რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 34.2%-ით შემცირდა

Photo Credits to Vruyr Martirosyan

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში არარეზიდენტი მოგზაურების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.6%-ით არის შემცირებული, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 16%-ით.

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების 69.1% ტურისტები იყვნენ, რომლებმაც ქვეყანაში საშუალოდ 3.4 ღამე გაათიეს (წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი – 3.7 ღამე).

ვიზიტორთა უმრავლესობა თბილისში იმყოფებოდა (40.7%), მომდევნო სამი რეგიონი სიაში კი ქვემო ქართლი (17.6%), აჭარა (15.2%) და მცხეთა-მთიანეთია (13.1%).

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით მკვეთრად არის შემცირებული ვიზიტორთა რაოდენობა რუსეთის ფედერაციიდან – 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში რუსეთიდან 488,000-მდე ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 34.2%-ით ნაკლებია.

შემცირებულია საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში გაწეული ხარჯების მოცულობაც, კერძოდ, საერთაშორისო ვიზიტორებმა:

  • საკვებსა და სასმელზე დახარჯეს 331 მილიონი ლარი;
  • გართობაზე დახარჯეს 205.7 მილიონი ლარი;
  • საყიდლებზე დახარჯეს 201.3 მილიონი ლარი;
  • განთავსებაზე დახარჯეს 199.9 მილიონი ლარი;
  • ადგილობრივ ტრანსპორტში დახარჯეს 74 მილიონი ლარი;
  • სხვა ხარჯებმა კი 21.6 მილიონი ლარი შეადგინა.

ჯამში საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში 2020 წლის პირველ კვარტალში 1.03 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12.9%-ით ნაკლებია.