პროფესია – ბორტგამცილებელი

პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია და მას ახლა, როგორც არასდროს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს!

მაშინ, როდესაც საშინელებათა ფილმის არცთუ ისე დახვეწილი სიუჟეტი ჩვენს ყოველდღიურობას ანაცვლბს, ბევრი დრო გვრჩება იმის გასააზრებლად, თუ რა არის ადამიანური, მორალური პასუხისმგებლობა და რა შეუძლია მას. ასეთ დროს, ასმაგად ვაფასებთ სახიფათო პროფესიის ადამიანებს, რომლებიც სხვის დასახმარებლად საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიან.

ახალი კორონავირუსის (COVID – 19) გავრცელების პირობებში Georgian Airways-ის სპეციალური აღჭურვილობით ეკიპირებულმა ეკიპაჟმა 10 მარტს საქართველოს მოქალაქეები იტალიიდან საქართველოში გადმოიყვანა.

ეკიპაჟზე, ექიმებთან ერთად, ცხადია სპეცტანსაცმლით შემოსილი ბორტგამცილებლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად იტვირთეს და შეასრულეს უმნიშვნელოვანესი მისია.

ნინი გოშთელიანი

ნინი გოშთელიანი, Georgian Airways-ის ბორტგამცილებელი:
“ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ეს საკმაოდ რთულია, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ასეთია ყოველი რეისი, თუმცა განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ექსტრემალურ სიტუაციაში შესრულებული სპეცრეისები, როდესაც პასუხისმგებელი ხარ მგზავრების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.

რომიდან ბოლო სპეცრეისი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. შექმნილი ვითარების გამო, სპეცაღჭურვილობით ვმუშაობდით, რომელიც დამატებით ფიზიკურ დატვირთვასთან იყო დაკავშირებული. შიშის განცდა არ მქონია. ეს იყო ჩემი როგორც სამსახურეობრივი მოვალეობა, ასევე მორალური ვალდებულებაც. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც აცნობიერებ, რომ საფრთხის წინაშე მყოფი თანამემამულეების დახმარება და მათი მდგომარეობის შემსუბუქება შეგიძლია.”

რამდენად მნიშვნელოვანია მსგავს ექსტრემალურ ვითარებაში სოციალური პასუხისმგებლობის გაცნობიერება?

ინი გოშთელიანი:სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება, წარმატების საწინდარია. ყოველი ჩვენგანი თავისი საქმითა თუ უბრალოდ, დამოკიდებულებით უნდა გამოხატავდეს ამას. თუმცა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ავყვეთ პანიკას და ერთმანეთი გავამხნევოთ. თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი მოვალეობა სრულფასოვნად უნდა შევასრულოთ და გავერთიანდეთ ახალი გამოწვევის, კრიზისული სიტუაციის დაძლევის პროცესში. რომი-თბილისის სპეციალურ რეისზე მუშაობით, შესაბამისი ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ, უზარმაზარი გამოცდილება მივიღე. გარდა ამისა, კიდევ უფრო მეტად გავაცნობიერე ჩემი პროფესიის მნიშვნელობა და მივხვდი, რომ კრიტიკულ ვითარებაში მთავარია, არ დავკარგოთ იმედი. უნდა ვიბრძოლოთ, სანამ ბოლომდე არ დავამარცხებთ ამ პრობლემას.”

Georgian Airways-ის მიერ რომში განხორციელებული სპეცრეისის ბორტზე, ეკიპაჟის სხვა წევრებთან ერთად ანი ქავთარაძეიმყოფებოდა.

ანი ქავთარაძე

“ბავშვობიდან მიყვარდა ფრენა და ყოველთვის ვაკვირდებოდი ბორტგამცილებლების ქმედებებს, – გვიყვება ანი. – სულ მინდოდა, რომ მათ ადგილზე ვყოფილიყავი. მალევე მივხვდი, რომ თითოეული რეისი ძალიან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, თუმცა ამ გაცნობიერებულმა რისკმა უფრო დიდი ინტერესი და სიყვარული აღმიძრა ავიაციის მიმართ“.

რა გაძლევთ მოტივაციას, როდესაც ისეთ რისკზე მიდიხართ, როგორიც ბოლო სპეცრეისი იყო იტალიაში?

ანი ქავთარაძე: „როდესაც შენი თანამოქალაქეების დასახმარებლად მიდიხარ, ამაზე დიდი მოტივაცია არ არსებობს. ყველამ ერთი ნაბიჯი მაინც უნდა გადავდგათ კრიზისის დაძლევის პროცესში, რადგან ძალა ნამდვილად ერთობაშია“.

თქვენ ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში იყავით. როგორ გაამხნევებდით მათ, ვინც ახლა კარანტინსა და თვითიზოლაციაშია?

ანი ქავთარაძე: „შესაძლოა შაბლონურად ჟღერდეს, მაგრამ მჯერა, რომ გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს, გამოსავალი ყოველთვის არის. ვფიქრობ, ყველაფერი მოგვარებადია, უბრალოდ ამას დრო და მოთმინება სჭირდება. იმ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ თვითიზოლაციის წესებს ვურჩევ, რომ უფრო სერიოზულად მიუდგნენ ამ პრობლემას და გააცნობიერონ, რომ ამით შეიძლება სხვა ადამიანების სიცოცხლეს შეუქმნან საფრთხე.”

