საქსტატი: საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 16%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

2020 წლის იანვარ-ივნისში, წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 1 503.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდზე 16.0 პროცენტით დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 3.0 პროცენტით შემცირდა ადგილობრივი ექსპორტი და მან 1 078.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2020 წლის იანვარი-ივნისის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები ჩინეთი, რუსეთი და ბულგარეთი არიან. ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა კი საქართველოს ადგილობრივ ექსპორტში 80.5% შეადგინა.

საექსპორტო ათეულში სასაქონლო ჯგუფებიდან პირველ ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს, რომელიც მთლიანი ექსპორტის 30.8%-ს და 332.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზე ფეროშენადნობები, მესამეზე კი ყურძნის ნატურალური ღვინოებია წარმოდგენილი.