საქსტატის ცნობით, 2020 წლის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიანი ექსპორტის 69.3%-ია. იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის მოცულობამ წინასწარი შეფასებით 539.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში უმსხვილესი ათი ქვეყნის წილი 80%-მდეა, მათ შორის, ყველაზე მსხვილი პარტნიორია ჩინეთი (18%) – ამ მხრივ მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება, გასული წლის იმავე პერიოდისთვის ჩინეთის წილი ამ მიმართულებით მხოლოდ 5.3% იყო (29.3 აშშ დოლარი).
ცნობისთვის, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის ყველაზე მსხვილი საექსპორტო პარტნიორი რუსეთის ფედერაცია იყო – 20.7%-იანი წილით.
ადგილობრივ ექსპორტში ყველაზე მსხვილი სასაქონლო პოზიცია კი სპილენძის მადნებისა და კონცეტრაციების ექსპორტს უკავია (29.5%). 2019 წლის იმავე პერიოდს თუ შევადარებთ, 2020 წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა თხილისა და სხვა კაკლების ექსპორტის მოცულობაში (39.4%-იანი ზრდა), ხოლო კლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ფეროშენადნობების ექსპორტის მოცულობაში (39.3%-იანი კლება).