საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმისას წესრიგს შინაგან სამინისტროსთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალებიც დაიცავენ.
მუნიციპალიტეტების ყველა გამშვებ პუნქტს საქართველოს თავდაცვის ძალები გააკონტროლებს, უკვე შეიყვანეს სპეციალური ტექნიკა და ჯარი მარნეულის მუნიციპალიტეტში.
აღნიშნულ თემაზე უკვე გაავრცელა განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა:
„კორონავირუსი არის პანდემია, რომელსაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მოვერევით და რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარი, როგორც ყოველთვის, იყო, არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს ხალხს და სახელმწიფოს სჭირდება.“
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები 23 მარტს, 00:30 საათიდან გადავიდნენ მკაცრი კარანტინის რეჟიმში.
ამ დროისთვის (05:00, 23 მარტი) საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა, მათ შორის რვა პაციენტი განიკურნა.