როდესაც Georgian Airways-ის გუნდის ქალ წევრებს უსმენ, ვხვდები, რომ ბრძოლას მართლაც ყოველთვის აქვს აზრი. მაშინაც კი, როდესაც გვგონია, რომ ეს ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. ბორტგამცილებლების მოქმედების არეალი შეუზღუდავია და კიდევ უფრო ფართოვდება დღევანდელ, საგანგებო ვითარებაში. რომ არა გაბედული ადამიანების პრინციპული გადაწყვეტილებები და გაცნობიერებულად გადადგმული ნაბიჯები, დღეს ჩვენი, მეტნაკლებად მშვიდობიანი ყოველდღიურობა საპირისპიროდ შემოტრიალდებოდა.

ირენა ვასილევა

“2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როდესაც ქალაქის ქუჩებში ჰაერიც კი მძიმე იყო და უცნაური მოწითალო ელფერი დაჰკრავდა ყველაფერს, როდესაც ჰაერში სამხედრო თვითმფრინავების ხმა ისმოდა და საკუთარი აივნებიდან ვხედავდით მტერს, რომლის ზრახვებიც კარგს არაფერს მოასწავებდა, ასეთ დროსაც კი არ მიფიქრია უარი მეთქვა ფრენაზე, რადგან ამ დროს შენს პროფესიას სულ სხვა კუთხით უყურებ. ეს პასუხისმგებლობაა, რისკი და ერთგვარი თავგანწირვაც კი“ – ირენა ვასილევა, ბორტგამცილებელი, Georgian Airways-ის გუნდის წევრი.

როგორ უნდა გავამხნეოთ ერთმანეთი ისეთი მაშტაბური პრობლების დროს, როგორიც covid-19 აღმოჩნდა?

ირენა ვასილევა: „მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა ჩვენამდეც მოაღწია, გაიზარდა დაინფიცირებულ მგზავრებთან კონტაქტის რისკიც, თუმცა ამის მიუხედავად, მე და ჩემს კოლეგებს ფრენებზე უარი არ გვითქვამს. გამოვიარეთ 14 დღიანი კარანტინი და საკმაოდ დიდი რისკის წინაშე დავაყენეთ საკუთარი თავი, თუმცა ეს ჩვენი პროფესიის ადამიანების ხვედრია, სადაც უმნიშვნელო ნიუანსსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩემმა პროფესიამ მასწავლა, რომ სიმშვიდის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დღეს, საკმაოდ რთულია, მაგრამ უნდა გვჯეროდეს და იმედი არ უნდა დავკარგოთ. ერთად ამ პრობლემასაც დავამარცხებთ!

ირინა ხევიაშვილი

“როდესაც პროფესიაზე მეკითხებიან, რეაქცია ყოველთვის ერთია: ვაიმე, მართლა? რა მაგარია! თუმცა სტრესული სიტუაციის მართვა, პასუხისმგებლობა და გარშემომყოფებზე ზრუნვა, ჩემი საქმის განუყოფელი ნაწილია. უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების ნორმების დაცვა, როდესაც სხვისი სიცოცხლე გაბარია, ადამიანებმა, რომლებიც გენდობიან, შენში ძალა და დასაყრდენი უნდა იპოვონ. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც ჩვემი ქვეყნის დასაცავად სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა იბრძოდა, გავაცნობიერე რომ მეც ამ ჯაჭვის პატარა რგოლი ვიყავი და რაც არ უნდა მომხდრიყო, სამოქალაქო ავიაციას უნდა ებრძოლა ბოლომდე, რათა ქვეყანას და ადამიანებს დახმარებოდა. ეს ჩემი წილი პასუხისმგებლობა იყო ქვეყნის წინაშე, რომელიც აუცილებლად უნდა შემესრულებინა.

ვფიქრობ, რომ საერთო მიზნის მისაღწევად ყველაზე დიდი იარაღი სწორედ სოციალური პასუხიმგებლობაა და ეს სახელმწიფოსთან ერთად, თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა“ – ირინა ხევიაშვილი, ბორტგამცილებელი, Georgian Airways-ის გუნდის წევრი.

როგორ გაამხნევებდით მათ, ვისაც ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდება?

ირინა ხევიაშვილი: პირველ რიგში, აუცილებელია თვითკონტროლი. უნდა გავითვალისწინოთ გარშემომყოფების ინტერესები; თუ პრობლემის გადაჭა არ შეგვიძლია, სხვების სიცოცხლეს მაინც არ უნდა შევუქმნათ საფრხე, დავემორჩილოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებასა და მთავრობის მიერ დადგენილ წესებს.

მათ, ვინც ახლა ამ ვირუსს ებრძვის, ჩემ გამოცდილებას გავუზიარებ: რომი-თბილისის სპეცრეისის განხორციელებისას გავაცნობიერე, რომ ქვემოთ, დაბლა, მიწაზე არიან ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად უნდა დავაფასოთ და შევიყვაროთ, უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს – ერთიანობა იმარჯვებს და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ!