ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დეტალს მისი ტოლერანტობა წარმოადგენს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა მსოფლიოს დღესდღეობით ბევრ განვითარებულ ქვეყანაში წარმოუდგენელი იყო დამოუკიდებელი და ძლიერი ქალების არსებობა, საქართველოში იწერებოდა ნაწარმოებები, რომლებიც ქალების სიძლიერესა და დამოუკიდებლობაზე მეტყველებდა.
“წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ” – იაკობ ცურტაველის მიერ დაწერილი ეს ჰაგიოგრაფიული ძეგლი ისტორიული პერსონის, წმ. შუშანიკის მარტვილობას ეძღვნება. მართალია, როგორც ლიტერატორები და ენათმეცნიერები ვარაუდობენ, ნაწარმოებს ჩვენამდე სრული სახით არ მოუღწევია, მაგრამ ნაწარმოების ფრაგმენტიც კი კარგად წარმოაჩენს იმდროინდელ უთანასწორო და დისკრიმინაციულ საზოგადოებას, რომელშიც ღრმადაა გამჯდარი დოგმები და სტერეოტიპები, რომელსაც თავად დედოფალიც იზიარებს, თუმცა პერსონაჟი მაინც წარმოუდგენელ სიძლიერესა და სიმამაცეს იჩენს. დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას და საკუთარი რწმენის ერთგული რჩება. ამ რწმენაზე უარს კი ვერც წამებითა და სიკვდილის შიშით ათქმევინებენ. სწორედ ამ დამოუკიდებლობისა და სიმტკიცის გამო, რომლისთვისაც წამებულმა დედოფალმა საკუთარი სიცოცხლითა და კეთილდღეობით ზღო, შუშანიკი ქართულ ისტორიასა თუ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალის სახეს წარმოადგენს.
“ვეფხისტყაოსანი”– შოთა რუსთაველის ეს გენიალური ნაწარმოები, არამხოლოდ მხატვრული და ფილოსოფიური ფასეულობით გამოირჩევა, არამედ ძლიერი ქალი პერსონაჟებითაც. შეიძლება ითქვას, ნაწარმოების მთავარი პერსონაჟების ნახევარს ძლიერი ქალები წარმოადგენენ. მშვენიერი თინათინი, რომელიც მთელი არაბეთის სათაყვანო მონარქად იქცა. ნესტან-დარეჯანი – სილამაზით მთვარეს შედარებული მეფის ასული, რომელიც სიბრძნითა და ემოციურობით გამოირჩევა. ასევე, თითქოს ანტაგონისტად წარმოჩენილი დავარი, რომელიც ნესტანის აღმზრდელია. თუ დაბალი ფენის ასმათი, რომელიც ერთგულებისა და ამტანობის სიმბოლოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ.
“ბედი ქართლისა” – ნიკოლოზ ბარათაშვილის, უდიდესი ქართველი რომანტიკოსი მწერლის პოემაა, რომელშიც ქალ პერსონაჟებს ხშირად ვერ შეხვდებით, თუმცა მთელ სათქმელს სათნო და ბრძენი სოფიო ამბობს. სოფიო სოლომონ ლიონიძის მეუღლეა, რომელიც უდარდელობასა და ფუფუნების სიყვარულში დადანაშაულებული მანდილოსნების პოზიციას იცავს. სოფიო ამბობს, რომ ქალებსაც ისევე შესტკივათ გული საკუთარ სამშობლოზე და უყვართ ის, როგორც ბრძოლაში გამოწრთობილ მეომრებს. რომ მასაც სიკვდილი ურჩევნია საკუთარი სამშობლოსგან შორს, მაგრამ რუსეთის იმპერიის ფუფუნებაში ცხოვრებას, სადაც მას და მის მსგავს ბანოვნებს სადარდებელი არა ექნებათ რა.
“ოთარაანთ ქვრივი”- ქართულ ლიტერატურაში ძნელია ოთარაანთ ქვრივზე ძლიერი პერსონაჟის პოვნა. ქვრივი, რომელმაც დამოუკიდებლად აღზარდა ვაჟი, წლების განმავლობაში უძღვებოდა საოჯახო მეურნეობას, ბრძნულად განკარგავდა ფინანსებს და არც ქველმოქმედებას ივიწყებდა, არც სხვების შეგულიანება ავიწყდებოდა. ოთარაანთ ქვრივის დიდებულება სწორედ მისი „პილპილმოყრილი მადლია“. იგი ყოველთვის უმართავდა ხელს ქვრივ-ობლებს, თუმცა მათ ყოველთვის მოუწოდებდა დამოუკიდებლობისკენ. დამოუკიდებლობისკენ, რომლის იდეაც ბევრად უსწრებს დიდი ილია ჭავჭავაძის თანამედროვეობას და რომლის მოპოვებასაც ამდენი დრო დასჭირდა ქალებისათვის.
“სტუმარ-მასპინძელი” – ვაჟა-ფშაველა უდიდესი პოეტი და მწერალია. მის მიერ შექმნილი პერსონაჟები მისაბაძები, ხშირად იდეალურები და უნაკლოებიც კი არიან, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მისი ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი ქალი, აღაზაც ასეთია. ჯოყოლა ალხასტაისძის მეუღლე, შესაძლოა ვინმემ ქმრის ავტორიტეტს დამორჩილებულ ცოლს შეადაროს, თუმცა ეს ნამდვილად მცდარი შეხედულება იქნება. აღაზა ჯერ კიდევ მანამ არის ზვიადაურის ვაჟკაცობითა და სიქველით აღფრთოვანებული, სანამ ამაზე ჯოყოლას „ნებართვას“ მიიღებს. შესაბამისად, ჯოყოლა და აღაზა ერთად ეწინააღმდეგებიან თემს, სოციუმს, მათ მეგობრებს, ნათესავებსა და მეზობლებს, როცა ხედავენ რამდენად მცდარნი და არასწორნი არიან ისინი. იმდენად, რამდენადაც ჯოყოლა არის გენიალური პერსონაჟი, ინდივიდუალიზმის განსახიერება, იმდენადვეა აღაზაც. შესაძლოა აღაზა ბევრად ძლიერ პერსონაჟადაც კი ჩავთვალოთ, რადგან მან ქმრის გარდაცვალების შემდეგ დამოუკიდებლად დაკრძალა ის, დამცირება და საზოგადოებისგან გარიყვა აიტანა, ხოლო შედევრის ბოლოს აღაზას სუიციდი შეიძლება იაპონურ ჯიგაკსაც შევადაროთ.
“შელოცვა რადიოთი” – ნიკო ლორთქიფანიძე არაჩვეულებრივი მინიატურებისა და ნოველების ავტორია. მისი იმპრესიონისტული სტილი დახვეწილი და უდიდესი ემოციის მატარებელია. ლორთქიფანიძის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებში კი საქართველოსთან გაიგივებულ ელპიდე „ელი“ გორდელიანის პერსონაჟს ვეცნობით. შესაძლოა მკითხველისათვის ელი სულაც არ წარმოადგენდეს ძლიერი ქალის ნათელ მაგალითს, მაგრამ მისი ტრაგიკული ბედისა და განვლილი ცხოვრების მიუხედავად მისი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და სამშობლოში დაბრუნებისკენ იმდენად ძლიერია, რომ საკუთარი სიცოცხლის გარისკვასაც კი არ ერიდება. ელის პერსონაჟზე შეიძლება ითქვას, რომ მართალია მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ მცდელობაში დაიღუპა. სწორედ არდანებებისა და გზის გაგრძელების წყურვილი აქცევს მას ძლიერ ქალად.
“მუსუსი” – მიხეილ ჯავახიშვილი გამორჩეულია თავისი წერის სტილით, უარყოფითი ზედსართავების დახმარებით მკითხველისათვის „არასწორი“ იდეების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შექმნით. მისი მოთხრობა „მუსუსიც“ მსგავსი სტილით ახდენს იმ პერიოდის საზოგადოებაში გამჯდარი მცდარი შეხედულების მიმართ ზიზღისა და პროტესტის გრძნობის გაჩენას. მართალია, ნაწარმოებში ძლიერი პერსონაჟი ქალის ხილვა რთულია, მაგრამ წარმოუდგენელია ნაწარმოების ბოლოს პროტესტი არ გაგიჩნდეს იმ ადამიანების მიმართ, რომელთათვისაც ქალები არა სულიერი არსებები, თავისუფალი ნების მქონე ადამიანები, არამედ ნივთები არიან. „გატეხილ ქოთანთან“ შედარებული ქალების იდეა კი ზიზღს აჩენს ჰიპოკრიტული საზოგადოებისა და ორმაგი სტანდარტების მიმართ.