აფხაზეთის ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ – საერთაშორისო გამოხმაურება

22 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი შედეგით ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.

ამერიკის საელჩომ საქართველოში გამოაქვეყნა ამერიკისა და სხვა ქვეყნების ერთობლივი განცხადება: „ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, კანადა, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებენ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას, რომელიც გაიმართა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2020 წლის 22 მარტს.“

დღესვე გავრცელდა ევროკავშირის განცხადებაც: „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში 2020 წლის 22 მარტს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც იგი გაიმართა. ევროკავშირი გააგრძელებს მის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას.“

აფხაზეთში ჩატარებულ „არჩევნებს“ გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი:

„ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში.“