ლალი, თათია და თათია წლების წინ პროფესიულმა ინტერესებმა გააერთიანა. საკმარისია საქმეზე მხოლოდ 10 წუთს გაესაუბროთ და მათი ენთუზიაზმი, შემართება და მიზნები თქვენთვისაც მოტივაციის წყარო გახდება. როცა იდეა დიდია და მისი რეალიზებისთვის თავს არ ზოგავ, წარმატებაც მოდის. დამეთანხმებით, რომ წარმატებაა, თანაც უდიდესი, როცა 1991 წელს შექმნილ ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციაში საქართველოს 28 წლის შემდეგ პირველად აწევრიანებენ. ლალის, თათიასა და თათიას დაფუძნებულმა „საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციამ“ (GeoPerio) ეს აღიარება განსაკუთრებული შრომის შედეგად მოიპოვა.
ლალი ქოჩიაშვილი პროფესიით ყბა-სახის ქირურგია, თუმცა პაროდონტოლოგიაში ოდესის სამეცნიერო სტომატოლოგიურ ინსტიტუტსა და შვეიცარიაში, ბერნის უნივერსიტეტში დასპეციალიზდა. ამ მიმართულებით მაშინ დაინტერესდა, როცა სამედიცინო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ვიწრო სპეციალობის ძიებაში იყო და ევროპაში „ევროპერიო 7-ზე“ მოხვდა. ამ კონგრესით ლალისთვის აბსოლუტურად უცნობი სფეროს კარი გაიღო.
„პაროდონტოლოგია არამარტო ჩემი სტუდენტობის დროს, საქართველოში ცალკე პროფესიად ოფიციალურად აღიარებული დღესაც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ უკვე კლინიკაში ასისტენტად ვმუშაობდი, პაროდონტოლოგიაზე ყველაზე ნაკლები წარმოდგენა მქონდა. როცა 2012 წელს ვენაში ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის საერთაშორისო კონგრესზე მოვხვდი, ძალიან მრავალფეროვანი და უზომოდ საინტერესო სფერო აღმოვაჩინე. ეს მოგზაურობა ჩემთვის მთავარ მოტივატორად იქცა ‒ ამერჩია პაროდონტოლოგობა. ამის შემდეგ გავიარე გადამზადების არაერთი კურსი და დღეს ერთ-ერთ კლინიკაში პაროდონტოლოგიურ განყოფილებას ვხელმძღვანელობ. იმ წლებში საქართველოში იყო ბევრი პაციენტი, რომელიც ეგუებოდა პაროდონტიტის გამო უკბილობას, ღრძილებიდან სისხლდენას და უსიამოვნო სუნს, ამას ექიმების უმრავლესობაც შეგუებული იყო და ამბობდა, რომ პაროდონტიტი არ იკურნება. ევროპაში კი კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობის ახალი მეთოდები აღმოვაჩინე, გავეცანი დაახლოებით 25-35 ‒ წლიანი დაკვირვების შედეგებს და აღმოჩნდა, რომ ადამიანები ბუნებრივ კბილებს საკმაოდ ხანგრძლივად ინარჩუნებდნენ“, – ლალი ქოჩიაშვილი.
თათია როხვაძის არჩევანზე გავლენა ლალისთან ასისტენტად გატარებულმა წლებმა იქონია. იმ პერიოდს ინსპირაციის წყაროს უწოდებს და გვიყვება, რომ მაშინ სტომატოლოგიაში აღმოაჩინა მიმართულება, რომლის შესახებაც მეტის გაგების სურვილით აივსო. თათია ITOP-ის ოფიციალური ტრენერია საქართველოში. ამ სტატუსის მოსაპოვებლად მან გადამზადების ერთწლიანი კურსი პრაღის სათავო ოფისში გაიარა. თათია Forbes-ის Under 30-ის გამარჯვებულია მეცნიერების მიმართულებით.
„ლალი იყო ექიმი, რომელიც იყენებდა ისეთ ტექნოლოგიებს და ისეთ ოპერაციებს აკეთებდა, რითაც უნივერსიტეტში არ დავინტერესებულვარ. მალევე მივხვდი, რომ ეს იყო საქმე, რომელშიც საკუთარ თავს ვხედავდი. ცხადია, ლალიმაც ძალიან შემიწყო ხელი, რომ ჩემი პოზიცია განმემტკიცებინა. მას შემდეგ 12 წელი გავიდა და ყველა ნაბიჯი, რომელიც ერთად გადავდგით, ჩემთვის ძალიან ძვირფასია“, – თათია როხვაძე.
