რაჭული ლორი და გურჯაანის ატამი გეოგრაფიულ აღნიშვნებად რეგისტრირდება

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი იუწყება, რომ სულ მალე სახელმწიფო რეესტრს ორი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა დაემატება. კერძოდ, საუბარია რაჭულ ლორსა და გურჯაანის ატამზე. პროდუქტების სპეციფიკაციები ექსპერტებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის (Twinning) ფარგლებში დაამუშავეს. მოსამზადებელ სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული ადგილობრივი მწარმოებლებიც.

www.sakpatenti.gov.

გეოგრაფიული აღნიშვნა, ამ შემთხვევაში, იმ პროდუქტის მოსანიშნად გამოიყენება, რომელიც, თავისი განსაკუთრებული თვისებებით, კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალთან არის დაკავშირებული. ამ პროექტის, და ზოგადად, გეოგრაფიული აღნიშვნის, მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის თითოეული პროდუქტის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოების დაწყებამდე პროექტის წარმომადგენლები გაეცნენ საქართველოში არსებულ გეოგრაფიული აღნიშვნების კანონმდებლობას და შეაფასეს მისი შესაბამისობა ევროკავშირის რეგულაციებთან.

საქპატენტი მიიჩნევს, რომ რაჭული ლორისა და გურჯაანის ატმის გეოგრაფიული რეგისტრაცია ხელს შეუწყობს პროდუქტების გლობალური მასშტაბით პოპულარიზაციას.

რაც შეეხება Twinning-ის პროექტს, ეს პროექტი, სახელწოდებით “საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის ეფექტური სისტემის დანერგვა”, უკვე მეორე წელია რაც მიმდინარეობს და ხელს უწყობს აღნიშნულ სფეროში ადგილობრივი სტრუქტურების კომპეტენციის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას. ევროკავშირში მსგავსი სისტემა რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა და ამ ეტაპზე ჩვენს მთავარ მიზანს სწორედ ამ სისტემასთან ჰარმონიზება წარმოადგენს.