ბროწეულაში დაწყებული ბიზნესი | გულიკო ფანჩულიძე

გულიკო ფანჩულიძე აგროტურისტული  საქმიანობით 20 წლის წინ დაინტერესდა, როდესაც ვენახებისა და ხეხილის ბაღების გაშენება დაიწყო. ამას მოჰყვა  თბილისიდან მარტყოფში, ბროწეულას დასახლებაში მეუღლესთან ერთად გადაცხოვრება, მარნის მშენებლობა, 20 ტონა მოცულობის ქვევრების ჩაყრა და,  ბიოდინამიური მეთოდით მოვლილი ვენახებიდან მიღებული ყურძნით, სხვადასხვა სახეობის ღვინის წარმოება.

აგროტურისტულ ობიექტამდე იყო ბუტიკური სასტუმროს მართვა თბილისში. ამ გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ სტუმრის გარეშე ბროწეულაში გაგრძელებული  ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა  და ასე შეიქმნა საოჯახო სასტუმრო „ შატო დემი“. 

საოჯახო სასტუმრო „შატო დემი“ თბილისიდან 2 კილომეტრში  ხუთ ნომერს, ღია სადეგუსტაციო სივრცეს, ორ ჰექტარზე გაშენებულ ვენახებს, ტბას და ველოსიპედის ბილიკებს აერთიანებს. უახლოეს მომავალში ტურისტს ტირიფებისა და ბროწეულების ხეივანი, ნავები და წყლის ველოსიპედები დახვდება.  ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა სახის მასტერკლასში ჩაერთონ. ეს არის დედაქალაქთან ახლოს კარგი დასასვენებელი  ადგილი, სადაც ყველანაირი გემოვნების ადამიანი თავის სურვილებს დაიკმაყოფილებს.

„ეს არის ჩვენი 20-წლიანი ოჯახური სასტუმრო მომსახურების ტრადიცია, რომელიც თბილისში, ფიქრის გორაზე მე და ჩემი მეუღლის მიერ აშენებული ბუტიკური სასტუმროს „დემი“-ის არსებობიდან იწყება.  იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანი იყო ბიზნესის ეს სფერო ჩემთვის, რომ გადავწყვიტეთ ქალაქგარეთ შეგვექმნა ანალოგური სივრცე, უფრო ფართო  შეთავაზებებით. გარშემომყოფებს, რა თქმა უნდა, უკვირდათ რატომ დავანებეთ თავი თბილისში 20 წლის აწყობილ სასტუმრო ბიზნესს და 60 წლის ასაკში შევეჭიდეთ სრულიად ახალ საქმეს – აგროტურიზმს.  ბუტიკური სასტუმროდან მიღებულ შემოსავალს მთლიანად „შატო დემის“ განვითარებაში ვდებდით და დღეს კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ სწორი ინვესტიცია გავაკეთეთ.

აგროტურისტული ადგილის შესაბამისად, ამ სახლის რეკონსტრუქცია ჩავატარეთ და გავაკეთეთ მარანი.  გვინდოდა, რომ ბიოდინამიური მეთოდით მოვლილი ვენახებიდან მიღებული ყურძენი, ღირსეულად, ქვევრში დაგვებინავებინა.  დღემდე მახსოვს, ეზოში შემოგორებულ ქვევრებს როგორც შვილს ხვდება დედა ისე დავხვდი, ჩავეხუტე და ასე დაიწყო ჩემი და ღვინის ისტორია. ბიზნესის დასაწყებად ყველაზე რთული სწორი მიმართულების პოვნა და შემდეგ ამ მიზნის სრულყოფილებისთვის ბრძოლაა. ხშირად ეს ბრძოლა დიდ ზღვაში ცურვის არმცოდნე ადამიანის ბრძოლას მაგონებს, ცურვა არ იცი და იმისთვის, რომ გადარჩე, ყველა ძალა უნდა მოიკრიბო და სამშვიდობოს გამარჯვებული გამოხვიდე. რამდენიმე წლის წინ ტელევიზიით მოვისმინე, რომ ვისაც სურდა რაიმე ახალი იდეის განხორციელება შეგვეძლო მიგვეკითხა ფერმერთა ასოციაციისთვის. მესამე დღეს აღმოვჩნდით ქ-ნ ნინო ზამბახიძესთან მიღებაზე მე და ჩემი მეუღლე, ჩვენი დახუნძლული იდეებით სავსე. მან ყურადღებით მოგვისმინა და მოგვცა რჩევები თუ რომელი საგრანტო კონკურსებისთვის უნდა მიგვემართა. ეს აღმოჩნდა ძალიან დიდი დახმარება ჩვენი სწორ გზაზე დაყენებისთვის და მუდამ მადლობელნი ვიქნებით ამ უანგარო დახმარებისთვის. ასე მივიღეთ დახმარება, შევუდექით საქმის კეთებას და დღემდე ვაგრძელებთ. ასე გახდა ეს საქმიანობა ჩვენი ჰობიც. ჩვენგან წასული თითოეული  კმაყოფილი სტუმარი ემოციაა, ჩვენი დიდი შრომის შედეგი. ასევე,  ვართ ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრები, მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა გამოფენებში. სწავლა სიბერემდეო ნათქვამია, ჩვენც ასე მივყვებით გზას. ვიტყვი, რომ ამ აგროტურისტული ობიექტის შექმნით ჩვენ უფრო გავიზარდეთ. აქ ქარიც, წვიმაც, თოვლიც და ყვავილობაც საოცარი სილამაზეა.  მიწა ჩვენი მარჩენალია და კარგად უნდა მოვუაროთ. მიწასთან დაბრუნებით მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს კეთილდღეობა დადგება.“

რუბრიკა: GFA