თითქმის იდენტურია თათია ქოჩლაძის ისტორია. პაროდონტოლოგია მანაც ვიწრო სპეციალიზაციის ძიების პროცესში აღმოაჩინა, როცა ერთ-ერთ კონგრესზე ლალი ქოჩიაშვილის სიტყვით გამოსვლას მოუსმინა. თათია ქოჩლაძე, გარდა პაროდონტოლოგიისა, სპეციალიზებულია ლორწოვანი გარსის დაავადებების მენეჯმენტში და არის მსოფლიო ასოციაციის აქტიური წევრი. პაროდონტოლოგიის პარალელურად, ცდილობს საქართველოში ეს მიმართულებაც განავითაროს.
„კონგრესზე ლალის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დავრწმუნდი, რომ მსურდა იმ გუნდის წევრობა, რომელიც პაროდონტოლოგთა ასოციაციის დასაფუძნებლად და დიდი გეგმების რეალიზებისთვის ემზადებოდა. თანამშრომლობა შედგა და, შედეგად, პირველივე დღიდან ჩართული ვარ პაროდონტოლოგთა ასოციაციის საქმიანობაში“, – თათია ქოჩლაძე.
2012 წლიდან პაციენტებთან მიღწეულმა შედეგებმა ლალი საქმიანობის გაფართოების საჭიროებაში დაარწმუნა. მიიჩნია, რომ ქვეყანას მეტი პაროდონტოლოგი სჭირდებოდა და აუცილებელი იყო პროფესიული ინტერესების გაერთიანება. მოგვიანებით, როცა თათია როხვაძე და თათია ქოჩლაძე გაიცნო და იდეა საბოლოოდ მომწიფდა, ოთხმა ახალგაზრდა ექიმმა: ლალიმ, თათიამ, თათიამ და მარიამ ბოკუჩავამ 2015 წელს, საქართველოში პირველად, პაროდონტოლოგთა ასოციაცია დააფუძნეს. პირველი პრეზიდენტი იდეის მთავარი ავტორი ლალი ქოჩიაშვილი იყო. 2018 წელს პრეზიდენტობა თათია როხვაძემ გადაიბარა, ხოლო 2022 წლიდან ორგანიზაციას თათია ქოჩლაძე ხელმძღვანელობს. 8 წლის შემდეგ ასოციაციის ბორდი 10 წევრისგან შედგება, ორგანიზაციას 30 მოხალისე ექიმი ჰყავს და GEOPERIO-ს დახმარებით 500-ზე მეტმა ექიმმა-სტომატოლოგმა პაროდონტოლოგიის კურსი გაიარა. ორგანიზაცია ყოველწლიურად ექვს საერთაშორისო და შვიდ ადგილობრივ პროექტს ახორციელებს.
„ასოციაციის დაფუძნებისას ჩვენი იდეური მხარდამჭერი ჩემი უკრაინელი მენტორი, ოდესის სამედიცინო უნივერსიტეტის პერიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი იულია ჩუმაკოვა იყო. მან მასწავლა ბევრი რამ პაროდონტოლოგიაში. მანვე მირჩია ასოციაციის შექმნა, რადგან სჯეროდა, რომ ეს მიმართულება საქართველოში ბევრ ექიმს დააინტერესებდა. როცა ეს ნაბიჯი გადავდგით, გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენთვის ჯერ ადრე იყო და წლები დაგვჭირდებოდა ავტორიტეტის მოსაპოვებლად. პროცესი მართლაც არ იყო მარტივი, რადგან გვიწევდა იმის მტკიცება, რომ ასაკის მიუხედავად საინტერესო თემაზე ვსაუბრობდით. მამაჩემი წარმატებული სტომატოლოგია და თავიდან ჩვენს კონფერენციებზე კოლეგები მისი პატივისცემის ნიშნად მოდიოდნენ, ასევე გვერდით გვედგნენ ჩვენი ლექტორები, ვისაც კარგ სტუდენტებად დავამახსოვრეთ თავი, გვისმენდნენ და ბევრ რამეში მხარს გვიჭერდნენ. ჩვენ რომ უფროსი თაობის მხარდაჭერა არ გვეგრძნო, შეიძლება 10 წელი ერთ ადგილას ვმდგარიყავით. მუდმივ რეჟიმში ვთარგმნიდით ლიტერატურას ქართულად, დავდიოდით კურსებზე, ვაგროვებდით კონტაქტებს. ქართველი ექიმების თვალში პატივისცემისა და ავტორიტეტის მოპოვებას ბევრი შრომა და დიდი დრო დასჭირდა. თუმცა, 2019-2020 წლიდან საქართველოში უკვე პაროდონტოლოგიის ბუმია. შეიქმნა პაროდონტოლოგიის მოდერნიზებული კურსები, სასწავლო ბაზები და თემატური კონფერენციები, რაც საერთო საქმისთვის ძალიან კარგია“, – ლალი ქოჩიაშვილი.
