როცა ბიზნესის ეფექტურად სამართავად სამედიცინო განათლება აუცილებელია | ინტერვიუ თინათინ გეთიაშვილთან

პროფესიით ენდოკრინოლოგი თინათინ გეთიაშვილი სწავლის პარალელურად და მძიმე ცხოვრებისეული მოვლენების მიუხედავად, 22 წლის ასაკში მრავალმხრივი კარიერის შენებას შეუდგა. გამოცდილების დაგროვება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პროფესიებშიც მოახერხა და უკვე უმუშავია როგორც იტალიურ ნავთობკომპანიასთან, ისე – თავისსავე დაარსებულ სასტუმროების მენეჯერად კახეთში და თბილისში.

ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად პროფესიული კეთილსინდისიერება და შერჩეული სფეროს ზედმიწევნით ცოდნა აუცილებელია, თუმცა მის მთავარ მამოძრავებელ ძალად მაინც საქმისადმი გულწრფელ და ერთგულ სიყვარულს მიიჩნევს. თინათინს ამჟამად მორიგი წამოწყება – ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „კლინიკა 27“ აქვს.

Forbes Woman Georgia გთავაზობთ ინტერვიუს თინათინ გეთიაშვილთან, რომელიც მენეჯერულ პოზიციაზე მნიშვნელოვან წარმატებებს სწორედ სამედიცინო განათლების გამოყენებით აღწევს.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

როდის და როგორ დაგებადათ ესთეტიკური მედიცინის ცენტრის გახსნის იდეა?

ჩემი პირველი პროფესიული თავგადასავალი მაშინ დაიწყო, როცა 19 წლის ვიყავი და სწავლის პარალელურად პრაქტიკაც დავიწყე. პროფესიით ექიმი ვარ, თუმცა პირადი ტრაგედიის გამო იძულებული გავხდი, დროებით გავჩერებულიყავი. რამდენიმე წლის მერე განვაახლე განვითარების პროცესი და ენდოკრინოლოგიას დავეუფლე. საკმაოდ დაკლაკნილი და რთული გზა გამოვიარე. პირველ პროექტს, რომელიც განვახორციელე, ერქვა „დროა გახდომის“, ამას მოჰყვა სხვა პროექტებიც, რომლებმაც ისეთი უნარები და ხრიკები დამასწავლა, რომელთაც დღესაც დიდი სიამოვნებით ვიყენებ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესთეტიკურობა, სილამაზე და ბუნებრივობა. ამიტომაც, ყოველთვის მინდოდა, ჩემი პროფესია როგორმე ამ კონცეფციებთან დამეკავშირებინა და ჰარმონიულ თანხვედრაში ვყოფილიყავი. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვიკვლევდი, რა გვჭირდებოდა, რა არ გვქონდა საქართველოში ‒ მინდოდა, ჩემი წამოწყებები ინოვაციურიც ყოფილიყო. ასე დაიბადა იდეა, შემექმნა ესთეტიკური მედიცინის ცენტი, სულ რამდენიმე თვის წინ კი ეს იდეა რეალობად ვაქციე და მისთვის თავდაუზოგავი მუშაობაც დავიწყე.

რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ბიზნესის წამოწყება კორონავირუსის პანდემიის ფონზე?

კოვიდ-19 როცა დაიწყო, უკვე 3 დამოუკიდებელ პროექტში ვიყავი ჩართული და სწორედ მას შემდეგ, როცა პანდემიის გამო ისინი დაიხურა, გადავწყვიტე, „კლინიკა 27“ შემექმნა. სწორედ პანდემიის პერიოდში მივხვდი, რომ ბიზნესის კეთებისთვის აუცილებელი დრო გამომითავისუფლდა და დრო იყო, ხელი ახალი და სერიოზული საქმისთვის მომეკიდა. პანდემია ჩემთვის სირთულე ნამდვილად არ ყოფილა, პირიქით, დამატებითი შესაძლებლობებიც კი მომიტანა.

დღეს ქართულ ბაზარზე ესთეტიკური მედიცინის ცენტრების დიდი მრავალფეროვნებაა. რა გამოარჩევს „კლინიკა 27“-ს კონკურენტებისგან?

სილამაზის სფეროში, ზოგადად, ბუნებრიობა და ხარისხი არის უმთავრესი. „კლინიკა 27“-ს ერთი ოქროს წესი აქვს ‒ სულიერი და ფიზიკური სილამაზე ყოველთვის უნდა იყოს თანაბრად მნიშვნელოვანი. ექიმი ვალდებულია, უზრუნველყოს პაციენტის ინფორმირებულობა და შეინარჩუნოს ბალანსი კონკრეტულ ზღვარზე. შესაბამისად, ჩვენთან ექიმები პაციენტებთან მუშაობენ, როგორც ქოუჩები და თუნდაც დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად მათი მხრიდან, არასდროს არ აკეთებენ იმას, რაც მას არ სჭირდება და ავნებს.

ასევე, ბაზრის კვლევისას გავიაზრე, რომ საქართველოში ძალიან ბევრ პაციენტს უნდოდა თავის მოვლა, მაგრამ ეშინოდათ ინექციის. ადამიანის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ 30 წლის მერე დაბერების შეუქცევადი პროცესები აქტიურდება. ასეთია, მაგალითად, ტუჩის ფორმის დაკარგვა, მოშვებული კანი. ვეძებდი გზას, როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემების მოგვარება ნემსისა და მავნე ნივთიერებების ჩარევის გარეშე. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა და ძალიან მიხარია, რომ ამ მხრივ პირველები ვართ საქართველოში. გვაქვს უახლესი თაობის Er: YAG და Nd: YAG ესთეტიკური ლაზერი Fotona, რომელიც განკუთვნილია სახის ესთეტიკური მკურნალობისთვის. Fotona-ს ლაზერული მოწინავე ტექნოლოგიისა და საკუთრებაში არსებული ASP-ით დამუშავებული რეჟიმების უნიკალური კომბინაციით TimeWalker® შექმნილია და ოპტიმიზირებულია სახის ლიფტინგის არაინვაზიური პროცედურებისთვის.

„კლინიკა 27“ გამორჩეულია ბაზარზე არსებული ყველა სხვა მედიცინის ცენტრისგან. ჩვენთან მკურნალობა არ არის ინვაზიური და სხეულში არ ხვდება ხელოვნური ნივთიერებები, რადგან პროცედურის დროს პაციენტებს საკუთარი კოლაგენი უსტიმულირდება.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ჯანმრთელობისა და სილამაზის რა სახის პროცედურებს სთავაზობს თავის მომხმარებელს „კლინიკა 27“?

ჩვენი კლინიკა პირველია საქართველოში, რომელიც Fotona-ს მეშვეობით მომხარებელს სთავაზობს შემდეგ პროცედურებს:

  • ლაზერული გაახალგაზრდავება Fotona 4D (მოშვებული კანის ლივტინგი, ნაოჭების გასადავება);
  • ინექციების გარეშე ტუჩის მოცულობის გაზრდა LipLase;
  • პერიოკულარული გაახალგაზრდავება. (თვალის ირგვლივ მიდამოში ნაოჭების გასადავება) SmoothEye;
  • პერიორალური ზედაპირის მკურნალობა Perioral Resurfacing Treatment (ცხვირ-ტუჩის ნაოჭის გასადავება);
  • ძილის აპნოეს (ხვრინვის) მკურნალობა NightLase;
  • კაპილარების და ვენების მკურნალობა Thread VienTreatment;
  • თმის ბოლქვის აღდგენა Hair Restoration;
  • სახის წმენდის აპარატურული პროცედურები. RFლივტინგი, ოქსიგენოთერაპია, აპარატურული პილინგი-ალმასური დერმაბრაზია;
  • მიკრონიდლინგი;
  • ოსტეოპათია;
  • ტანის მოვლის აპარატურული პროცედურები.
  • ბიფრობლასტების პროცედურა (Brera წარმოების Plasmage, რომელიც ერთადერთი ფრაქციული პლაზმაა);
  • ქუთუთოების არაოპერაციული მოდელირება;
  • მოშვებული კანის შემცირება;
  • გოფრირებული კანის ნაკეცების შემცირება;
  • სტრიების მნიშვნელოვანი გასადავება;
  • ნაწიბურების მკურნალობა.

რას გვეტყვით „კლინიკა 27“-ის მენეჯმენტსა და მასში დასაქმებულ სპეციალისტებზე, როგორ უზრუნველყოფთ მათ პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას?

