საქსტატის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2020 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 41.7%-ით შემცირდა. ასეთი დაბალი მაჩვენებელი 2009 წლის შემდეგ არ განმეორებულა. მაშინ ამის მიზეზი 2008 წლის ომის გავლენები იყო, ახლა კი მსოფლიოს კრიზისულ ფონთან ერთად, ძირითადი მიზეზები საქართველოში მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება და კომპანიების საქართველოს მოქალაქეების მფლობელობაში გადასვლაა.
ინვესტორ ქვეყნებს შორის მოწინავეა გაერთიანებული სამეფო, რომლის ინვესტიციების პროცენტული წილი 44.2%-ია. ხუთეულში კი შედიან აშშ, პანამა, დანია და ნიდერლანდები. აზერბაიჯანმა, რომელიც მთლიანი წლის მონაცემებით, 2014 წლიდან მოყოლებული უპირობო ლიდერი იყო, ბოლო ორი წლის მონაცემებში „დანარჩენი ქვეყნების“ კატეგორიაში გადაინაცვლა, საგრძნობლად შემცირებული მაჩვენებლის გამო.
ყველაზე მეტი ინვესტიცია, 94,9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, საფინანსო სექტორში განხორციელდა. მასთან ერთად, ეკონომიკის სექტორის უმსხვილეს სამეულში მოხვდა უძრავი ქონებისა და რესტორნების და სასტუმროების სფერო, რომელთა საერთო წილი 87.5 პროცენტია. სამეულში ვერ მოხვდა ტრანსპორტის სექტორი, რომელიც 2014-2017 წლებში მოწინავე სფერო იყო. ამ სექტორში ინვესტიცია 2018 წელს 322 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო გასულ წელს 132 მილიონით შემცირდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეს და წინა წლის მთლიანი მაჩვენებლები წინასწარი მონაცემებია, 2019 წლის დაზუსტებული ვარიანტი კი 2020 წლის 17 აგვისტოს გამოქვეყნდება.