აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა | საქსტატი

Photo – Michael Longmire

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2020 წლის აპრილისთვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა.

წინასწარი შეფასების მიხედვით, გასულ თვეში 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში კონკრეტულ თვეში დაფიქსირებული ეკონომიკური ვარდნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამასთანავე, 2020 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ეკონომიკა ჯამში, საშუალოდ, 3.6%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ შემცირების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში. როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ, განმარტა, განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ხელოვნების გართობისა და დასვენების სექტორებში.

„მშენებლობის სექტორში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მიუხედავად, კლების ტენდენცია მაინც გამოვლინდა, რაც დაკავშირებულია როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, ასევე, სამოქალაქო და სპეციალიზირებული სამშენებლო სამუშაოების შემცირებასთან.

ვაჭრობის დარგში კლება, ძირითადად, ავტომობილებით და მათი დეტალებით ვაჭრობის მოცულობის შემცირებასთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად შემცირდა ნავთოპროდუქტებით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ავეჯით ვაჭრობაც.“

საქონლის ექსპორტი 28%-ით შემცირდა, თუმცა იმპორტი კიდევ უფრო მეტად – 39%-ით, რაც საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ 87%-ით შემცირდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელიც.