საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სოფლის მეურნეობის ყოველწლიური სტატისტიკური პუბლიკაცია გამოაქვეყნა.
2020 წლის მაისში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 14.7%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.58 პროცენტული პუნქტით აისახა. ძირითადად ფასების მატება შეინიშნება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (47.1%), რძე, ყველი და კვერცხი (24.6%), თევზეული (17.1%).
მონაცემების თანახმად, 2019 წელს სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობამ ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 7.2% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.6%-ით ნაკლებია. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი უკანასკნელი ხუთი წლის მონაცემთა საშუალოს (მშპ-ს 7-8%) ფარგლებში რჩება.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი და ისევ 5.5%-ს შეადგენს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შიდა მეურნეობაზე 60.3 ლარია.
საქსტატის ცნობით ხორცის წარმოება 4%-ით, მატყლის წარმოება 5%-ით, ხოლო რძის და კვერცხის წარმოება 1% და 4%-ით შემცირდა. თაფლის წარმოება კი უცვლელი დარჩა.