საქართველოს ტოპ 3 საექსპორტო ქვეყნები: ჩინეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი | საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის 2020 წ. იანვარი-ივნისი პერიოდის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.

2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 053.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.2 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 1 503.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (16.0 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 3 550.5 მლნ. აშშ დოლარს (19.1 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა (ექსპორტს მინუს იმპორტი), 2020 წლის იანვარ-ივნისში, 2 047.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულია: ჩინეთი (205.1 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (203.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (188.1 მლნ. აშშ დოლარი). შემდეგ არიან ბულგარეთი, თურქეთი და სომხეთი.

წინასწარი მონაცემების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს ექსპორტში 22.5 პროცენტია, ხოლო დსთ-ის ქვეყნების 43.2 პროცენტი.

რაც შეეხება იმპორტს, 2020 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (595.2 მლნ. აშშ დოლარი),  რუსეთი (396.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (325.6 მლნ. აშშ დოლარი).

წინასწარი მონაცემების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს იმპორტში  24.1 პროცენტია, ხოლო დსთ-ის ქვეყნების 31.2 პროცენტი.

2020 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 332.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილზეა ფეროშენადნობები და ყურძნის ნატურალური ღვინოები.