საქსტატი: სამრეწველო პროდუქციაზე ფასები 12,7%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის მაისის თვის სამრეწველო პროდუქციის ფასების ცვლილების განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი რამდენიმე ჯგუფს მოიცავს, როგორებიცაა: ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული პროდუქცია, იმპორტირებული და ექსპორტირებული პროდუქტთა ფასები და მომსახურების ფასების ინდექსი.

საშუალოდ, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 12,7 %-ითაა გაზრდილი, წინა თვესთან შედარებით კი ფასებმა 1,4%-ით მოიმატა. გარკვეულ ქვე-ჯგუფებზე ფასები საგრძნობლადაა მომატებული. ფასები სასმელებზე 1,5%-ით, ქიმიკატებსა და ქიმიურ პროდუქტებზე 7,3%-ით, ხოლო ძირითად ლითონებზე 5,1%-ით გაიზარდა.

სამომხმარებლო პროდუქტებიდან ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მაისთან შედარებით კვების პროდუქტებზე ფასებმა 13,3%-ით მოიმატა, სამთო მოპოვებით მრეწველობაზე ფასები 29,7%-ით, ხოლო ელექტროენერგიასა და აირზე ფასები 15,4%-ით გაიზარდა.

მომსახურების სფეროშიც აღინიშნება შესამჩნევი ცვლილებები. სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა წელთან შედარებით ფასებმა 2,7%-ით იკლო. საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების ფასები 45,0%-ითაა შემცირებული, ხოლო სახმელეთო გაზრდილია 7,3%-ით. აპრილის თვესთან შედარებით კი ფასები 0.8%-ით გაიზარდა. ამ შემთხვევაში ფასების ზრდა საჰაერო ტრანსპორტზე ფასების 6,1%-იანი ზრდითაა გამოწვეული. სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებასა და მილსადენებით ტრანსპორტირებაზე ფასებმა კი მცირედით (0.01%) დაიკლო.

იმპორტსა და ექსპორტზე ფასების ინდექსში შემდეგი ცვლილებებია: იმპორტის ფასებზე შეინიშნება 5,4%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით, ხოლო ექსპორტის ფასების ინდექსი 19,9%-ითაა გაზრდილი. ექსპორტული დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასებმა 16,8%-ით, სამთო-მოპოვებით მრეწველობაზე კი 50,8%-ით მოიმატა. შედარებით მცირე ზრდა შეინიშნება იმპორტულ დამამუშავებელ მრეწველობასა (4,8%) და ელექტრონერგიის, აირისა და ცხელი წყლის ფასებზე (8,2%).