დაკა ბერძენიშვილი რამდენიმე წლის წინ დედაქალაქიდან გურიაში, სოფელ ხიდისთავში დაბრუნდა და ჩირების ბიზნესი წამოიწყო, რომელსაც საოჯახო სასტუმროც შეუთავსა. საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში მოყვანილი ნატურალური გურული ნუგბარი ძალიან მალე ბევრისთვის სასურველი გახდა და ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა.
დაკა გურიაში, ჩოხატაურში, დაიბადა, სკოლაც აქ დაამთავრა და, ქუთაისის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სამუშაოდ ისევ გურიას დაუბრუნდა. 90-იან წლებში მისი წარმატებული კარიერა უკვე თბილისს უკავშირდება. თუმცა, სურვილი იმდენად დიდი ჰქონდა შექმნილიყო პრეცენდენტი და სოფელში ქართული საქმე დაწყებულიყო, რომ 2015 წელს გურიაში დაბრუნდა და სოფელ ხიდისთავში დასახლდა.
სოფლად ცხოვრებასთან ერთად, საჭირო გახდა ისეთი საქმე წამოეწყო, რომელიც კეთილდღეობას მოუტანდა მასაც და სხვებსაც დაანახებდა, რომ წარმატებული საქმის კეთება სოფლადაც შესაძლებელია. ათასი იდეიდან ჩირის წარმოებაზე შეჩერდა. ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციით დაიწყო ჩირის წარმოების ტექნოლოგიის თეორიული შესწავლა. ბიზნეს გეგმით მოგებული თანხით კი შეუძლებელი იყო სხვა ქვეყნიდან ჩირის საშრობის ჩამოტანა. ამიტომ, მეგობრების დახმარებით, საშრობი კარადის მუშაობის იდეის დამუშავება დაიწყო. ასე დამზადდა რუსთავის საამქროში ჩირის საშრობი კარადა, თუმცა ხურმის გაშრობაზე გათვლილი ბიზნეს გეგმა ხურმის სეზონს აცდა და ახალი გამოწვევის წინაშე მყოფმა დაკამ მიიღო გადაწყვეტილება გაეშრო ის ხილი, რაც დეკემბერში იყო გურიაში – მანდარინი და კივი. ექსპერიმენტებმა გემრიელი ნუგბარის ასორტამდე მიიყვანა. პირველი ასორტი ასე გამოიყურებოდა: ჯანჯუხები, ფორთოხლის კანის ცუკატები, ვაშლი, მანდარინი, კივი, ხურმა, თხილი და ნიგოზი. ასე აღმოჩნდა გურული ნუგბარის ასორტი მოწნულ თეფშებზე, ხელით შეკერილ ტომსიკებში. მეგობრების დახმარებით შექმნა ლოგო, შესაფუთი ყუთები და პირველივე წელს დაბრენდილი „სკიჯი“ სუპერმარკეტის ქსელშიც შევიდა. ძალიან მალე „სკიჯში“ ევროპული სტანდარტის მქონე სერტიფიცირებული საწარმო აშენდება, რომელიც გურულ ოდაში შეიფუთება და HACCP სტანდარტი ექნება. ეს ყველაფერი კი საშუალებას მისცემს, რომ ტონობით ჩირის წარმოება შეძლოს. ახალ საწარმოში ასევე იქნება ხილისა და ყვავილების ჩაი.
რამდენიმე წლის წინ სამთო-სათხილამურო კურორტად დაანონსებულმა ბახმარომ საოჯახო სასტუმროს „ სკიჯი“ იდეა დაბადა. ასე გაჩნდა გურია ტურისტულ რუკაზე და ამ რუკაზე „სკიჯი“. სასტუმრო ვინტაჟური, სოფლის დამახასიათებელი ინტერიერით და ავეჯით არის მოწყობილი. დიდი აივნები, ხუთი საძინებელი, სასადილო ოთახი, ბუხარი, ეზოში მდგარი „ქუხნა“ შუაცეცხლითა და კეცებით სტუმარს მასტერკლასების მიღების საშუალებას აძლევს. სახლთან ახლოს პატარა მდინარე ლუგუბა ჩამოდის, 400 მეტრში კი, დიდი მდინარე გუბაზოულია. სოფელშია ნოდარ დუმბაძის, მოსე გოგიბერიძის, ანა კალანდაძის სახლ-მუზეუმები, რამდენიმე ეკლესია-მონასტერი (უდაბნოს მამათა მონასტერი, ერკეთის დედათა მონასტერი, გორთაფონის მამათა მონასტერი, სამების ეკლესია), რამდენიმე კილომეტრში კი კურორტები — ნაბეღლავი და ბახმარო.
„ჩემი ოცნება ახდა, როდესაც საკუთარი ბიზნესი დავიწყე. ჩირს ვამზადებ. დასაწყისში ნულიდან დავიწყე წარმოება. ხილის გაშრობა არც კი ვიცოდი. ფონი ძალიან ცუდი იყო. გურიაში რესურსი არ არსებობს და ყველას ეგონა, რომ ვერაფერს გავაკეთებდი. არაფერი მქონდა, არც აქტივობები, სათქმელი, გარდა ჩემი მონდომებისა, ძალისხმევისა და ინტერესისა, რომ რამე გამეკეთებინა. რაღაც უნდა გაკეთებულიყო. მინდოდა დამემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, ხალხისთვის, ვინც აქ ცხოვრობდა და ვინც წავიდა, რომ ამ ადგილას რამის გაკეთება შემეძლო. მე ვარ მოქალაქე, რომელიც ფლობს საშუალო რაოდენობის ქონებას და ვისაც არ ჰქონდა დაწყობილი თანხა ბიზნესის დასაწყებად. მაგალითად, ჩემთვის ეს იყო ჩემი სახლი და ხილი, რომელიც აქ მოდიოდა. ბევრი რამ შეიცვალა. თავიდან ფონი და დამოკიდებულება შეიცვალა. ჩემმა ძალისხმევამ მიბაძა მიმბაძველებს. ჩემს დასასვენებელ სახლში საწოლები არ იყო და შიგნით წვიმდა. ახლა ის საოჯახო სასტუმროდ იქცა. აქ ჯობია რამე გააკეთო, ვიდრე გაგიმარტივდეს ცხოვრება თბილისში, ასფალტზე. ამ ქვეყნის აშენება შესაძლებელია მხოლოდ რეგიონებში სიარულით, ბოლო წერტილის გაკეთებით და ფიქსაციით. გაფართოებას ვგეგმავ, მინდა საშუალო ზომის ევროპული სტანდარტის მქონე სერტიფიცირებული საწარმო ავაშენო. აგროტურიზმის ნიშა მინდა დავიკავო, რადგანაც წარმოებაც მაქვს და საოჯახო სასტუმროც. მინდა ჩემი საქმით დავანახო ადამიანებს, რომ გურიას აქვს განვითარების პოტენციალი, აქაც შეიძლება წარმატებული საქმის კეთება, კარგი საცხოვრებელი პირობების შექმნა!“