საქსტატი: საარსებო მინიმუმი კვლავ შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მაისის თვეში საარსებო მინიმუმი კვლავ შემცირდა. შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი საქსტატის მონაცემებით მაისში 189.6 ლარს შეადგენს, რაც 10 ლარით ნაკლებია აპრილის თვის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მაისის თვეში დაახლოებით 17 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი და 318 ლარი შეადგინა.

ოჯახის ტიპების მიხედვით საარსებო მინიმუმი ამ დროისთვის ასე გამოიყურება:

  • ერთსულიანი: აპრილი 176.8 ₾; მაისი 167.9₾.
  • ორსულიანი ოჯახი: აპრილი 282.8₾; მაისი 268.7₾.
  • სამსულიანი ოჯახი: აპრილი 318.2₾; მაისი 302.2₾.
  • ოთხსულიანი ოჯახი: აპრილი 353.6₾; მაისი 335.8₾.
  • ხუთსულიანი ოჯახი: აპრილი 397.8₾; მაისი 377.8₾.
  • ექვსსულიანი და მეტი: აპრილი 470.2₾; მაისი 446.6₾.

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

საქსტატის მეთოდოლოგიით, საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 70%–ით, დანარჩენი 30% კი არასასურსათო ხარჯებზე მოდის.