საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მეცხოველეობის შესახებ 2020 წლის მეორე კვარტლის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს.
წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2,6%-ით გაიზარდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა. ეს მაჩვენებელი 2014 წლიდან მცირე მასშტაბებით იცვლება და 950 ათასიდან 1 100 ათასამდე მერყეობს. რძის წარმოება ბოლო 6 წლის მეორე კვარტლის მონაცემების მიხედვით საშუალოდ 200 მილიონი ლიტრია, წელს კი 190 მილიონზე მეტია და მხოლოდ 0,1%-ით ჩამორჩება წინა წლის მაჩვენებელს. ხორცის წარმოება 5,8%-ით გაიზარდა და 16,3 ათასი ტონა შეადგინა.
ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წელს 984,2 ათასი სულია, რაც 12,1%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ეს რაოდენობა ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია. რაც შეეხება ღორის სულადობას, 205 ათასზე მეტი შეადგინა, რაც 1,8%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
ფრინველების რაოდენობა წინასწარი მონაცემის მიხედვით 16,9%-ით გაიზარდა 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით და ჯამში 12, 5 მილიონს გადააჭარბა. ეს რიცხვი ყველაზე მაღალია 2014-2020 წლების პერიოდში. კვერცხის წარმოება 1,4%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით, თუმცა აღემატება ბოლო წლების სხვა მონაცემებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის საბოლოო მონაცემებს 2021 წლის 15 ივნისისთვის გამოაქვეყნებს.