საზოგადოების განვითარების წინაპირობა იმ გამოწვევებთან შეჭიდებაა , რომლის წინაშეც მას დრო და გარემოება აყენებს. სწორედ ასეთი გამოწვევის წინაშე იდგა საქართველო საბჭოთა კავშირის ჯერ ტოტალიტარული, ხოლო შემდეგ დიქტატორული მმართველობის პერიოდში. ცხადია, ასეთ დროს ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და თანაბარუფლებიანობის იდეა იმაზე უფრო რთული მისაღწევია, ვიდრე ოდესმე. ამიტომაც, ასმაგად დასაფასებელია ის წვლილი, რაც იმ დროინდელმა ქართველმა ქალებმა შეიტანეს თანასწორობისა და ქვეყნის პოლიტიკური გეზის შეცვლაში.
ბევრისთვის უცნობია ის ფემინისტური მემკვიდრეობა, რაც ქართველმა ქალებმა დაგვიტოვეს. ამიტომაც, გთავაზობთ იმ ქალების არასრულ სიას, რომელთა იდეები და ნააზრევი დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
ანეტა გიგიბედაშვილი დაიბადა 1880 წელს, სოფელ ზემო ზადაკში. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გორის პროგიმნაზიაში განაგრძო, რომლის დასრულებაც უსახსრობის გამო ვერ მოახერხა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა გათხოვილიყო სოფელ ახალქალაქში ,პეტრე გრუზინსკის მოურავ იოსებ კაპანაძეზე.
ანეტა იყო ქალთა უფლებების დამცველი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი. მისი ინიციატივით ახალქალაქში დაარსდა სკოლა, საბავშვო ბიბლიოთეკა და სახალხო თეატრი.
ანეტამ 1902 წელს ლექსების პირველი კრებული გამოსცა. მოგვიანებით მონაწილეობაა მიიღო 1905 წლის რევოლუციაში. მენშევიკურმა მთავრობამ იგი რამდენჯერმე დააპატიმრა. 1921 წელს ის აირჩიეს საქართველოს უპარტიო ქალთა პირველი ყრილობის დელეგატად.
„როგორ სდევნიდნენ წინათ ქალს და როგორ სდევნიან დღესაც“
გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N9, 8 ივნისი, 1917 წ.
„რუსეთის იმპერიაში ამ ცხრა-ათი წლის წინათ ქალი, ქალი ვექილათ რომ წარსდგა მსაჯულთა წინ, სასამართლო დაჰხურეს, ქალს დამცველობის უფლება არა აქვს-ო; კავკასიაში ერთი პოეტის იუბილეზე განურჩევლათ ეროვნებისა გლეხების მიერ გამოგზავნილ ქალს მისივე ერის ინტელიგენტი კაცები უკრძალავდნენ იუბილიართან მისვლას, ქალის საპატიო პირად ამორჩევა მამა კაცების შეურაცხყობათ მიიღეს. – რკინის გზებზე უარჰყოფდნენ ქალების სამსახურს, ქალს ცუღლუტობა არშიყობის მეტი რა ძალუძსო…
რასაკვირველია ეს გონიერების დამამხობელი სიბეცე წარსულ ისტორიას ეკუთვნის, მაგრამ დღესაც ნაკლებ სულის კვეთებას არ განიცდის ქალი, როდესაც ცხოვრების ღერძის ბრუნვა ძირ-ფესვიანათ გადატრიალდა; დამონავებული ძლიერს ამოუყენა მხარში, გლეხი თავადს გაუთანასწორა… – აი რა ფრიად მწუხარებით აღსანიშნავია მასთან განსაცვიფრებელი, რომ ახალმა სიოს ძალუმმა ქროლვამ ჯერ ვერ წარიტაცა მამაკაცის ძარღვებში გამჯდარი დედაკაცისადმი მონობის შთაბეჭდილება. მაგრამ – დრო გაივლის, გონზე მოსული მამაკაცი ქალის პიროვნების წინ მოიხრის ქედს.“
ეკატერინე გაბაშვილი დაიბადა ქალაქ გორში 1851 წლის 28 ივნისს. მამა რევაზ თარხნიშვილი სასამართლოს მდივანი იყო. იგი ლიბერალურ თავადაზნაურობას მიეკუთვნებოდა.
