საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2020 წლის იანვარ–აპრილის პერიოდში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3463.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.8%–ით ნაკლებია წინა წლის მონაცემებთან შედარებით. შემცირების ტენდენცია ფიქსირდება როგორც იმპორტის(11.9%–ით), ისე ექსპორტის მიმართულებით(11.8%–ით).
რეკორდულად 38.5%–ით შემცირდა იმპორტის მოცულობა აპრილში მარტის თვესთან მიმართებაში, ხოლო აპრილში ექსპორტის მოცულობა 27.9%–ით ჩამორჩება მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ჩაკეტილი საზღვრებისა და შეჩერებული ეკონომიკური საქმიანობის შედეგია.
საინტერესოა, რა სახის მომსახურებასა და პროდუქტს ვყიდულობთ და ვყიდით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთია, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვა 2020 წლის იანვარ–აპრილის პერიოდში 469300.7 ათას აშშ დოლარს შეადგენს, რომლის უდიდესი წილი იმპორტზე მოდის. იმის გამო, რომ საქართველოს თურქეთიდან ბევრი სახის საქონელი შემოაქვს, არ იკვეთება რომელიმე დომინანტი პროდუქტი. ამ პერიოდში თურქეთიდან შემოვიდა სამკურნალო საშუალებები, რომლის წილი მთლიან იმპორტში 4.3%–ია; შავი ლითონები(იმპორტის 3%); მზა ნაწარმი და ტანსაცმელი( 2.7%) , მეტალოკონსტრუქციები(2.6%) და სხვა. ექსპორტის მოცულობის 20.2% ფეროშენადნობებზე მოდის, რომლის მოცულობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია. ტრიკოტაჟის ნაწარმი საექსპორტო საქონელში ერთ–ერთი მოწინავეა და მასზე თურქეთში ექსპორტის 17.8% მოდის. ასევე საქართველოდან თურქეთში გადის ხორცპროდუქტები, თევზეული, ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან და სხვა.
აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია ექსპორტის კუთხით. საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტის მოცულობამ იანვარ–აპრილის პერიოდში 145164 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მოცულობა 221843.3 ათას აშშ დოლარს შეადგენს. ექსპორტის უდიდესი ნაწილი 58.6% მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის მოცულობა 54.4 პროცენტითაა გაზრდილი. საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში ასევე შესულია სიგარები და სიგარეტები, რომელიც მთლიანი ექსპორტის 3.54%–ს შეადგენს; სამკურნალო საშუალებები 3.12%; ხორცპროდუქტები 3.1% და აზოტოვანი სასუქები 2.7%. იმპორტის მოცულობაში უდიდესი წილი ნავთობპროდუქტებზე მოდის(61.7%), ასევე აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს ელექტროენერგია, რომელიც იმპორტის მოცულობის 6.1%–ს შეადგენს და სხვადასხვა ნაწილები, რომელთა პროცენტული წილი აზერბაიჯანთან მთლიან იმპორტში 5%–ია.
საქართველოს ერთ–ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია რუსეთი, რომელთანაც იანვარ–აპრილის პერიოდში ჩვენი სავაჭრო სალდო 375727.3 ათას აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ იმპორტის მოცულობა ორჯერ აღემატება ექსპორტის მოცულობას. ექსპორტირებულ საქონელში ლიდერობს ყურძნის ნატურალური ღვინოები(29.3%) და ფეროშენადნობები (26%), თუმცა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მათი მოცულობა შემცირებულია. საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში მოხვდა მინერალური და მტკნარი წყლები(12.6%); სპირტიანი სასმელები(7.8%) და მსუბუქი ავტომობილები(3.3%). იმპორტირებული პროდუქტების ჩამონათვალში დიდი წილი უჭირავს ნავთობპროდუქტებს(16.2%); ხორბალს(10.1%); მზესუმზირის ზეთს(4.2%) და ელექტროენერგიას(3.5%). საინტერესო ფაქტია, რომ 2020 წლის იანვარ–აპრილის პერიოდში წინა წელთან შედარებით თითქმის 30 ტონით მეტი ხორბალი იქნა შემოტანილი საქართველოში რუსეთიდან.