25 ივნისს ბრიტანულ-ქართული საზოგადოება საქართველოს ისტორიითა და კულტურით დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ შეხვედრას ჩაატარებს. ღონისძიება სახელწოდებით „საქართველოს ისტორია, მიწა და ხალხი“ Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით ჩატარდება. შეხვედრის დეტალები საზოგადოებამ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
ვიდეოკონფერენციას ბრიტანეთში ორგანიზაციის „Georgian Harmony Association” დამფუძნებელი, მაიკლ ბლუმი, წაუძღვება.
როგორც ბრიტანულ-ქართული საზოგადოება აანონსებს, ბლუმი ისაუბრებს ქვეყნის გეოგრაფიაზე, არქიტექტურაზე, კულტურულ მრავალფეროვნებასა და განახლებულ პოლიფონიაზე ქართულ ფოლკლორში. გარდა ამისა, ის შეხვედრის სტუმრებს წარმოუდგენს რამდენიმე ნიმუშს ქართული ხალხური სიმღერებიდან.
საინტერესოა, რომ მაიკლ ბლუმი ჯერ კიდევ 1990 წლიდან აქტიურად მონაწილეობს დიდ ბრიტანეთში ქართული მრავალხმიანობის და ფოლკლორის პოპულარიზაციაში. სწორედ ქართული ფოლკლორული გუნდის შეკრებაზე დასწრებისას გადაწყვიტა მან ასოციაციის დაარსებაც.
შეხვედრას, ადგილობრივებთან ერთად, უცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება საქართველოს კულტურისა და ისტორიული წარსულის პოპულარიზაციაში.