ეკატერინემ ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ქართულ ლიტერატურაში პროზის მცირე ჟანრები, პატარა მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, სურათი. იგი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, ხელმძღვანელობდა ქალთა პროფესიულ სკოლას. სოციალურად შეჭირვებულ გოგონებს პროფესიულ მომზადებასთან ერთად, ზოგადი განათლების მიღებაშიც ეხმარებოდა .
ეკატერინე იყო ტფილისის ქალთა საზოგადოების დამფუძნებელი წევრი , ჟურნალ „ჯეჯილის“ თანადამაარსებელი და აქტიური თანამშრომელი.
„ჩვენს ქალებს“
გაზეთი „ივერია“ N100, 15 მაისი, 1898 წ.
„დროა ხელი ხელს მივცეთ, დროა ხმა ხმას მივაწოდოთ და საერთო ძალით გავაკეთოთ რამე, გამოვფხიზლდეთ, იდეალი დავსახოთ, მისდა მისაღწევად კრებული შევადგინოთ, მხოლოდ იდეალით აღჭურვილ ხალხს აქვს გონება გაბრწყინვალებული, სული განფაქიზებული, გული გალმობიერებული. მაშ ხელი, ქალნო! ჩავებნეთ საერთო ფერხულში, სავალდებულოდ გავხადოთ წელიწადში რამდენიმე დღე, მხოლოდ რამდენიმე დღე საზოგადო სამსახურს დავუთმოთ, კარგსა და ავს ვუჭირისუფლოთ, ნელა, ნელა, თითო ნაბიჯით, მაგრამ მედგრადა და შეუფერხებლად ვებრძლოთ გარემოებას და… ხვედრი, ჩვენი სვე ჩვენვე გავიტანოთ“.
კატო მიქელაძემ განათლება ევროპაში მიიღო. დაამთავრა ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი . ქალთა მოძრაობას პირველად პარიზში გაეცნო, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი თანამოაზრეებთად ერთად ქართველ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყო. 1917-18 წლებში ჩამოაყალიბა ქალთა ლიგა. იყო გამომცემელი და რედაქტორი გაზეთისა „ხმა ქართველი ქალისა“.
2013 წლის 29 ნოემბრიდან ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ქალთა ფონდმა საქართველოში“ კატო მიქელაძის სახელობის ყოველწლიური პრემია დააარსა, მისი ღვაწლისა და მემკვიდრეობის ხაზგასასმელად.
„მამაკაცების სულმოკლეობა და დედაკაცების კონსერვატიზმი“
გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“, 6 ნოემბერი, 1917 წ.
„დღევანდელს მამაკაცთა სოციალისტების უმრავლესობას, რომ კითხოთ, თუ რა აზრით უყურებენ ისენი ქალთა სწორუფლიანობას, ასეთს პასუხს მიიღებთ: „ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არა გვაქვს მისი, რომ ქალები სწორუფლიანი იყვნენ ჩვენთან, მხოლოდ გვაშინებს ის მოფიქრება, რომ თავიანთ უფლებით ქალები რეაქციას გააძლიერებენ, რადგან ბუნებრივათ, თუ ისტორიულად ისენი კონსერვატორები არიანო…
ქალები, მართლაც რომ კონსერვატორები ვართ. ჩვენ გვძულს და გვეზიზღება სისხლის ღვრა, არა მისთვის, რომ მას ვერ შევძლებთ (ჯერ ისეთი არაფერი არ მოუხდენია მამაკაცს, რაც ქალს არ შესძლებოდეს), არამედ მისთვის, რომ ჩვენს კაცთმოყვარე ბუნებას ის სძაგს… ასეთი ზნეობრივი ანგარიშით იმის თქმა არავის შეუძლია, რომ ქალები მოკლებული ვიყოთ უმაღლეს იდეალს და მხოლოდ დღიურ ჭირვარამზე ვზრუნავდეთ. მხოლოდ როცა ჩვენ ვისახავთ მიზნათ რთულსა და საზოგადო მნიშვნელოვანს საკითხს, ჩვენ გვსურს მისდა განსახორციელებლათ ნიადაგიც მომზადებული იყოს, და როცა ასეთს დავინახავთ, იქ არც თავის განწირვას დავერიდებით.“
ნინო ტატიშვილი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, მანვე დააფუძნა საზოგადოება „იმედი“, რომლის შემოსავლის წყაროსაც სასადილო წარმოადგენდა. ნინო შემოსული თანხით ქართულ თეატრს და სტუდენტებს ეხმარებოდა. მისი ინიციატივით 1907 წელს დაარსდა ქალთა კომისია, რომელიც ახალგაზრდებს უმაღლესი განათლების მიღებაში ეხმარებოდა.
