საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა თებერვლის თვის ეკონომიკური ზრდის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. წინასწარი შეფასებით, თებერვლის თვეში ჩვენი ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით მხოლოდ 2.2%–ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ იანვარში მშპ–ს ზრდამ 5.1–% შეადგინა.
ეს ფაქტი უკვე მიანიშნებს, რომ საქართველოში კრიზისული სიტუაცია თებერვლიდან დაიწყო. სავარაუდოა, რომ მარტისა და აპრილის თვე გაცილებით მძიმე იქნება ჩვენი ეკონომიკისათვის. ეს არის პერიოდი, როდესაც იწყება ტურისტული სეზონი საქართველოში, აღნიშნული და მასთან დაკავშირებული სფეროებიდან მიღებული შემოსავლები ჩვენი ეკონომიკისათვის შემოსავლის ერთ–ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, შესაბამისად მარტის თვიდან ამოქმედებული აკრძალვები ამ შემოსავლების მიღების ალბათობას ამცირებს. მოსალოდნელია, რომ არასტაბილური სიტუაცია სავალუტო ბაზარზე შეამცირებს ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობას. ზრდაა მოსალოდნელი საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროში.
ზრდა შეინიშნებოდა ეკონომიკის შემდეგ დარგებში:საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.
კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორი.
მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ 6%–ით გაიზარდა საგარეო სავაჭრო ბრუნვა. ზრდის ტემპით ხასიათდება როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებს, შეინიშნება საბიუჯეტო შემოსავლების მკვეთრი კლება. თებერვლის მაჩვენებელი ას მილიონზე მეტი ლარით ჩამორჩება იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელს (იანვარი – 909 მლნ., თებერვალი 792 მლნ. ლარი). სავარაუდოა, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება მარტისა და აპრილის თვეშიც.