ბანკი „ფინანსური შუამავალია“, რომელიც აკავშირებს იმ ადამიანებს, რომელთაც ფულის სესხება სჭირდებათ, იმათთან ვისაც აქვთ ეს ფული და მისი ანაბარზე შენახვა ან გასესხება და საპროცენტო განაკვეთის საშუალებით კიდევ მეტი ფულის შოვნა სურთ. ლიკვიდობა კი არის ბანკების უნარი მათ განკარგულებაში არსებული აქტივები(ანაბრები, დეპოზიტები, სხვადასხვა ანგარიშები) ნაღდ ფულად აქციონ. მაგალითად, თუ ერთდროულად ბევრ მომხმარებელს მოუნდა ბანკის ანგარიშებზე არსებული ფულის გამოტანა, ლიკვიდობის მაჩვენელი განსაზღვრავს ბანკების მიერ მათთვის ამ ფულის მიწოდების უნარს.
ფინანსური კრიზისების დროს ადამიანების ხარჯები იზრდება, მათ მეტად სჭირდებათ ის ფული რაც უკვე უდევთ ანგარიშებზე და აღარ აქვთ უნარი ეს ფული გაასესხონ. შესაბამისად, იზრდება ბანკებიდან ფულის გადინების მაჩვენებელი, შემოდინების კი მცირდება და ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანი ხდება ამ შემოდინება-გადინების ბალანსის დარეგულირება და ბანკის ლიკვიდურობის შენარჩუნება, რათა თავიდან ავიცილოთ ბანკების გაკოტრება და შესაბამისად, შეუფერხებლად უზრუნველვყოთ ხალხისთვის მათი კუთვნილი ფულის მიწოდება/დაბრუნება.
ამ ფინანსური მარეგულირებლის ფუნქცია ცენტრალურ ბანკს ანუ საქართველოს ეროვნულ ბანკს ეკისრება. კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა ნაღდ ფულზე, კერძოდ კი ეროვნულ ვალუტაზე – ლარზე. მოთხოვნა გაიზარდა როგორც ფიზიკური პირებისა და კომპანიების მხრიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდანაც, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტი აქტიურად იხარჯება პანდემიაზე რეაგირებისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად. ფულის ასეთი აქტიური გადინების ფონზე, ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მომხმარებლებს სამი თვით გადაუვადეს ვალდებულებები, რითიც დამატებით შემცირდა ფულის შემოდინებაც. შედეგად, გაიზარდა ლიკვიდურობის რისკი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საპროცენტო განაკვეთების გაზრდა(რაც უფრო მაღალია გასესხებული ფულის ვერ დაბრუნების რისკი, მით უფრო მაღალ განაკვეთს ითხოვს გამსესხებელი ამ რისკის ასანაზღაურებლად) და შესაბამისად შეიძლება შეფერხდეს კრედიტების გაცემის პროცესიც.
შექმნილი ვითარების გამო ეროვნულმა ბანკმა გადადგა გარკვეული ნაბიჯები მის ხელთ არსებული ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტებით ლიკვიდურ სახსრებზე გაზრდილი მოთხოვნის დასარეგულირებლად და დაკრედიტების პროცესის ხელშესაწყობად.
ლიკვიდურობის მხარდასაჭერად განკუთვნილი ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია სავალუტო სვოპ ოპერაციები. ვინაიდან სისტემას აქვს უცხოური ვალუტის ჭარბი ლიკვიდობა და გაზრდილია მხოლოდ ლარის ლიკვიდობის რისკი, სვოპ ოპერაციების მეშვეობით ეროვნული ბანკი საფინანსო ორგანიზაციებს და კომერციულ ბანკებს ლარს გარკვეული დროით ფაქტობრივად უცვლის უცხოურ ვალუტაში. შედეგად, მათ უჩნდებათ ლარის შემოდინების დამატებითი წყარო და ლარზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
ამავდროულად, სებ-მა გუშინ ლარის ლიკვიდობის უზრუნველსაყოფად ბანკებს დამატებით უცხოურ ვალუტაში არსებული ბუფერების გამოყენების უფლება მისცა. კაპიტალის ბუფერები არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ეროვნული ბანკი ავალდებულებს კომერციულ ბანკებს მათ მიმოქცევაში არსებული კაპიტალის რაღაც ნაწილი შეინახონ, რათა გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში შეძლონ ლიკვიდურობის უზრუნველყოფა. ვინაიდან ბანკებს ამჟამად საკმარისი რაოდენობით აქვთ უცხოური ვალუტა, მათ მიეცათ საშუალება ეს ვალუტა ლარში გადაცვალონ და ლარზე გაზრდილი მოთხოვნა დააკმაყოფილონ.
ეროვნული ბანკი იმედოვნებს, რომ ეს ღონისძიებები ლარის ლიკვიდობის მართვის პროცესზე დადებითად აისახება და ლიკვიდობის შემცირებული რისკის შედეგად, შემცირდება ლარის გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთებიც და შეუფერხებლად წარიმართება დაკრედიტების პროცესიც.