კრიზისთან გასამკლავებლად Gnomon Wise-ის ერთ-ერთი რჩევა აქციზების გაუქმებაა

Photo Credit To gnomonwise

Gnomon Wise-ის კვლევითი ინსტიტუტი უფროსი მკვლევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის, ანალიტიკურ დოკუმენტს აქვეყნებს, რომელშიც ახალი ტიპის კორონავირუსის პირობებში საქართველოში წამოჭრილი ეკონომიკური გამოწვევები და ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციებია განხილული.

„საგანგებო მდგომარეობის და ეკონომიკური შეზღუდვების შემოღებით მთავრობამ პირდაპირი პასუხისმგებლობა აიღო ამ ადამიანების კეთილდღეობაზე და ვალდებულია, ბიუჯეტიდან ნაწილობრივი კომპენსირება განახორციელოს“ – წერია დოკუმენტში.

Gnomon Wise-ის მთავარი რეკომენდაციებია:

1. ერთჯერადი ფულადი დახმარებები მოსახლეობის ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში მყოფი ნაწილისთვის: თვითდასაქმებულებისა და მცირე ბიზნესებისთვის.

2. მოქალაქეების ამავე ჯგუფისთვის ყველა იმ გადასახის და ჯარიმის გადავადება, რომელთა გადახდა 2020 წელს უწევთ.
ამასთანავე, დოკუმენტის თანახმად, ყველა მოქალაქისა და კომპანიისთვის სრულიად უნდა გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმები.

3. აქციზების სრულად გაუქმება ყველაზე ღარიბი ადამიანებს შეუმცირებს ხარჯებს, რადგან თავისი ბუნებით აქციზი რეგრესული გადასახადია, რომელიც ყველაზე მეტად სწორედ მოსახლეობის შედარებით ღარიბ ნაწილს აწვება.

4. ერთდროულად ბიზნესებსა და დასაქმებულებს დაეხმარება საპენსიო შენატანების შეჩერება.
ასევე, შეიძლება საპენსიო ფონდში უკვე შეტანილი თანხის (პოტენციურად 590 მლნ ლარი) მოსახლეობისა და ბიუჯეტისთვის უკან დაბრუნება.

5. ბიზნესებისთვის გადასახადის შემცირება – უპირველესყოვლისა კი – საშემოსავლო გადასახადის შემცირება, რაც არის ყველაზე ეფექტური გზა, დამსაქმებლებს მიეცეთ შესაძლებლობა, ხელფასების დროებით შემცირების გზით შეინარჩუნონ თანამშრომლები.

6. იმპორტის გადასახადების მთლიანად გაუქმება, რაც თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ბიზნესებს მსოფლიო ბაზარზე ადგილის პოვნაში დაეხმარება.

მკვლევრების აზრით, ზემოთხსენებული ღონისძებების განხორციელებას შესაძლებელს ხდის უკვე დამტკიცებული და მომავალში მოსალოდნელი საგარეო დახმარება, თუმცა, ამავდროულად, საჭიროა ბიუჯეტის ხარჯების რადიკალურად შემცირებაც. ეს შესაძლებელია ისეთი სსიპ-ების, ა(ა)იპ-ებისა და სახელმწიფო პროგრამებისთვის ფინანსირების ნაწილობრივ შეჩერებით ან გაუქმებით, როგორებიცაა: საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ახალგაზრდობის სააგენტო, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, კონკურენციის სააგენტო და ბევრი სხვა.

რაც შეეხება მონეტალურ პოლიტიკას, დოკუმენტის თანახმად, ეროვნული ბანკის ჯერ კიდევ პანდემიის წინა პერიოდში გამოვლენილი არათანმიმდევრულობა, არატრანსპარენტულობა და მონეტარულ პოლიტიკაში დაშვებული შეცდომები, პანდემიის პირობებშიც „საგრძნობლად დესტრუქციულ როლს“ თამაშობს. ცოტა ხნის წინ სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ანუ ფულის მასის ზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება „საეჭვოდ“ და „რთულად პროგნოზირებადი“ შედეგების მქონედაა შეფასებული. ამიტომ, ვინაიდან ეროვნული ბანკი ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, ზოგადი რეკომენდაცია მულტისავალუტო სისტემაზე გადასვლა ან ეროვნული ბანკის სრული გაუქმებაა. თუმცა, ვინაიდან ეს კრიზისულ სიტუაციაში რთულად განსახორციელებადი ნაბიჯია, მოკლევადიან პერსპექტივაში Gnomon Wise-ის რეკომენდაცია საზოგადოებრივი კონტროლის და წნეხის გაძლიერებაა, რათა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები ტრანსპარენტული, ხოლო მონეტარული პოლიტიკა პროგნოზირებადი გახდეს. ამისათვის საჭიროა დაიწყოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების ეფექტიანობაზე ყოველკვირეული ანგარიშების წარდგენა და სებ-ის განკარგულებაში არსებული მიმდინარე ინფორმაციის ოპერატიული (1-2 დღიან ვადაში) გამოქვეყნება.