სოროსმა რასობრივი თანასწორობის ხელშესაწყობად $220 მილიონი გამოყო

ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ $220 მილიონი გამოყო რასობრივი თანასწორობის ხელშესაწყობად. „ღია საზოგადოების ფონდებმა“  შავკანიანი საზოგადოების დამცველი ორგანიზაციების დაფინანსება დაისახა მიზნად.

ჯგუფები, რომლებიც მიიღებენ ამ გრანტს, განსხვავებული ფორმით ეწინააღმდეგებიან რასობრივ უთანასწორობას. მათ შორისაა ორგანიზაციები „შავკანიანი ამომრჩევლები მნიშვნელოვანია“ (Black Voters Matter) და „სამართლიანი ინოვაციების წრე“ (Circle for Justice Innovations), რომლებიც იბრძვიან ფერადკანიანებისთვის ხმის მიცემის უფლებების გაფართოებისა და პოლიციის რეფორმირებისთვის.

„გადაუდებელი და თამამი მოქმედებების დროა ამერიკაში რასობრივი უსამართლობის აღმოსაფხვრელად“, განაცხადა ალექს სოროსმა, ჯორჯ სოროსის შვილმა და „ღია საზოგადოების ფონდების“  თავმჯდომარის მოადგილემ. „ეს ინვესტიციები შავკანიანთა საზოგადოებებს საშუალებას მისცემს, გაანადგურონ უთანასწორობის წინააღმდეგ დიდი ხნის განმავლობაში არსებული ბარიერები“.

გადაწყვეტილების მიზეზი მინეაპოლისის პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ რასობრივი თანასწორობისთვის დაწყებული საყოველთაო პროტესტი გახდა.

ინვესტიციის დიდი წილი, $150 მილიონი, 5 წლის განმავლობაში მოხმარდება რასობრივ თანასწორობაზე ორიენტირებულ სამოქალაქო უფლებებისა და შავკანიანთა დამცველ ორგანიზაციებს . დარჩენილი $70 მილიონი კი გამოიყო ახალგაზრდების მონაწილეობისთვის  რასობრივი სამართლის, დემოკრატიისა და მენტორობის სტაჟირებებში. ასევე, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და უსაფრთხო არჩევნების უზრუნველყოფისთვის კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

შეგახსენებთ, რომ 89 წლის ჯორჯ სოროსი დიდი ხანია მხარს უჭერს მარგინალიზებულ ჯგუფებს, რის გამოც ხშირადაა მემარჯვენეებისა და ანტისემიტური ჯგუფების სამიზნე ობიექტი. მისი ქონება ფორბსის მიერ $8.3 მილიარდადაა შეფასებული და დიდი ხანია იყენებს ფერადკანიანი საზოგადოებების მიმართ არსებული სისტემატური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.