აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასებით გამოწვეულ საგრძნობ შენელებას განიცდის.
ADB-ის მთავარი ეკონომიკური გამოცემა, აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი 2020-ის ვარაუდით, ეკონომიკის გაჯანსაღებას საქართველო 2021 წელს გაზრდილი შიდა მოთხოვნითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ასევე, საზღვარგარეთიდან აღდგენილი გადმორიცხვებით შეძლებს.
“საქართველომ, როგორც წამყვანმა რეფორმატორმა, უკვე გაატარა ზომები პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკის შესასუსტებლად, რაც სხვა ნაბიჯებთან ერთად, მოიცავს ტურიზმის სექტორში ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების შეჩერებას, საბანკო-სასესხო რეგულაციების შემსუბუქებასა და ინფრასტრუქტურაში გაზრდილ ხარჯვას“, – განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, შეინ როზენტალმა.
აზიის განვითარების ბანკის ვარაუდით, საქართველოს საგარეო პერსპექტივები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მის სავაჭრო პარტნიორებთან განვითარებულ მოვლენებზე. აღსანიშავია, რომ მთავრობამ ასევე უნდა განაგრძოს განათლების რეფორმა და გააუმჯობესოს ციფრული ტექნოლოგიების სწავლება, განსაკუთრებით, სოფლად, ეკონომიკის განვითარებაში მეტი ჩართულობის გაძლიერებისთვის.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მხარს უჭერს მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტულობის და ახალისებს ინოვაციურ სტარტაპებს. აღნიშნული ძალისხმევა ხელს უწყობს ფირმებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მხრივ, თუმცა საქართველოს გლობალური კონკურენტულობის ინდექსი ინოვაციური კომპანიების ზრდისა (108) და კლასტერული განვითარების (120) თვალსაზრისით კვლავ დაბალი რჩება.
პროგნოზის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ ელექტრონული ვაჭრობის სანდოობისა და ეფექტურობის მიზნით, ხელისუფლებამ უნდა გააუმჯობესოს ელექტრონული ვაჭრობის სამართლებრივი და მარეგულირებელი ბაზა და, ამავე დროს, შექმნას გადასახადებისა და ტარიფების დადგენის უფრო ეფექტური მექანიზმები.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია.