საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის მონაცემები გამოაქვეყნა.
2020 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.1 პროცენტით (110.0 ლარით) გაიზარდა და 1 202.7 ლარი შეადგინა.
აღნიშნული ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა, თუმცა ხელფასების ზრდა განსაკუთრებით საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში გამოიკვეთა (წლიური ზრდა 37.1 პროცენტი). ერთადერთი სექცია, რომელშიც წლიური საშუალო ხელფასების კლება დაფიქსირდა არის სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა. თუმცა აღნიშნული კლება უმნიშვნელოა.
საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (2 596.4 ლარი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (1 887.9 ლარი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (1 794.8 ლარი) და მშენებლობა (1 703.0 ლარი).
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 960.4 ლარით, ხოლო კაცების – 1 423.9 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 84.3 და 129.8 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
რაც შეეხება ბიზნეს სექტორს, 2020 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ამ სექტორში 75.2 ლარით გაიზარდა და 1 227.0 ლარი შეადგინა.
მიუხედავად ნომინალური ხელფასების წლიური ზრდისა, 2020 წლის I კვარტალში ხელფასები 2019 წლის IV კვარტალთან შედარებით შემცირებულია დაახლოებით 8.86 პროცენტით. კერძოდ, 2019 წლის IV კვარტალში საშუალო ხელფასი 1 319.6 ლარი იყო ხოლო 2020 წლის I კვარტალში-1 202.7 ლარი.