საქმისადმი გულწრფელი დამოკიდებულება და თავდაუზოგავი შრომა ‒ ეს ის ფაქტორებია, რაც, კოლეგების ნაწილის მხარდაჭერის პარალელურად, ლალის წარმატების განმსაზღვრელად მიაჩნია. როცა დამფუძნებლებმა ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის წევრობა გადაწყვიტეს, ორგანიზაციამ 4-წლიანი სტაჟი მოითხოვა. ამ პერიოდის განმავლობაში ბორდი ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციაში გაწეული საქმიანობის თაობაზე დეტალურ ინფორმაციას აგზავნიდა, შედეგად, 2019 წელს დერნში, გენერალურ ასამბლეაზე, ევროპის დელეგატთა 100%-იანი მხარდაჭერით GEOPERIO ევროპულ ქოლგას შეუერთდა.
„ჩემი აზრით, სტომატოლოგიაში დამოკიდებულება შევცვალეთ. დღეს უკვე პაროდონტოლოგია საქართველოშიც მოთხოვნადი პროფესიაა. წინა წლებში კლინიკაში მხოლოდ პაროდონტოლოგად ვერ დასაქმდებოდი“, – ლალი ქოჩიაშვილი.
„პრევენცია და პროფილაქტიკა უფრო მნიშვნელოვანი, რეალური და ცოტა მოდურიც გახდა. გაიზარდა პაციენტების მომართვიანობა პროფილაქტიკურ ვიზიტებზეც. ექიმებამდეც მივიდა იდეა, რომ ჩვენი როგორც ექიმების მთავარი მისია მხოლოდ მკურნალობა კი არ არის, არამედ აუცილებელია დავეხმაროთ პაციენტებს იმაში, რომ მათი პირის ღრუ დიდი ხნის განმავლობაში იყოს ჯანმრთელი“, – თათია როხვაძე.
GEOPERIO-ს პირველი პროექტი სეზონური კონფერენციები იყო. ასოციაცია სამ თვეში ერთხელ სტომატოლოგების შეკრებას უწევდა ორგანიზებას, სადაც მათ ახალ, ევროპულ გზამკვლევებს აცნობდნენ. თათია როხვაძე მიიჩნევს, რომ ეს იყო კარგი დასაწყისი, რომელიც უფრო დიდი პროექტების წინაპირობად იქცა.
„დავიწყეთ საუბარი განსხვავებულ თემებზე, განსხვავებული და ახალი სპიკერები გამოჩნდნენ საქართველოში, ქართველ ექიმებსაც მიეცათ საშუალება თავიანთი გამოცდილება და პრაქტიკა კოლეგებისთვის გაეზიარებინათ“, – თათია როხვაძე.
ასოციაციის პროექტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. GEOPERIO-ს ორი ძირითადი მიმართულება აქვს: პროფესიონალებისთვის და საზოგადოებისთვის. პროფესიონალების ხაზიც ორ ნაწილად იყოფა. პირველი ემსახურება ექიმი-სტომატოლოგების კვალიფიკაციის ამაღლებას პაროდონტოლოგიაში, ხოლო შემდეგ სხვა დარგის ექიმების, მაგალითად, ენდოკრინოლოგების, კარდიოლოგების, ონკოლოგების ინფორმირებას პირის ღრუსთან დაკავშირებული საერთო დაავადებებისა და მათი მართვის თანამედროვე სტანდარტების შესახებ. პროფესიონალებისთვის არსებული მიმართულება მოიცავს შემდეგ პროექტებს: „საბაზისო კურსი პაროდონტოლოგიაში“ ‒ სტომატოლოგებისა და კურსდამთავრებულებისთვის; „პერიო აკადემია“ ‒ ქირურგიის კურსი პრაქტიკოსი ექიმებისთვის; “ITOP” ‒ ტრენინგი პირის ღრუს ინდივიდუალური ჰიგიენის შესახებ; „ლორწოვანი დაავადებების მენეჯმენტი“; „პერიო და ორთოპედიის კავშირი“; „ეფექტიანი კომუნიკაცია პაციენტებთან“; „შინირება პაროდონტოლოგიაში“ და სხვა.
