მარნეულში პირველი საველე ჰოსპიტალი მოეწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო. გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

შსს-ს განცხადებით, შესაბამის სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფები ჩაატარებენ.

ამასთან, საველე ჰოსპიტალის გარდა, ადგილზე მოეწყო სპეციალური სივრცე, სადაც ინტენსიურად მოხდება იმ პერსონალის დეზინფექცია, ვისაც შეხება ექნება საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საველე ჰოსპიტალის მოწყობის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.