„რა დავაშავეთ?“
გაზეთი „საქართველო“ 10 მარტი, 1916 წ.
„ჩვენში ბევრჯერ უთქვამთ, რომ ქართველ ქალს არა სჭირდება ემანსიპაციისათვის ბრძოლა, ის ყოველთვის ყოფილა მამაკაცის მხარში ამომდგარი და ეხლაც არისო.
რა ცრუ არის ესეთი შეხედულობა! აბა მითხარით ერთი, სად არის ქალი საზოგადო შრომაში გვერდში მდგარი მამაკაცთან? გადაავლეთ თვალი ჩვენს კულტურულ დაწესებულებათ. რიცხვით საკმარისად ბევრია. და ყოველ მათგანში საქმის მმართველად ზოგგან 7 და 12 კაცში ჭაჭანება არ არის ქალებისა თუ მხედველობაში არ მივიღებთ ზოგს გამგეობასთან დროებით დაარსებულ კომისიებს ნივთიერი მხრის საზრუნავად, ე.ი. ისევე ბილეთების გასაყიდათ! და მაშ სად უნდა იყოს მოქმედება ქალისა, მომზადება და წრთვნა მისი ისეთი დიდი როლისათვის მომავალში?“
დომენიკა ერისთავი დაიბადა 1864 წლის 28 ოქტომბერს, ქუთაისის მაზრის სოფელ სალომინაოში. მამის გარდაცვალების შემდეგ დედამ და უფროსმა ძმამ 17 წლის დომენიკა გაათხოვეს ქუთაისში მცხოვრებ ცნობილ ვაჭარზე, სოლომონ მდივანზე. დომენიკას მეუღლე საკმაოდ მკაცრი ბუნების აღმოჩნდა, იგი ცოლს სახლში კეტავდა და უკრძალავდა გარე სამყაროსთან ურთიერთობას . ამ პერიოდში დომენიკა კითხულობდა ჟორჟ სანდის ნაწარმოებებს, რომლებმაც ბიძგი მისცა მას ებრძოლა თავისი უფლებებისთვის. სწორედ ამ პერიოდში, ბიძაშვილის დახმარებით, დომენიკა მიდის თბილისში და იწყებს მუშაობას ჟურნალი „ნობათის“ რედაქციაში.
დომენიკა ერისთავი პირველი კორექტორი ქალი იყო. მას დიდი ამაგი აქვს ქართველ ქალთა უფლებების დაცვის საქმეში. იგი საქართველოში ქალთა პირველი ორგანიზაციის “ქართველ ქალთა საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.
„ჩემი პროტესტი“
გაზეთი „საქართველო“ N84, 16 აპრილი, 1916 წ.
„..კულტურულ საზოგადოებათა წარმომადგენლობის კრებამ საჭიროდ არ სცნო გამგეობის შვიდს წევრსა და სამს კანდიდატში ერთი ქალი მაინც მოჰყოლოდა…
ქართველ ქალებს საქმიანობის არც ერთ დარგში მამაკაცებზე მეტი თუ არა ნაკლები უნარი არ გამოუჩენიათ, მაგრამ კულტურულ საზოგადოებათა კავშირის კრებამ ვერ გამოიჩინა კულტუროსნობა და ღირსეული ადგილი ვერ მიუჩინა ქართველს ქალს, რომელსაც ჩვენი წინაპრები უფრო მაღლა აყენებდნენ. მეოცე საუკუნის ქართველი მამაკაცი სირცხვილის ალმურმა უნდა დასწვას მეთორმეტე საუკუნის მამაკაცის ხსენების დროს, თუ თანამედროვე ქართველს მამაკაცს სირცხვილის ნატამალი-ღა შერჩენია. ჩვენ მოწყალებას არა ვთხოვთ არავის, მხოლოდ ახსოვდეთ, რომ ქართველი ქალები უპროტესტოთ ვერ შეხვდებიან მამაკაცთა ასეთს ქედმაღლობას, რომელიც ბევრს გვაძლევს და არაფრის უფლებას კი არ გვავალებს. უუფლებო მოვალეობის ხანა წარსულს ეკუთვნის“.
მარიამ გარიყული, მწერალი ქალი, კიტა აბაშიძეს აკაკი წერეთლისთვის წარუდგენია გასაცნობად. მაშინ აკაკის თითები შეუთამაშებია და გულისწყრომით უთქვამს:
„რამ გაგრიყა ქალო, ასე ახალგაზრდა და გარიყული?! მე ნამდვილად ხნიერი მეგონე… გარიყული, განდევნილი…“
თავად მარიამი კი ფსევდონიმს თეატრიდან წასვლით ხსნიდა. იგი აღნიშნავდა, რომ „მაჩანჩალად“ ყოფნა საერთოდაც არ უნდა, ამიტომ ან თვალსაჩინო მსახიობი იქნებოდა, ან საერთოდ დატოვებდა თეატრს და ასეც მოიქცა.
„ქალებო, შევერთდეთ!“
გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ N1, 5 აპრილი, 1917 წ.
„მოგიწოდებთ ქალებო ქალთა საკითხის გარშემო, ვისაც დაჰკოდია გული თვისის უუფლებობით, არა მარტო პარლამენტის სკამზე დაუჯდომლობით! არამედ უფრო ახლოს გეტყვით: ვისაც დაჰკოდია გული თქვენივე ოჯახში, ქმარისაგან, მამისაგან, ძმისაგან. ვისაც თვის საკუთარ ნაწილ-გულევ ნაამაგარ ოჯახში არ ჰქონია თანასწორი ხმა, თავისუფალი კუნჭული გადმოგეღვარა ცრემლი, თვის საკუთარ, დედაკაცის უბედურებით სავსე ხვედრის ჭირ-ვარამზე, მოგიწოდებთ ყველას შეუერთდეთ ქალთა სწორუფლებიანობის დროშას…“
ბარბარე ერისთავი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ქალთა უფლებებზე ალაპარაკდა. საგულისხმობა მისი წერილი სახელწოდებით „ორიოდე სიტყვა ყმაწვილი კაცების საყურადღებოდ“, რომელიც 1893 წელს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა.
ბარბარემ ლიტერატურული მოღვაწეობა 1858 წელს ჟურნალ „ცისკარში“ ლექსების გამოქვეყნებით დაიწყო. მართალია, ბევრი აკრიტიკებდა მის შემოქმედებას, თუმცა მაინც აქტიურად განაგძობდა სამწერლო მოღვაწეობას.
ბარბარე თანასწორობას ქადაგებდა, ქალთა განათლების იდეით გამოდიოდა, წერა-კითხვის სწავლების საკუთარი მეთოდოლოგიაც შეიმუშავა. ასევე იყო პირველი ქართული კულინარიული წიგნის ავტორი.
„ორიოდე სიტყვა ყმაწვილი კაცების საყურადღებოდ“
გაზეთი „კვალი“ N16, 18 აპრილი, 1893 წ.
„სხვა ქვეყნებიდან ჩვენშიაც შემოვიდა ახალი დრო განათლებისა და აყვავებისა; ახლა მაინც ჩვენმა კაცებმაც დაანებონ თავი ზვაობას და მეშურნეობას, მისცენ თავიანთ დებსაც თანასწორი სწავლა და მიმართულება, რომ შეეძლოთ კიდეც კვალში ჩადგომა და ანგარიშის მოთხოვნა თანამედროვე ქალებისა, თორემ ძველ დედა-კაცებს სამარის მეტი ვეღარა გაგვასწორებს-რა და ახალი თაობის ქალებიც ღვაწლსა და შრომას არ შეუდრკებიან თუ კი საქმეს უშველიან რასმე.“
ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივი