საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის ივნისის თვის სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი გამოაქვეყნა.
მაისთან შედარებით აღნიშნული ინდექსი 1.2%-ით შემცირდა. აქედან ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული პროდუქციის ფასები 0.9%-ითაა შემცირებული.
შესამჩნევი ცვლილებები შეინიშნება ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფებზე, კერძოდ კი ფასები წინა თვესთან შედარებით 4.5%-ითაა შემცირებული. ფასები ასევე შემცირებულია დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე, მათ შორის სასმელებზე ფასებმა 2.4%-ით იკლო.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წინა წელთან შედარებით ფასების ინდექსი გაზრდილია 10.1%-ით. ფასების ინდექსის პროცენტულ ცვლილებაში მაღალი წვლილი მოდის კვების პროდუქტებზე (2.6%), სასმელზე (1.1%), ძირითად ლითონებზე(1.48%), ფარმაცევტულ პროდუქტებსა და პრეპარატებზე (0.46%), ელექტროენერგიასა და აირზე(0.69%).
ექსპორტის ფასების ინდექსი კი წინა წელთან შედარებით 15.3%-ითაა გაზრდილი. აღნიშნულ პერიოდში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 12,6%-ით გაიზარდა, ხოლო სამთო-მოპოვებით მრეწველობის კი 41.6%-ით. იმპორტის ფასები წინა წელთან შედარებით მხოლოდ 2.4%-ითაა გაზრდილი. ფასების ზრდა იმპორტული დამამუშავებელი მრეწველობისა და სამთო-მოპოვებით პროდუქციაზე დაბალანსებულია ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფის ფასების შემცირებით.
მომსახურების სფეროში მაისთან შედარებით 1.7%-ით შემცირდა ფასები სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე, ასევე შეინიშნება 2.4%-იანი ზრდა დროებითი განთავსების საშუალებებით და კვებით უზრუნველყოფით მომსახურებაზე. შედარებით უმნიშვნელო ცვლილებები აღინიშნება სატელეკომუნიკაციო მომსახურების ფასებზე, კერძოდ კი მაისთან შედარებით ფასები 0.01%-ით შემცირდა. წინა წელთან შედარებით კი 14.3%-იანი ზრდა შეინიშნება სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე, სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურების ფასები 4.8%-ით, ხოლო დროებითი განთავსებისა და კვების ფასები 1.3%-ითაა შემცირებული.