საქართველოს საგარეო ვაჭრობის ინტერაქტიული პორტალი

სტატისტიკური მონაცემების მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი პროდუქტი _ საგარეო ვაჭრობის ინტერაქტიული პორტალი შექმნა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის მომხმარებელთათვის სტატისტიკური მონაცემების ხელმისაწვდომობას და დაეხმარება მომხმარებლებს უზარმაზარი სტატისტიკური მონაცემების მარტივად აღქმაში.

პორტალის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ მოახდინოს ექსპორტისა და იმპორტის მონაცემების გენერირება სასაქონლო ჯგუფების, ქვეყნების და ტრანსპორტირების სახეების მიხედვით.

საინტერესო სიახლეა, რომ პორტალზე განთავსებულია მსოფლიო ინტერაქტიული რუკა, რომელზეც მოცემულია საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების მონაცემები. მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია გაიგოს საქართველოს სავაჭრო ბალანსი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან.

უნდა აღინიშნოს, რომ პორტალზე განთავსებული სავაჭრო ნაკადების ამსახველი დეტალური მონაცემები აქამდე ფასიან ინფორმაციას წარმოადგენდა, თუმცა დღეიდან ყველა მომხმარებლისათვის უფასოა.

პორტალზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, მასზე არსებულ მონაცემთა განახლება განხორციელდება ყოველთვიურად, საგარეო ვაჭრობის მონაცემების გავრცელების პარალელურად.