ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო სახლი „კომლი“ ოზურგეთში სოფელ წითელმთაში ჩაის ბაღს, კასრსა და ნალიას ნომრებად, ბამბუკის ტყეს, ეზოში მდინარე კიკვატაზე ნავით გასეირნებას და საკუთარი ხელით მომზადების აგროტურისტულ სერვისს მოიცავს. აქ ჩამოსულ ვიზიტორებს, ღამისთევასთან ერთად, უშუალოდ ჩაის კრეფის პროცესში ჩართვაც შეუძლიათ. ამასობაში, გაისეირნებთ გომის მთისკენ, ურეკში, შეკვეთილში და კომლში დაბრუნებულები საკუთარი ხელით მოგრეხილ ჩაის დააგემოვნებთ. სახლი 150 წელს ითვლის და აქ გურული ყოფისთვის დამახასიათებელ არაერთ ელემენტს შეხვდებით.
ეტიმოლოგიურად სიტყვა „კომლი“ კვამლიდან მოდის. ანუ ეს არის ადგილი, საიდანაც კვამლი პერმანენტულად, ზამთარ-ზაფხულ ამოდის. კვამლის ამოსვლა იმას ნიშნავს, რომ იქ საჭმელი კეთდება, სითბოა, სასმელია, ჩაის ადუღებენ და ცხოვრება გრძელდება.
ლიკამ თბილისში 35 წლიანი წარმატებული კარიერა დატოვა, გურიაში დაბრუნდა და დღეს „კომლში“ კვამლი ამოდის.
საქართველოში გურია კახეთის შემდეგ ვაზის ენდემური ჯიშების რაოდენობით ყველაზე მდიდარი მხარეა. აქ 60-მდე უნიკალური ვაზის ენდემური ჯიშია. მართალია, ლიკას ჩაის ფილოსოფიის ცოდნა დედისგან ერგო, თუმცა ინტერესი ვაზის მიმართაც გაუჩნდა და საკუთარი ნაკვეთის ფერდობზე სადემონსტრაციოდ ვაზის რამდენიმე იშვიათი ჯიშის გაშენებაც დაიწყო. ეზოში შესულებს გურული ჩხავერი, მტევანდიდი, საკმიელა, ბადაგი, კამური და რცხილათუბანი დაგხვდებათ. ვაზის გაშენების ინსპირაცია ეზოში აღმოჩენილი ქვევრებიდან წამოვიდა, რომლებიც წინასწარი ვარაუდით, გვიანი შუა საუკუნეების პერიოდს ეკუთვნის. არქეტიპული მარნის გვერდით თანამედროვე მარნის მოწყობას გეგმავს. ჩხავერის პირველი მოსავალი უკვე ჩამოისხა და „კომლის“ ბრენდის ქვეშ ექსპორტზე ამერიკაშიც გაიგზავნა.
საოჯახო მეურნეობის განვითარებაში ლიკას ოჯახის წევრები ეხმარებიან. ის არც ექსპერიმენტებს გაურბის. ეზოს განაპირას „ჰობიტების სახლი“ შენდება და, სამომავლოდ, კომლის სივრცეს ეკო სოფლის დინამიკა მიეცემა. მზის ენერგიისა და მდინარე კიკვატას სარწყავად გამოყენება იგეგმება. ყველაფრის გაკეთებას ისე გეგმავს, როგორც ორი საუკუნის წინ იყო, ოღონდ თანამედროვე ცოდნითა და მიდგომით.
„დედა 50 წელზე მეტხანს ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კვლევების ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი იყო. ის წესი ხომ იცით, ვისაც დედა გურული ჰყავს, თვითონაც გურული რომ არის და ჩემს შვილებსაც სიგიჟემდე უყვართ აქაურობა. ყოველ ზაფხულს აქ ვატარებდით, ბმა არ გაგვიწყვიტავს. დედა 80 წლის რომ გახდა მივხვდით, რომ უკვე მარტოს აღარ შეეძლო ამ ყველაფრის მოვლა და თან ჩვენც გვინდოდა, ახალი სული უნდა ჩაგვებერა აქაურობისთვის. დავიწყეთ ნელ-ნელა სახლის აღდგენა და ეშხში შევედით. ეზოში, ჩემს პლანტაციაში ნახავთ 7-8 ჯიშის ჩაის ბუჩქს. იშვიათად ნახავ ადამიანს თბილისში, ქართლისა და კახეთის ზონაში ჩაის ბუჩქი რომ ნანახი ჰქონდეს. თუ სტუმარი ვერ რჩება, ამ ყველაფერს ვუყვებით და პირდაპირ დაგემოვნებაზე გადავდივართ. ეს არის ჩაის ტური. ჩაის ტური პირველი პროექტი იყო, მაგრამ კომლი ვერაფრით იქნება ღვინის გარეშე. მინდა, ზუსტად ის კომლი აღვადგინო, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო. პირველ რიგში, აღვადგენ მარანს პირველადი სახით.“