ქართველი ქველმოქმედი ქალები

ეკატერინე ფორაქიშვილი (სარაჯიშვილი)

ეკატერინე 1882 წელს დაიბადა ივანე ფორაქიშვილისა და ნატალია წილოსანის ოჯახში. მისი მასწავლებელი იმ დროის ცნობილი მწიგნობარი ქალი ნატო სულხანიშვილი იყო, რომელმაც ეკატერინეს განათლების მიღებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ეკატერინე თავისუფლად საუბრობდა რუსულად, ინგლისურად და გერმანულად, რაც მას ეხმარებოდა საქართველოში ჩამოსულ ევროპელებთან საქმიან ურთიერთობაში (მარჯორი უორდროპი, არტურ ლაისტი, ბერტა ფონ ზუტნერი და სხვ.).

Archive: The National Parliamentary Library of Georgia

ეკატერინე თავის მეუღლესთან, დავით სარაჯიშვილთან ერთად, როგორც რუსეთის იმპერიის, ასევე პირველი რესპუბლიკის წლებში თავდაუზოგავად ცდილობდა ხელი შეეწყო ეროვნული იდეების გავრცელებაში. ეკატერინე და დავით სარაჯიშვილები არ იშურებდნენ საკუთარ ქონებას საგანმანათლებლო მოძრაობისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.

ეკატერინემ 3 მილიონი უანდერძა ქართული კულტურისთვის ყველა მნიშვნელოვან ინსტიტუციას. მათ შორის:

  • 500 000 მანეთი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, ასევე 1000 მანეთის პროცენტიანი ქაღალდები
  • 200 000 მანეთი ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას
  • 150 000 მანეთი ქუთაისის თეატრის ასაშენებლად
  • 25 000 მანეთი დრამატულ საზოგადოებას
  • 50 000 მანეთი თბილისში პოლიტექნიკური ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად
  • 30 000 მანეთი კავკავის (ორჯონიკიძე) ღარიბ მოსწავლეებს (განურჩევლად ეროვნებისა), სწავლის ქირის გადასახდელად
  • 200 000 მანეთი ქირურგიული საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში

ეს არის ის მცირე ჩამონათვალი ქველმოქმედებისამ რომელიც ეკატერინემ თავის ანდერძში მოიხსენია. ამავე ანდერძში ეკატერინემ მიუთითა, რომ ორი მილიონის ღირებულების ქარხნები და დაწესებულებები მათი ლიკვიდაციის შემდეგ წერა-კითხვის გამავრცელებელ, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და თბილისის დრამატულ საზოგადოებებს უნდა გადასცემოდა.

ანასტასია თუმანიშვილი

ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი (1849-1932) დაიბადა ცნობილი კრიტიკოსისა და პუბლიცისტი მიხეილ თუმანიშვილის ოჯახში. ანასტასია ბავშვობიდან ესწრებოდა იმ დროის საზოგადო მოღვაწეების, მწერლებისა და პოეტების შეხვედრებს, რამაც, როგორც თავად იხსენებს, დიდი გავლენა მოახდინა მასზე.

მას აინტერესებდა უცხო ენები (გერმანული, ფრანგული), მუსიკა და იმ დროის მოწინავე საგანმანათლებლო იდეები. 1876 წელს ანასტასია შვეიცარიაში გაემგზავრა სკოლამდელი ასაკის ბავშვების აღზრდის საკითხების შესასწავლად. ოთხი თვის შემდეგ სამშობლოში ახალი იდეებით დაბრუნდა. მის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში ვკითხულობთ: „ოთხი თვის მოგზაურობის შემდეგ ოჯახს დავუბრუნდი, თბილისში ჩამოვედი და მაშინ გამოირკვა ჩემი ცხოვრების მიზანი: მუშაობა, განუწყვეტლივ მუშაობა ჩემი ხალხისთვის“ (ღვინიაშვილი,1959:7).

Archive: The National Parliamentary Library of Georgia

1884 წელს ანასტასიას ინიციატივით ჩამოყალიბდა მასწავლებელ და აღმზრდელ ქალთა ურთიერთდახმარების საზოგადოება, რომელიც დიდ კულტურულ და სოციალურ საქმიანობას ეწეოდა. ანასტასიას იდეებითა და დაფინანსებით ეწყობოდა სახალხო ლექციები, საკვირაო სკოლები, საქველმოქმედო საღამოები. ასევე გაიხსნა სახალხო ბიბლიოთეკა. ამავე პერიოდში ანასტასია თუმანიშვილის თაოსნობით სოფელ ხელთუბანში გაიხსნა სკოლა და მასთან არსებული ობოლთა თავშესაფარი.

ანასტასია თუმანიშვილის დაარსებულია საბავშვო ჟურნალი “ჯეჯილი”. მას ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდა, რადგან მუდმივი საფრთხე არსებობდა ცენზურისა და უსახსრობისა გამო ჟურნალის დახურვისა. თუმცა, ამ ყველაფრის ის მიუხედავად, 1890 წელს დაწყებულ სარედაქციო საქმიანობას ის 30 წლის განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა.

ეკატერინე (კეკე) მელიქიშვილი

ეკატერინემ განათლება ოჯახის ხელშეწყობით მიიღო. მან 19 წლის ასაკში შვეიცარიაში დაამთავრა გიმნაზია და შემდეგ მიიღო უმაღლესი სამედიცინო განათლება. იმ დროის ქართულ საზოგადოებას ქალის განათლების მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ჰქონდა და, უფრო მეტიც, ამ პროცესის წახალისებასაც ცდილობდა. ეკატერინეს საქმრო, სერგეი მესხი, სიხარულით შეხვდა თავისი საცოლის შვეიცარიაში გამგზავრებას , მის წერილშში ვკითხულობთ: „ოთხი წელიწადი მოითმინე, მოიგონე ის ნეტარი დრო და იფიქრე იმ მომავალ დროზე, როდესაც შენ აქ კურს დასრულებული და მომზადებული ჩვენში სამუშაოდ ჩამოხვალ და ჩვენ ერთად შევუდგებით ჩვენს სამშობლოში იმ საქმეებს, რომლებიც ჩვენი ცხოვრების მიზნად და მანუგეშებლად უნდა მიგვაჩნდეს“ (ღვინიაშვილი, 1959).

Archive: The National Parliamentary Library of Georgia

ციურიხში გატარებული წლები საკმაოდ ნაყოფიერი იყო კეკესთვის. მან ისწავლა გერმანული და ფრანგული ენები, გაეცნო იმ დროის მოწინავე იდეებს, აქტიურად ადევნებდა თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და პარალელურად სწავლობდა მედიცინას.

კეკე მთარგმნელობით და საქაველმოქმედო საქმიანობაში უცხოეთში გამგზავრებამდეც  იყო ჩართული და სამშობლოში დაბრუნებისას კვლავ გააგრძელა იგი. მან, ანასტასია წერეთლის მიერ შექმნილ წრეში გაერთიანებულმა, სხვა მრავალ ნაწარმოებთან ერთად თარგმნა „მეთვრემეტე საუკუნის ამერიკელი ქალები“. მის მიერ შერჩეული სათარგმნი ტექსტები ყოველთვის სოციალური სიმძაფრითა და აქტუალობით გამოირჩეოდა. მასვე დიდი წვლილი მიუძღვის საბავშვო ლიტერატურის გამრავალფეროვნებაში. გარდა იმისა, რომ უშუალოდ აფინანსებდა ბავშვთა განათლებას, ასევე აქტიურად თარგმნიდა საბავშვო ლიტერატურას.

ელენე ყიფიანი

ელენე იყო მთარგმნელი, მსახიობი, აქტიურად მონაწილეობდა საგამომცემლო და საქველმოქმედო საქმიანობაში. ფრანგულიდან თარგმნა ჰიუგო, მოლიერი. ტასო წერეთელთან ერთად ლიტერატორ ქალთა წრე ჩამოაყალიბა. მისივე ინიციატივით ქალთა ჯგუფმა გამოსცა კრებული „თარგმანი საამო საკითხავთა თხზულებათა“.

