მეღვინე გოგო სოფელი ობჩიდან | ბაია აბულაძე

ბაია აბულაძე მეღვინე გოგოა, სოფელ მეორე ობჩიდან. ღვინის ინდუსტრიაში „ბაიას ღვინო“ უკვე ყველასთვის  ნაცნობი და საყვარელია. რამდენიმე ჰექტარზე გაშენებულ ვენახებს საკუთარი ხელით უვლის, მისი და ვაზის სიყვარულიც ბავშვობიდან იწყება. სოფელი ობჩა მეღვინეობისთვის ხელსაყრელი ზონაა. სოფელს სახელი სამი ჯიშის ყურძენმა – ციცქამ, ცოლიკაურმა და კრახუნამ გაუთქვა. ცოლიკაურს ობჩურას სახელითაც მოიხსენიებენ.

აბულაძეების ოჯახი ათეულობით წელია მეღვინეობას მიჰყვება. ბაიას ღვინის დაყენება ბაბუამ ასწავლა. დღეს კი, ის  და-ძმასთან ერთად აგრძელებს მეღვინეობის გზას. 

22 წლის ასაკში მან ოჯახის საქმიანობა ბიზნესად აქცია და ღვინის ინდუსტრიაში „ბაიას ღვინის“  ბრენდის ქვეშ გამოჩნა. მის მიერ წარმოებული ღვინო არა მარტო ობჩის საზღვრებს, არამედ ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა და მსოფლიო ღვინის რუკაზე ობჩამ თავიც მოინიშნა. 

ბაიამ განათლება საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით მიიღო, თუმცა არჩევანი ოჯახური ტრადიციის გაგრძელებაზე გააკეთა და დღეს რეგიონში მაგალითი გახდა, რომ ნებისმიერ გარემოსა და სივრცეში შესაძლებელია კარგად აკეთო შენი საქმე. მისი ღვინო პირველად 2015 წელს ჩამოისხა და მისმა წარმატებამაც  ღვინის ინდუსტრიაში ათვლა დაიწყო. ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ გოგო დაინტერესდებოდა ამ საქმიანობით. როგორც ქალს, მეღვინეობა მას დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს, რადგან საქართველოში ეს პროფესია მამაკაცურ საქმიანობად ითვლებოდა.  ქალი არა თუ მეღვინედ, არამედ მარნის ტერიტორიაზეც არ განიხილებოდა, თუმცა, ახალმა თაობამ დაანგრია ეს სტერეოტიპი და ბაია  პირველი იყო და-ძმას შორის ვინც  ღვინის ფილოსოფია დაინახა.

ბაია ვენახთან დიალოგს დილის 6 საათიდან იწყებს, ღვინის დაყენებისას კი ძველ და ტრადიციულ მეთოდს იყენებს. დღეს მისი  ღვინო ათ სხვადასხვა ქვეყანაში გადის.

ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მშობლიურ სოფელთან, ვაზსა და ღვინოსთანაა დაკავშირებული. მეღვინეობა-მევენახეობის სიყვარული მემკვიდრეობით გადმომეცა. მას შემდეგ, რაც თბილისში სასწავლებლად წავედი, ჩვენი ღვინით, ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებულ ახალი ღვინის ფესტივალებში ვმონაწილეობდით. 2015 წელს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის 5,000 ლარიანი დაფინანსებით ღვინის  ჩამოსასხმელი მოწყობილობები შევიძინეთ. შემდეგ უკვე, ნინო ზამბახიძისა და ფერმერთა ასოციაციის შესახებ ვნახე ვიდეო. როგორც კი  ფერმერთა ასოციაციის წევრები გავხდით, ჩვენი ღვინით რესტორნები, ღვინის მაღაზიები, ჟურნალისტები დაინტერესდნენ და დღეს უკვე ექსპორტზეც  გაგვაქვს.  პირველი საექსპორტო შეკვეთა ავსტრიიდან მივიღეთ, დღეს უკვე 10 ქვეყანაში აგემოვნებენ ჩვენს ღვინოს.  ეს ბაზრები ქართული ღვინის მიმართ ძალიან მზარდია.  როდესაც სოფელში ცხოვრობ, ძალიან ბევრი რესურსია იმისთვის, რომ იყო წარმატებული. ამისთვის მხოლოდ შრომაა საჭირო. მეღვინეობა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ძალიან დიდი სიყვარული და ინტერესი მაქვს ამ საქმის მიმართ. როცა ვენახთან მუშაობ რთულია, რომ გაბრაზდე. ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ამ ბიზნესის კეთებისას მივიღე იყო ის, რომ უკან არასდროს არ უნდა დაიხიო!  მთავარი მოტივაცია კი ღვინისადმი სიყვარულია. ჩვენს საქმეში საკუთარ ფინანსებს ვდებდით და ყოველგვარ ღონეს ვხმარობდით, რომ წინ წაგვეწია. დღეს ახალ მიწებს ვყიდულობთ, ვენახებს ვაშენებთ და დიდ გეგმებს ვსახავთ“.

რუბრიკა: GFA