რაც შეეხება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ პროექტებს, ესენი გახლავთ „მე ვიხეხავ კბილებს“ ‒ ინდივიდუალური ჰიგიენის გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისთვის; „პერიობლოგი“ ‒ ონლაინ პლატფორმა საჯარო ინფორმაციისთვის; „ჯანმრთელი ღრძილის დღე“ ‒ საჯარო აქტივობა; უფასო ლექციები სტუდენტებისთვის და ასე შემდეგ.
„ყველა პროექტი, რომელსაც ვგეგმავთ, არის ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული. მათ შორის გამოვყოფდი პროექტს „მე ვიხეხავ კბილებს“, რომლის მიზანია ბავშვებს ვასწავლოთ როგორ მოუარონ პირის ღრუს, როგორ გაიხეხონ კბილები სწორად, რაც პრევენციაა, რომ მომავალში პაროდონტიტი არ განუვითარდეთ. ეს დიდი იდეის დასაწყისია. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებმა მიაღწიეს იმას, რომ იქ კარიესის დონე, ფაქტობრივად, ნულამდეა დაყვანილი. ზუსტად იმიტომ, რომ განათლებას საფუძველი ადრეული ასაკიდან ჩაუყარეს. მიმაჩნია, რომ ჩვენც შეგვიძლია სკანდინავიის ქვეყნებს დავეწიოთ“, – თათია ქოჩლაძე.
პროექტი სკოლის მოსწავლეებთან კომუნიკაციის გარდა, მათი მშობლების ჩართულობასაც ითვალისწინებს. GEOPERIO მათთვის ონლაინ-ვებინარებს აწყობს, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტები მშობლებს უხსნიან მცირეწლოვანი ბავშვების პირის ღრუს მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებს და ასევე აწვდიან ინფორმაციას ორსულობის დროს კბილებზე ზრუნვასთან დაკავშირებითაც.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად „ჯანმრთელი ღრძილის დღე“, რომელიც ყოველწლიურად 12 მაისს ეწყობა. ამ დღეს GEOPERIO ცდილობს კამპანიაში ცნობილი სახეები ჩართოს და მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია გაავრცელოს ჯანმრთელობის შენარჩუნების გზებზე. 12 მაისს მოქალაქეებს, პირდაპირ ქუჩაში, ექიმებთან კონსულტაციის გავლის შესაძლებლობაც ეძლევათ.
პაციენტების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება GEOPERIO-ს კიდევ ერთი პროექტი „პერიობლოგი“, სადაც პერმანენტულად ხდება მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე საჭირო ინფორმაციის განთავსება. „პერიობლოგი“ გასწავლით როდის უნდა მიმართოთ პაროდონტოლოგს. აქვე ნახავთ პერიოტესტსაც, პერსონალური მონაცემების შევსების შემდეგ კი ზუსტად გეცოდინებათ, როდის გჭირდებათ სპეციალისტთან ვიზიტი.
„ბოლო ორი წელია, ყველაზე დიდი როლი ენიჭება სოციალურ მედიას. ჩვენი სათავო ოფისი ძალიან დიდ თანხებს დებს ვიზუალურ ნაწილში, მზადდება სპეციალური ანიმეები. სათაო ოფისის მიერ მომზადებული მასალა ითარგმნება ყველა წევრი ქვეყნის ენაზე, მათ შორის, ქართულად, ხელმისაწვდომია პოპულარულ სოციალურ არხებზე. მოკლე ვიდეოებს დღეს ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს“, – ლალი ქოჩიაშვილი.
