მშენებლობის ღირებულების ინდექსი 5.1 პროცენტით გაიზარდა

დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მშენებლობის ღირებულების ინდექსის 2020 წლის I კვარტალის მონაცემები გამოაქვეყნა.

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.3 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, საქსტატის თანახმად, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.3 პროცენტიანი კლებით. შესაბამისად, შრომის ანაზღაურების კლებამ ინდექსის შემცირება გამოიწვია.

მაგრამ, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.1 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო როგორც სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასის 9.5 პროცენტიანი ზრდით, ასევე სამშენებლო მასალებზე ფასების 3.3 პროცენტით ზრდით.

2019 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 1.5 იყო, ხოლო მესამე კვარტალში-6.

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად საჭირო სამშენებლო მასალებისა და მომსახურებების ფასების დონის საშუალო მაჩვენებელს საბაზო პერიოდთან შედარებით.

ინდექსის გაანგარიშებისათვის საჭირო ფასების შეგროვება ხდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ ორგანიზაციებში, მათ მიერ ბაზარზე მიწოდებულ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე.

მშენებლობის ღირებულების ინდექსი ასრულებს მნიშვნელოვან როლს სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლის დეფლირების პროცესში.

პრეს–რელიზთან ერთად, საქსტატის ვებ-გვერდზე ყოველკვარტალურად ქვეყნდება მშენებლობის ღირებულების ინდექსის დროითი მწკრივები როგორც  წინა კვარტალთან, ასევე წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით.