2019 წელს საქართველოს სასტუმროებში დასაქმებულთა უმეტესობა ქალი იყო | საქსტატი

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურმა სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების შესახებ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წელს საქართველოში 1 682 რეგისტრირებული სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.6%-ით აღემატება.

სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების უმეტესობა კერძო საკუთრებას წარმოადგენს, უფრო კონკრეტულად, 99.3%კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.7%- სახელმწიფო საკუთრებაში.

2019 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობმა დაახლოებით 2 მილიონი კვადრატული მეტრი შეადგინა, რაც 17.9%-ით აღემატება 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

რაც შეეხება სტუმრების ეროვნებებს, სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში რეკრეაციისა და დასვენების მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობა რუსეთის ფედერაციისა და ისრაელის მოქალაქეს წარმოადგენდა (შესაბამისად, 18.5 და 14.5 პროცენტი). მათ მოსდევთ თურქეთის, უკრაინის, არაბთა გაერთიანებული ემირატების, ირანის, აზერბაიჯანის, გერმანიისა და სომხეთის მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 20 575 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (57.3 პროცენტი) ქალები წარმოადგენდნენ.