ოკუპირებულ აფხაზეთში Covid-19-ით პირველი პაციენტი, 95 წლის ქალი, გარდაიცვალა. იგი მკურნალობას გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
Sputnik-ის ცნობით, ქალს ვირუსი 11 აპრილს დაუდასტურდა და მას თანმხლები ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა, თუმცა კვირების განმავლობაში ის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებდა. საბოლოოდ კი ჰოსპიტალში 20 აპრილს მოათავსეს.
26 აპრილის მდგომარეობით, აფხაზეთში ვირუსი სულ 3 პაციენტს დაუდასტურდა. სამივე გაგრაში, ერთი სახლის მცხოვრები იყო. ერთ-ერთის მდგომარეობა დადებითია და ექიმები მის გამოჯანმრთელებას ვარაუდობენ, ხოლო მეორე პაციენტი კი უკვე განიკურნა და თვითიზოლაციის პერიოდს საკუთარ სახლში გადის.