ეკა თოდაძე, პროფესიით იურისტი, ყვარლის ცენტრში მდებარე საოჯახო სასტუმროს „ისევ ყვარელი“ მფლობელია. სახლი აშენებულია მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, ინტერიერი თანამედროვეა, თუმცა შენარჩუნებულია ძველი კახური ტრადიციები. თანამედროვე ინტერიერში განთავსებული მარანი საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოტანილი ქვით არის ნაშენი. აქვეა კახური თონეც. სახლი შემორტყმულია ეზოთი, შეგიძლიათ ისარგებლოთ ველოსიპედებით და საცურაო აუზით, რომელიც ასევე ეზოს სივრცეშია განთავსებული.
საოჯახო სასტუმრო ექვსი სრულად აღჭურვილი ნომრისგან და ეზოში განთავსებული ორი კოტეჯისგან შედგება. სახლის ბოლო მესამე სართულზე, სადაც ბუხრის ოთახია, საოცარი ხედი იშლება კავკასიონზე.
საოჯახო სასტუმროსთან ერთად კუპრაშვილების ოჯახი სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანითა და მეფუტკრეობით არის დაკავებული. შესაბამისად, მისულ სტუმარს საკუთარი ღვინით, თაფლით და ნატურალური პროდუქტებით მომზადებული კერძებით უმასპინძლდებიან.
ეკა, ოჯახთან ერთად, აგრო-ტურიზმის განვითარების მიზნით, მამაპაპეულ ვენახში ხის კოტეჯების ჩადგმას და მცირე საწარმოს მოწყობა გეგმავს, ხეხილის ბაღში მიღებული მოსავლის სათანადო წესით დამუშავება/გადამუშავების მიზნით. მომავალ წელს ბაზარზე „ისევ ყვარელის“ ბრენდის ქვეშ ღვინო და თაფლი გამოჩნდება. მთავარი გეგმა მაინც საკუთარი მარნის ადგილობრივი საოჯახო მარნების საგამოფენო-სადეგუსტაციო სივრცედ ქცევაა, რათა მეტ ადამიანს ქონდეს შესაძლებლობა, დააგემოვნოს მცირე მარანში დამზადებული სხვადასხვა კახური ღვინო.
„ჩვენი სახლი თითქმის 10 წლის წინ ვაქციეთ საოჯახო სასტუმროდ. ერთ-ერთი პირველი ვიყავით ყვარელში, ვინც ამ საქმიანობაში ჩავერთეთ. გარშემომყოფებს ძალიან უკვირდათ, გაოცებით გვეკითხებოდნენ როგორ ვათენებინებდით უცხოებს ღამეს სახლში, როგორ არ გვეშინოდა, როგორ ვენდობოდით, რაში გვჭირდებოდა და ა.შ.. იყო პესიმისტური დამოკიდებულებაც, რადგან მაშინ გაზაფხული-შემოდგომაზე სულ რამდენიმე უცხოელი თუ ჩამოდიოდა, ადგილობრივი ტურიზმი კი არ სცდებოდა სასკოლო ექსკურსიებს. თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ სტუმართ-მასპინძლობის ტრადიცია და ბუნებრივი ყოველდღიურობა ვაქციეთ საქმედ. ყვარელში ახლა უკვე ბევრი უცხოელი ჩამოდის, მაგრამ მაშინ უცხო ენაზე მოსაუბრე ადამიანი დიდი იშვიათობა იყო. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მასპინძლობა ჩემთვის ჰობიც, სიამოვნების დიდი წყაროცაა, ძალიან მიყვარს განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა, მათთვის ჩვენი ქვეყნის, კუთხის, ქალაქისა და ჩვენი ოჯახის შესახებ მოყოლა და მათი ამბების მოსმენაც. სტუმრები თითქოს თავიანთ ქვეყნებში გამოგზაურებენ, გიყვებიან თავისთან როგორ აკეთებენ ამა თუ იმ საქმეს, ხშირად მიზიარებენ თავიანთი სამზარეულოს რეცეპტებსაც, როცა რაღაც უკვირთ ან აღაფრთოვანებთ მეც მაფიქრებენ იმ წესზე, ქცევაზე თუ არქიტექტურაზე. უცხოელები გვეხმარებიან ჩვენი უფრო დავაფასოთ. არაერთი სტუმარი დღეს უკვე ჩემი მეგობარია და უკვე განსხვავებულად მიხარია მათი „ისევ ყვარელში“ დაბრუნება. „ისევ ყვარელი“ – სახელიც ამიტომ შევარჩიეთ. ვცდილობთ ვიყოთ ისეთი მასპინძლები და შევქმნათ ისეთი გარემო, რომ „ისევ ყვარელში“ დაბრუნება კვლავ მოუნდეთ. დიდი სიხარულია ნაცნობ სტუმრებთან ისევ შეხვედრა. წინსვლაში ძალიან გვეხმარებიან თვითონ სტუმრებიც. გულდასმით ვკითხულობთ და ვისმენთ ხოლმე მათ შეფასებებს. ძალიან ბევრი საინტერესო და სასარგებლო რჩევა მიმიღია სტუმრებისგან. შენიშვნებიც საუკეთესო გზაა ზრდისთვის. მჯერა, რომ კარგი მასპინძელი ვერ იქნები თუ ზოგადად ურთიერთობა არ გიყვარს, ვფიქრობ, ჩემი კომუნიკაბელურობა ძალიან გვადგება ამ საქმეში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, სტაბილურობა და, მეორე მხრივ, მუდმივი განვითარების სურვილი. წლიდან-წლამდე იზრდება სტუმრების მოთხოვნები, რაც შარშან მოწონდათ წელს უკვე მიუღებელია. წარმატება თუ გინდა ამ ტემპს უნდა აყვე და არ შეწყვიტო განვითარება. დაბრკოლებები და სირთულეები ბევრია, რთულია ფინანსური წყაროების მოძიება, შესაფერისი თანამშრომლების პოვნა; იზრდება კონკურენციაც, მაგრამ საბედნიეროდ ყვარელიც უფრო საინტერესო ხდება სტუმრებისთვის, სულ უფრო და უფრო მეტი უცხოელი და ქართველი სტუმრობს ჩვენს ქალაქს და საქმეც უკეთესობისკენ მიდის. ეს საქმიანობა არის ჩვენთვის სასიამოვნო და საინტერესო ყოველდღიურობა, ბუნებრივია, ფინასური შემოსავლის წყაროც. აგრეთვე, გვაძლევს თვითრეალიზების საშუალებას, ყოველ წელს რაღაც ახალს ვამატებთ. შარშან, მაგალითად, მანსარდი გავაფართოვეთ და ძალიან საინტერესო სივრცე გამოგვივიდა ზამთრისთვის, ბუხრით და კავკასიონის ხედებით. წელს ზაფხულიდან უკვე აუზს ავამუშავებთ.“