ფერმიდან სუფრამდე | ნინო კვერნაძე

ნინო კვერნაძის თავგადასავალმა ნიუ-იორკიდან სოფელ უდაბნოში გადმოინაცვლა. საქართველოში ერთ-ერთ მასშტაბურ კომპანიას „უდაბნო“ აგროკულტურისა და აგროტურიზმის განვითარების მიმართულება აქვს. შვიდი ათას ჰექტარზე გადაჭიმული ფერმერული მეურნეობა ნუშის ბაღებს, კენკრას,  სასტუმროს, ფერმებს და ენდემური ვაზის ჯიშებს აერთიანებს. ადგილზე მოყვანილი ჯანსაღი პროდუქტი სტუმრებს განსაკუთრებულ შთაბეჭდილების შეუქმნის, რაც სასტუმროს კონცეფციის მთავარი შემადგენელი ნაწილი იქნება. სასტუმროს ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, თუნდაც ცოტა ხნით, იცხოვრონ ფერმერის ცხოვრებით და თავად დაკრიფონ მოსავალი, რომლითაც მათთვის სასურველ კერძს შეფ-მზარეული  მოამზადებს. ეს არის სივრცე, სადაც გასაქმებენ, გასწავლიან და მომავლის პროფესიას განდობენ.

ნინო ნიუ-იორკის ერთ-ერთ უმსხვილეს საფინანსო კომპანიაში Goldman Sachs მუშაობდა, თუმცა ამერიკაში წარმატებულ კარიერას საქართველოში დაბრუნება  და „აჭარა ჯგუფში“ საქმიანობის გაგრძელება არჩია. დღეს ის საქართველოში  აგროკულტურისა და აგროტურიზმის განვითარების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე  მასშტაბურ კომპანიას მართავს. საწყის ეტაპზე ამ მიმართულებით გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა ბევრი ისწავლა, ცოდნა გაიღრმავა და კახეთში შვიდი ათას ჰექტარზე გადაჭიმული  ფერმერული მეურნეობა ჩაიბარა.

„იტალიური და ესპანური ნუშის ბაღების გაშენება 2017 წელს 500 ჰექტარი მიწით დავიწყეთ. შემდეგ წელს გავაორმაგეთ და დღეს 2000 ჰექტარზეა    გაშენებული. სანერგეც გვაქვს. 150 ათას ნერგამდე ჩამოვიტანეთ და ჩვენ თვითონ გამოგვყავს ნერგები. ეს მისცემს შესაძლებლობას სხვა ფერმერებს, რომ ნერგები აქვე შეიძინონ და ჩვენსავით არ მოუწიოთ ევროპიდან ჩამოტანა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მარტო ჩვენ არ გვქონდეს ნუშის ბაღები, ირგვლივ სხვებმაც გააშენონ და საქართველო იყოს ნუშის მწარმოებელი ქვეყანა. ცალსახად, ეს ადგილი სასოფლო-სამეურნეო ცენტრად და მდგრადი ტურისტული დანიშნულების ადგილად ყალიბდება. უდაბნოში მოსულ სტუმრებს იტალიიდან ჩამოყვანილი ხმელთაშუა წყლის კამეჩები, ალპური ჯიშის თხები, ნუშისა და კენკრის ბაღები, ქათმები და სასტუმრო დახვდებათ.  დღეისთვის, რძეს ვყიდით ყველის მწარმოებლებზე, ისინი ამზადებენ, ჩვენ გვიბრუნდება და ვამარაგებთ ჩვენს სასტუმროებსა და რესტორნებს. ჩვენს რძის ნაწარმს ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ყველაფერი ნატურალურია და ძნელი საშოვნელი. საზღვრების გახსნის შედეგ, ვაპირებთ ჩამოვიყვანოთ კონსულტანტები და დავიწყოთ ჩვენი რძის გადამუშავება.  რძის ნაწარმის ცოტა რაოდენობა გვაქვს და არის მხოლოდ ჩვენი სასტუმროების მომარაგებისთვის. თუ რძის წარმოება გაიზარდა, მერე შეიძლება განვიხილოთ გასაყიდად სხვა ობიექტებში გაშვებაც. „აჭარა ჯგუფისთვის“ მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობთ პროდუქციას. არ ვაპირებთ, რომ უზარმაზარი საწარმო გავაკეთოთ, რადგან ადგილობრივი მეურნეობის ხელშეწყობას ვცდილობთ. ასევე, გვაქვს კენკრის ბაღები. მთლიანობაში, 20 ჰექტარზე გაშენებულია  მარწყვი, მაყვალი და ჟოლო. კომპანია უკვე 400-ზე მეტი ადამიანს ასაქმებს და ძირითადად ადგილობრივებს. ჩვენს პარტნიორ საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთანაც ვაგრძელებთ მუშაობას და ამ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვფიქრობთ. ჩვენ ყველა ერთად თანამედროვე საქართველოს ვაშენებთ. ასეთი მაშტაბური წამოწყება სოფლის მეურნეობის მიმართულებით  არ გაკეთებულა, და, დარწმუნებული ვართ, ყველასთვის საამაყო იქნება, რაც კეთდება ქვეყანაში.“

რუბრიკა: GFA