00:30 საათზე გამოცხადებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შემდეგ მარნეულსა და ბოლნისში ვითარება რადიკალურად შეიცვალა – დაწესდა რამდენიმე აკრძალვა, მუნიციპალიტეტების გასასვლელებში მოეწყო ბლოკპოსტები, რეჟიმის წესების დაცვას შსს სამინისტროსთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალებიც უზრუნველყოფენ. მარნეულში უკვე მოეწყო საველე ჰოსპიტალი.
ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის წევრმა, აკაკი ზოიძემ მედიასთან განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალბატონის 90 პირდაპირი და 1700 ირიბი კონტაქტია გამოკვეთილი.
„ყველას გამოკვლევა და შემდგომში იზოლაცია იქნება საჭირო. მხოლოდ ტესტირებას აზრი არ აქვს, თუ შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული.“
მარნეულსა და ბოლნისში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა სოზარ სუბარიც, რომელიც კოორდინირებას უწევს რეგიონში არსებულ სიტუაციას:
„სადაც მომეტებულ საფრთხეს ვხედავთ, იქვე ვამკაცრებთ ზომებს, რომ არ მივიღოთ ის, რის გაკონტროლებასაც ვერ შევძლებთ და ჯერჯერობით ასეთ ეტაპზე არ გადავსულვართ.“