ელენემ ქუთაისში ეკატერინე გაბაშვილთან და ეკატერინე მელიქიშვილთან ერთად დააფუძნა „ქართული ბიბლიოთეკა“. ის აქტიურად ცდილობდა საკუთარი თარგმანებით გაემრავალფეროვნებინა ლიტერატურა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი იყო და სოფლებში უსასყიდლოდ ასწავლიდა ქალებს წერა-კითხვას.

Archive: The National Parliamentary Library of Georgia

ელენემ დაარსა თბილისის თეატრალური დასი და მისი მუდმივი წევრიც იყო. დიდ ყურადღებას აქცევდა ქართულ გალობას და ცდილობდა გალობის ხმები ფირფიტებზე გადაეტანა. ელენე ყიფიანი ცხოვრების ბოლომდე იყო ქუთაისის სათავად-აზნაურო სკოლის ღარიბ მოსწავლეთა კომიტეტის თავმჯდომარე. ზრუნავდა მოსწავლეების სწავლა-განათლებაზე, ეხმარებოდა მათ მატერიალურად, ამარაგებდა მათ სასწავლო ნივთებითა და წიგნებით. თავისი თარგმანებით იგი ახალგაზრდობაში აჩენდა განათლების მიღების სურვილსა და შესაძლებლობას. ახალ თობას აცნობდა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ლიტერატურას.

ეკატერინე გაბაშვილი

ეკატერინე ადრე დაობლდა. მას ზრდიდა ბებია, რომელიც წინააღმდეგი იყო ქალთა განათლების და უნდოდა ეკატერინესთვის მხოლოდ წერა–კითხვა და დიასახლისობა ესწავლებინა. მამის დაჟინებული მოთხოვნით ეკატერინემ ცნობილ პანსიონში მიიღო საშუალო განათლება. თუმცა,  უსახსრობის გამო საზღვარგარეთ გამგზავრება და უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო.

ეკატერინე არ დანებდა და თვითგანათლება დაიწყო. გაეცნო რუსულ და უცხოურ ლიტერატურას, სოციოლოგიას. 17 წლის ეკატერინე უკვე მასწავლებელი იყო – ღარიბ ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა–კითხვას.

ეკატერინე გაბაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული ბიბლიოთეკების დაარსებაში, შემდეგ კი გაფართოება-შევსებაში. თანამოაზრეებთან ერთად მან შეაგროვა მრავალფეროვანი ლიტერატურა და ძალიან მოკლე დროში მოახერხა პირველი სამკითხველოს გახსნა. მოგვიანებით ბიბლიოთეკები გახსნეს ქალაქის სხვა უბნებშიც, მაგრამ წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვეღარ გადაიხადა ბინის ქირა და ეკატერინეს ძალისხმევით შეგროვილი წიგნები სახლის პატრონმა ქუჩაში გამოყარა. ეკატერინეს თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მოვლენა მის ცხოვრებაში.

Archive: The National Parliamentary Library of Georgia

ეკატერინემ თავად ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება, ამიტომ მან მთელი ცხოვრება სხვებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობების შექმნას მიუძღვნა. XIX საუკუნის 90-იან წლებში ქალთა ვიწრო წრეში წამოიჭრა პირველი ქართული ქალთა სკოლის დაარსების საკითხი, ეკატერინემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ინიციატივა განცორციელებულიყო. საბოლოოდ მან თბილისში, თავის სახლში მოაწყო ქალთა ხელსაქმის (ჭრა–კერვის) ხუთწლიანი სკოლა, რომელსაც 15 წელი ხელმძღვანელობდა. სკოლა საქველმოქმედო შეწირულობით არსებობდა და ზოგადსაგანმანათლებლო საგნებსაც სთავაზობდა მსმენელებს.

ეკატერინეს ჩანაწერებში ვკითხულობთ: „მე იმ ვიწრო კედლებს შუა, რომელსაც ოჯახის დიასახლისობას უძახიან და რომელიც შთანთქავს ხშირად დედაკაცის სულიერ არსებობას, პატარა ჭუჭრუტანა გავუკეთე და იქიდან მუდამ ყურს ვუგდებდი და თვალს ვადევნებდი ჩემი ქვეყნის საზოგადო ზრდასა და მსვლელობას.“

 

ავტორი: რუსუდან ბრაგვაძე