GEOPERIO-ს მნიშვნელოვან პროექტებზე საუბარი არ დაგვისრულებია. ორგანიზაციის ახლანდელი პრეზიდენტის ახალი წამოწყებაა „პერიო ჰაბი“ ‒ ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა ექიმებისთვის. Periohub.ge-ს მეშვეობით სტომატოლოგებს საშუალება აქვთ თეორიული პერიო კურსები ონლაინ გაიარონ. GEOPERIO-ს ეს იდეა პანდემიის დროს გაუჩნდა, მაშინ, როცა ბევრი ახალი ონლაინ კურსი გამოცხადდა. ქართულმა ასოციაციამ საკუთარი სატრენინგო და სალექციო მასალების გაციფრულება დაიწყო, მოკლე და გასაგები ვიდეოლექციების სახით, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს დისტანციურად მიიღონ ცოდნა, ეს კი ხელმისაწვდომს ხდის ინფორმაციას რეგიონებში მყოფი ექიმებისთვისაც და ასევე გამოსავალია ისეთი პრაქტიკოსი ექიმებისთვისაც, რომლებსაც დიდი მოცულობის სამეცნიერო ლიტერატურის კითხვის დრო არ აქვთ.
„Periohub.ge-ზე ვათავსებთ მოკლე და დიდი მოცულობის ვიდეოგაკვეთილებს სხვადასხვა თემაზე, იქნება ეს ქირურგიული პაროდონტოლოგია, პაროდონტოლოგიისა და ორთოპედიის კავშირი, კონსერვატორული პაროდონტოლოგია და თუ სხვა“, – თათია ქოჩლაძე.
GEOPERIO ქართველ ექიმებს საშუალებას აძლევს ცოდნა საზღვარგარეთაც მიიღონ. პირველი ასეთი გასვლა 2015 წელს, ლონდონში EUROPERIO8-ზე მოეწყო, რის შემდეგაც მან ყოველწლიური ხასიათი მიიღო.
და, რა თქმა უნდა, „პერიო თბილისი!“ ეს ექიმების ყველაზე მასშტაბური კონგრესია, რომელსაც GEOPERIO ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. „პერიო თბილისი 2023“ წელს 23-25 ნოემბერს გაიმართება.
„2023 წლის კონგრესში ექვსი უცხოელი სპიკერი მიიღებს მონაწილეობას. გვექნება ძალიან დატვირთული განრიგი. ღონისძიება მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. ექიმები კონგრესიდან წაიღებენ უახლოეს ინფორმაციას იმ სიახლეების შესახებ, რაც სხვადასხვა მიმართულებით იგეგმება როგორც ქირურგიულ, ისე კონსერვატორულ პაროდონტოლოგიაში. კონგრესი ითვალისწინებს მასტერკლასებსაც. მიმაჩნია, რომ „პერიო თბილისი 2023“ ცოდნის გაზიარების კარგი საშუალებაა“, – თათია ქოჩლაძე.
„პერიო თბილისი“ განვლილი ორი წლის ერთგვარი შეჯამებაა. ღონისძიების პირველი დღე ეთმობა პაროდონტიტის კავშირს სხვადასხვა ზოგად დაავადებასთან. ექიმებს იმ სიახლეებს გავაცნობთ, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მოხდა და შესაბამის მასალებს მათ თან გავატანთ. მეორე დღე უცხოელი სპიკერების ლექციების დღეა, ხოლო მესამე დღე პრაქტიკულ მუშაობას დაეთმობა. ექიმებს ექნებათ შესაძლებლობა, მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ, თავიანთი ხელით იმუშაონ. ეს კარგი სტარტია, რათა ექიმებმა ყოველდღიურ საქმიანობაში ცვლილებები შეიტანონ. ამას გარდა, ვგეგმავთ უცხოელ კოლეგებთან არაოფიციალურ შეხვედრებსაც“, – ლალი ქოჩიაშვილი.
ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციაში გაწევრიანების შემდეგ GEOPERIO-მ ევროპული პროექტების საქართველოში ინტეგრაცია დაიწყო. ბუნებრივია, რომ 1991 წელს დაფუძნებულ ორგანიზაციას ბევრი საინტერესო კვლევა და ანალიზი აქვს ჩატარებული იმის თაობაზე, თუ რა კავშირი აქვს დიაბეტსა და პაროდონტიტს, კარდიოლოგიასა და პაროდონტიტს, ორსულობასა და პაროდონტიტს.
„შევქმენით პროექტები ზუსტად იგივე სახელწოდებით. ამ პროექტების ინტეგრაცია კარგ საშუალებად იქცა ენდოკრინოლოგებთან, კარდიოლოგებთან, პედიატრებთან, ონკოლოგებთან, გინეკოლოგებთან კომუნიკაციის დასამყარებლად. მათი პროფესიული ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან პირის ღრუში არსებული პრობლემები პირდაპირ აისახება ადამიანის ორგანიზმზე. შესაბამისად სტომატოლოგიასთან ამ პროფესიების გაერთიანება ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი იყო. თავად პროცესი საკმაოდ რთული გამოდგა, კოლეგებს ვაცნობდით კლინიკურ შედეგებს, ვუყვებოდით თანამედროვე გაიდლაინებზე. ვუხსნიდით, რომ ადამიანების ფსიქოლოგიის შეცვლა გვიწევს, რათა კარგი შედეგები დავდოთ“, – თათია როხვაძე.
„თათიამ ამ კომპლექსური პროცესის შესახებ საკმაოდ მარტივად მოგიყვათ. გზა გაცილებით რთული იყო. ძნელია, როცა შეთანხმებულ და უკვე დაგეგმილ კონფერენციაზე ექიმი არ მოდის იმ მარტივი მიზეზით, რომ სხვა საქმე გამოუჩნდა. ამ დროს ჩვენ დავხარჯეთ ჩვენი დრო და რესურსი, მოვემზადეთ მაგალითად, 5 ონკოლოგთან შესახვედრად და ხუთივე მათგანი ბოლო წუთს უარს ამბობს. მე საქმის მიმართ ასეთი მიდგომა არ მესმის, ეს არ არის ევროპული ღირებულებები, მე კი მიმაჩნია, რომ საქმე ევროპული სტანდარტების შესაბამისად უნდა ვაკეთოთ. ჩვენ ვართ ევროპა ‒ ჩვენი ტვინით, მუშაობის სტილით, ჩვენი მიზნებით“, – ლალი ქოჩიაშვილი.
GEOPERIO-ს მმართველობის სტილი დემოკრატიულ მიდგომებს ეფუძნება. ორგანიზაციის ბორდის განახლება 2 წელიწადში ერთხელ ხდება, ბორდის ახალ წევრებს ხმათა უმრავლესობით ირჩევენ. თათია ქოჩლაძის ბორდში ქალები ჭარბობენ, ეს პაროდონტოლოგიის მიმართ ინტერესიდან გამომდინარეობს.
„დღევანდელი რეალობა აჩვენებს, რომ ქალები უფრო მეტად არიან დაინტერესებული პაროდონტოლოგიით. ვფიქრობ, რომ GEOPERIO ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ორგანიზაციაა, სადაც ყველას აზრს მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის ვეხმარებით ერთმანეთს განვითარებაში, ორგანიზაციაში ფუნქცია-მოვალეობები გადანაწილებული გვაქვს და GEOPERIO-ს კარი დღეს ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის“, – თათია ქოჩლაძე.
„მინდა აღვნიშნო GEOPERIPO“-ს საორგანიზაციო ჯგუფის, მენტორების, ბორდის წევრების და პროექტების ხელმძღვანელების ფასდაუდებელი შრომის შესახებ. ისინი საუკეთესო ექიმები არიან და ზრუნავენ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ კოლეგების განვითარებაზეც“, – ლალი ქოჩიაშვილი.
სტატიის დასაწყისში ვწერდი, რომ GEOPERIO-ს დიდი მიზნები აქვს. ორგანიზაციის გეგმაა მიაღწიოს იმას, რომ რომ საქართველოში პაროდონტოლოგია ცალკე აღიარებული და აკრედიტებული პროფესია გახდეს. ამისთვის ასოციაციას უკვე მზად აქვს სამწლიანი პროგრამა. ლალის, თათიას და თათიას დიდი სურვილია პროგრამა სახელმწიფომ დაამტკიცოს და შეიქმნას აკრედიტებული ბაზები. ეს კი სტუდენტს საშუალებას მისცემს ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ ვიწრო სპეციალიზაციით პაროდონტოლოგია აირჩიოს და სამწლიანი სწავლება გაიაროს.
„ეს იქნება ძალიან კარგი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოში ამ დარგის განვითარებისთვის. ასეა ევროპაში, აშშ-ში, კანადაში“, – ლალი ქოჩიაშვილი.
ეს ყველაფერი არ არის, რასაც GEOPERIO აკეთებს, მაგრამ ალბათ საკმარისია შრომის იმ მასშტაბების აღსაქმელად, რომელსაც საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია ყოველდღიურად ეწევა. ამ ყველაფრის პარალელურად, ლალი ქოჩიაშვილი, თათია როხვაძე და თათია ქოჩლაძე პრაქტიკულ საქმიანობასაც ეწევიან და პაციენტებს კვირაში 5 დღის განმავლობაში ემსახურებიან.