22 წლიდან მენეჯმენტში ვარ და ვფიქრობ, რომ ამ სფეროში დიდი გამოცდილება დავაგროვე. „კლინიკა 27“ ჩემთვის ყველაზე პატარა და, ამავდროულად, საყვარელი პროექტია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ შედარებით ახალგაზრდა სპეციალისტებს შანსი მივცეთ და მათ პროფესიულ წინსვლას ხელი შევუწყოთ. შესაბამისად, ჩვენი სტაფი მთლიანად დაკომპლექტებულია ახალგაზრდა პროფესიონალებით, ადმინისტრაციული პერსონალით დაწყებული ‒ ექიმებით დასრულებული. მათ გაცილებით მარტივად შეუძლიათ, ფეხი აუწყონ უახლეს ტექნოლოგიებს და ადაპტირდნენ ინოვაციურ მიდგომებთან. მართალია, ჯერ მხოლოდ 3-4 თვეა, რაც თანამშრომლობა დავიწყეთ, თუმცა უკვე აქტიურად ვაკვირდები, ვის რა გეგმები აქვს სამომავლო განვითარების თვალსაზრისით.

თუკი კორონავირუსი ხელს არ შეგვიშლის, უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ უამრავ გამოფენაში, რაც საშუალებას მოგვცემს სიახლეების დანერგვაში. ასევე დაგეგმილი გვაქვს საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.

როგორ გესახებათ „კლინიკა 27“-ის მომავალი 5-10 წლის შემდეგ?

ჩემი ოცნებაა სასტუმრო-კლუბის გაკეთება და ამაზე ზრუნვა უკვე დაწყებული გვაქვს. კახეთში შევიძინეთ მიწის ნაკვეთი და იქ ვგეგმავთ ესთეტიკური სასტუმროს მოწყობას, სადაც ქალებს გვექნება შესაძლებლობა, დავისვენოთ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ შევძლოთ პროფესიონალურად მოვუაროთ სახის კანსა თუ ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილს. საქართველოს უდიდესი რესურსი აქვს, რათა ეს სერვისები ხარისხიანი და ხელმისაწვდომი გავხადოთ და ვგეგმავთ, არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ მომხმარებელსაც აქტიურად მოვემსახუროთ.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

რომელი პიროვნული თვისებები გეხმარებათ, თავი გაართვათ დაკისრებულ ვალდებულებებს და აღწევდეთ წარმატებას?

არცერთ დაბრკოლებას ხელისშემშლელ ფაქტორად არ აღვიქვამ. პირიქით, ბარიერი ჩემთვის მოტივაციაა და სწორედ ეს მაძლიერებს. არსებობდა ისეთი ტრავმებიც, რომლებმაც დროებით მაიძულა, გავჩერებულიყავი და შემესვენა, ასეთი იყო მეუღლის გარდაცვალება, რომელიც ძალიან მძიმედ გადავიტანე, თუმცა საბოლოოდ ყოველთვის ვბრუნდები ორმაგად ძლიერი, მებრძოლი და გამოცდილი და ეს განაპირობებს ჩემს წარმატებულობასაც. ჩემი კარიერული გამოცდილებებიც ყოველთვის იყო მრავალფეროვანი და დაბრკოლებებით სავსე. ერთ-ერთი პირველი მენეჯერული თანამდებობა ნავთობკომპანიაში 22 წლის ასაკში მივიღე, შემდეგ კვლავ ენდოკრინოლოგიას დავუბრუნდი. მაქვს სასტუმროს მართვის გამოცდილებაც, რაც თავდაპირველად ჩემს მთავარ პროფესიასთან არანაირ კავშირში არ იყო, თუმცა ამას ოდნავადაც არ შევუშინებივარ. ყოველთვის მზად ვარ სიახლეები ჩემს გამოცდილებად ვაქციო. ჩემთვის მნიშვნელოვანია ინოვაცია, სილამაზე და ბუნებრივობა. მახსოვს, როდესაც სარკეში პირველი სტატიკური ნაოჭი შევნიშნე, მაშინვე ვიფიქრე, რომ სხვებსაც და საკუთარ თავსაც ამ პრობლემის მოგვარებაში აუცილებლად მე უნდა დავხმარებოდი.

რამდენად გეხმარებათ თქვენი პროფესია – ენდოკრინოლოგია, მართოთ ეფექტურად ბიზნესი, რომელიც სილამაზის გარდა ადამიანთა ჯანმრთელობასაც უკავშირდება?

ვფიქრობ, ამ საქმის კეთება ჩემთვის ურთულესი იქნებოდა, სამედიცინო განათლება რომ არ მქონდეს. ამ სფეროში ცოდნის ფლობა იმ დროსაც კი პირველხარისხოვანია, როცა უშუალოდ პროცედურებს არ ატარებ და მხოლოდ ბიზნესს მართავ. არც კი ვიფიქრებდი და წამოვიწყებდი ამ საქმიანობას ჩემი სამედიცინო განათლების გარეშე.