დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში ივნისში ინფლაციის დონის შესახებ – 2020 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (გამორიცხავს სურსათსა და უალკოჰოლო სასმელს, ადმინისტრირებისა და სატრანსპორტო ტარიფებს), აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე (სამომხმარებლო კალათიდან გამორიცხავს თამბაქოსაც) წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.2 პროცენტით განისაზღვრა.
ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია: ზრდის მიმართულებით-სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა, კლების მიმართულებით-ტრანსპორტის ჯგუფმა.
ყოველთვიური ინფლაცია გამოიწვია შემდეგი ჯგუფების ფასების ცვლილებამ:
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები 4.8%-ით, ხოლო ტრანსპორტის ჯგუფში ფასების 3.4%-ით შემცირდა. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფასები კი პირიქით, 5.6%-ით გაიზარდა. საქართველოში 2.2%-ით გაძვირებულია ჯანმრთელობის დაცვაც.
ხოლო წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.15 პროცენტული პუნქტით აისახა (განსაკუთრებით აღსანიშნავია ფასების 46.5 პროცენტიანი ზრდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფებზე), ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაზრდილია 7.5 პროცენტით, ასახვა-0.61, ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 8.6 პროცენტით, რის შედეგადაც ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -1.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა.