საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ადგილობრივი ტურიზმის 2020 წლის მეორე კვარტლის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37,2%-ით შემცირდა და 596,5 ათასით განისაზღვრა. რაც შეეხება საქართველოს ფარგლებში განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურ რაოდენობას, წინა წლის აღნიშნული პერიოდთან შედარებით, 2020 წლის მეორე კვარტალში აღნიშნული მონაცემიც შემცირებულია, 39,2%-ით და 675,7 ათასს შეადგენს.
სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების 40,7% ქ. თბილისის მაცხოვრებელია, ამას გარდა ვიზიტორთა 50,5% არის ქალი, ხოლო ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (39,1%) 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემები ასევე მოიცავს ვიზიტორების მიერ მოგზაურობისას გაწეულ ხარჯებსაც, რომელიც 2019 წლის გასულ პერიოდთან შედარებით 25,2%-ით არის შემცირებული. შესაბამისად, 2020 წლის მეორე კვარტალში ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 89,2 მილიონი ლარით განისაზღვრა. ხოლო რაც შეეხება ვიზიტზე გაწეულ საშუალო ხარჯს, აღნიშნული მონაცემი 23,2%-ით გაზრდილია და 132,0 ლარს შეადგენს.