საქართველოში საყოველთაო კარანტინი 31 მარტს, 08:00 საათიდან დაიწყება და ამოქმედდება შემდეგი წესები:
- იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი: საყოველთაო კარანტინის პირობებში აიკრძალა გადაადგილება ავტობუსებითა და მეტროთი. აკრძალვა არ ეხება ტაქსებს, რომლებიც არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით ემსახურებიან მოქალაქეებს.
- დაწესდა კომენდანტის საათი: 31 მარტიდან, 21:00-06:00 საათებში აიკრძალა ყველანაირი ტიპის გადაადგილება (როგორც ტრანსპორტის, ისე ფიზიკური პირებისთვის).
- საკომენდანტო საათებში მხოლოდ აფთიაქები იქნება ღია.
- 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აეკრძალათ სახლიდან გასვლა: საყოველთაო კარანტინის პირობებში 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეკრძალებათ საცხოვრებელი სახლების დატოვება, თუკი ისინი არ მიდიან სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში ან სამედიცინო დაწესებულებაში.
- აიკრძალა სამ პირზე მეტის თავშეყრა: საყოველთაო კარანტინის პირობებში იკრძალება სამ პირზე მეტი ადამიანის თავშეყრა, შეზღუდვა არ ეხება აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებს. ხოლო საწარმოებისთვის შემუშავდება სპეციალური პროტოკოლი.
- საკონტროლო პუნქტები განთავსდება რამდენიმე ქალაქში: პირველადი თერმოსკრინინგის ეფექტურობისთვის საკონტროლო-გამშვები პუნქტები განთავსდება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში.
- პირადობის მოწმობის ტარება აუცილებელია: საყოველთაო კარანტინის პირობებში, ყველა მოქალაქე ვალდებულია თან ატაროს პირადობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი.
- გადაადგილება სპეციალური საშვებით: პირები, რომელთა სამსახურებიც 24 საათი მუშაობენ, მიიღებენ სპეციალურ საშვებს, რომელთა გამოყენებითაც იქნება გადაადგილება შესაძლებელი.
პრემიერ მინისტრის ინფორმაციით, სამი მოქალაქის შემთხვევაში უცნობია ინფიცირების წყარო. ამასთან, ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი სამედიცინო სექტორის წარმომადგენელია.
საქართველოში ამ დროისთვის (30 მარტი, 17:00) დადასტურებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 100 შემთხვევა. ინფიცირებულთაგან 18 უკვე გამოჯანმრთელდა.
მასალა ახლდება …