ახალი ტიპის კორონავირუსით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 86 წლის ქალბატონი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
„დღეს სამწუხაროდ, ჩვენს ცენტრში დაფიქსირდა კოვიდ-19-ით გარდაცვალების რიგით მე-3 შემთხვევა ქვეყნისთვის და პირველი ჩვენი საავადმყოფოსთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს გარდაუვალი იყო. ეს იყო 86 წლის ქალბატონი, რომელიც 2 კვირაზე მეტია ჩვენთანაა. პრაქტიკულად, ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი ალბათ, რაც კი ეპიდემიის დაწყებიდან შემოსულა კლინიკაში. გარდა იმისა, რომ ის 86 წლის იყო, მას ჰქონდა მძიმე თანმხლები ნევროლოგიური დაავადება, ჰქონდა მძიმე ორმხრივი პნევმონია, პრაქტიკულად, არ იყო დარჩენილი ჯანმრთელი ფილტვის ქსოვილი, ჰქონდა მძიმე სეფსისი და კიდევ სხვა მძიმე გართულებები. 2 კვირის მანძილზე ეს პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციაში. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს. ვფიქრობ, უფრო მეტიც, ვიდრე ადამიანს შეუძლია, მაგრამ სამწუხაროდ, სიტუაცია იყო ისეთი, რომ შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან და გადარჩენა ვერ მოხერხდა“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 195 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 45 ადამიანი, ხოლო სამი შემთხვევა დასრულდა ლეტალურად.