ერთად გიორგი ჩხაიძის ნაკრების მთავარ მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა შემთხვევითი არ უნდა იყოს, რადგან სწორედ მისი წყალობით მოახერხა ზემოთ ხსენებულმა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა. არსებული ცვლილებების ფონზე, საქართველოს ქალთა ნაკრების დღევანდელი გამარჯვება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქალთა ფეხბურთის განვითარების გზაზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებთა მეორე ამხანაგური შეხვედრა 14 ივნისს, 19:00 საათზე გაიმართება და მას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.