თბილისში სახვითი ხელოვნების მუზეუმი გაიხსნა

ანა შალიკაშვილის ნამუშევარი

დიდი ხნის პაუზის შემდეგ თბილისში სახვითი ხელოვნების მუზეუმი სამი ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენით იხსნება. გალერეას დაუბრუნდნენ ანა შალიკაშვილის, ქეთევან მაღალაშვილისა და ახალგაზრდა შემოქმედის, გიორგი კუხალაშვილის, ნაშრომები.

გახსნასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ შალიკაშვილის ფერწერული ტილოები და ანიმაციური ფილმებისთვის განკუთვნილი ესკიზები აღმოჩნდა. გამოფენის ორგანიზატორების მიზანი შალიკაშვილის განსხვავებული პერსპექტივიდან წარმოჩენაა. ქართული საზოგადოება მას, ძირითადად, საბჭოთა პერიოდის კინოინდუსტრიის ანიმატორად იცნობს. მხატვრის შემოქმედება კი, ორგანიზატორთა თქმით, გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვანია.

საცავებიდან გამოიტანეს, ასევე, ქეთევან მაღალაშვილისა და გიორგი კუხალაშვილის შემოქმედების ნიმუშები. აღსანიშნავია, რომ სამივე მხატვრის ნამუშევრები 2019 წელს ჯგუფურ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

სახვითი ხელოვნების მუზეუმის განცხადებაში ნათქვამია, რომ მუზეუმში დაცული იქნება ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია. დამთვარიელებლებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა. შენობის შესასვლელში სტუმრები გაივლიან თერმოსკრინინგს და ხელებს დაიმუშავებენ ანტისეპტიკური ხსნარით. გიდით მომსახურების შემთხვევაში, ტურის ხანგრძლივობა არ აღემატება 1 საათს, ხოლო ჯგუფში ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა 10 იქნება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმში 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა და მიზნად ისახავს თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების პოპულარიზებას. მუზეუმში, დღევანდელი მდგომარეობით, 100-ზე მეტი არტისტის 3500-ზე მეტი ნამუშევარი ინახება.